„ამ ხელისუფლების პირობებში რეკომენდაციების შესრულების მოლოდინი არ მაქვს“

ირინა მაკარიძე
8 ნოემბერს, თბილისის დროით 15 საათზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველ ხალხს. ამასთან, ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს დათქმით, რომ ქვეყანა რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო _ 27 წევრი ქვეყანა 15 დეკემბერს მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.

რას ითვალისწინებს ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომელიც დაემატა უკვე არსებულ რეკომენდაციებს და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებით რა იცვლება საქართველოსთვის? საქართველოს ევროინტეგრაციის კვალდაკვალ იზრდება თუ არა საფრთხეები რუსეთიდან? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი:

_ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულებები, რომელიც 12 რეკომენდაციით ნაკისრი გვქონდა და რომელიც არ შესრულებულა, ის არ ჩაიკარგა და ისევ რჩება შესასრულებლად. რეკომენდაციები აუცილებლად უნდა შესრულდეს, ეს ეხება მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარებას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, იმ სისხლის სამართლის დანაშაულების გამოძიება, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელდა, ვგულისხმობ 5-6 ივლისის, 7-9 მარტის მოვლენებს. რა თქმა უნდა, დარჩა დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანტიკორუფციული ბიურო, უწყება, რომელიც შეიქმნა, ხელისუფლებისგან თავისუფალი იყოს და არა ისე, როგორც ახლა არის, პრემიერის დაქვემდებარებაში. არ ხედავს ასე ევროკავშირი და ევროკომისია, როგორც ცდილობს ხელისუფლება წარმოაჩინოს, რომ თითქოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ახალი ვალდებულებით, იმ ინსტიტუციების ჩამონათვალს, რომლის დამოუკიდებელი ფუნქციონირებაც სასიცოცხლოდ აუცილებელია, დაემატა ეროვნული ბანკიც. გარდა ამისა, არსებულ რეკომენდაციებს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხები დაემატა. ამ თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს ღიად, გამჭვირვალედ და თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში, რომ პოლარიზებამ არათუ იმატოს არჩევნების მოახლოებასთან ერთად, არამედ პირიქით, ყველამ, განსაკუთრებით ხელისუფლებამ, გადადგას ნაბიჯები იმ მიმართულებით, რომ საქართველოში პოლარიზაცია მაქსიმალურად შემცირდეს. მნიშვნელოვანია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლის შესახებ და ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოების შესახებ.
_ რამდენად მოსალოდნელია ხელისუფლების პირობებში ამ რეკომენდაციების შესრულება?
_ სიმართლე გითხრათ, ამის მოლოდინი არ მაქვს. ხელისუფლებისგან ამის პოლიტიკური ნების გამოვლინების ნიშანწყალიც არ ჩანს, არ მაქვს განცდა იმისა, რომ დეპოლარიზაცია მოხდება. არავინ სთხოვს და არც არის საჭირო, რომ სხვადასხვა მხარეს მყოფი პოლიტიკოსები განსაკუთრებულად დამთბარი და დამტკბარი იყვნენ ერთმანეთან, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვხედავდით ბოლო პერიოდის განმავლობაში, და წლებია უკვე ეს გრძელდება, კიდევ უფრო მატულობს. ნაცვლად იმისა, რომ დაიკლოს ამ ტემპერატურამ, მგონია, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ეს კიდევ უფრო მოიმატებს.
_ ევროკომისიაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების რიტორიკაშიც მოხდა მცირეოდენი ცვლილება და მათ განცხადებებში გაჩნდა ფრაზები ხალხის დამსახურების შესახებ. რას უკავშირებთ ამას და მოუწევთ თუ არა მათ სხვა დათმობებზე წასვლაც?
_ მე ასე არ მომეჩვენა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსხვავებულად შეაფასა. მან თქვა, რომ ეს არის საქართველოს მთავრობისა და ასევე არ დაეზარა და აღნიშნა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. მას გადაუხადა მადლობა, რომ მისი დამსახურებითა და ძალისხმევით შეძლო საქართველომ ეს უდიდესი წინსვლა. მე არ აღმიქვამს მათი რეაქციებიდან, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ მიიწერს საკუთარ თავზე ამ მიღწეულ შედეგს. უფრო სხვა განცდა გამიჩნდა მათი შემხედვარე _ როგორი განწყობაც იყო საზოგადოებაში, როგორი გახარებულებიც იყვნენ საზოგადოების ყველა მხარეს, ასეთი განწყობები ვერ შევნიშნე საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გამოსვლებში.
_ იყო ასეთი მოსაზრებებიც, რომ ამით არაფერი იცვლება, ახლა გადავა საქართველო იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც არის უკრაინა და მოლდოვა… ამის საპასუხოდ რას იტყვით? რა იცვლება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ?
_ მე მივეკუთვნები ადამიანების იმ ჯგუფს, რომელიც მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ კანდიდატის სტატუსი დარჩება წოდებად, თუ არ განხორციელდება რეალურად რეფორმები. კანდიდატის სტატუსიდან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილებამდე ვიდრე მივალთ, საქართველომ უნდა განახორციელოს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი რეფორმები, ის რაც ჩამოვთვალეთ. თუ ამას არ განახორციელებს, მოლაპარაკება არ დაიწყება. ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ევროპული კომისია და ევროპული საბჭო. შესაბამისად, ყველაზე რთული, ყველაზე მთავარი, შრომატევადი და მოლაპარაკებებით აღსავსე პროცესი იწყება, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის თაობაზე, რაც გაკეთდა უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით. ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი, რომ კონკრეტული ვალდებულებებისა და პირობების შესრულების შემთხვევაში, მათაც მიეცეთ შესაძლებლობა, 2024 წლის მარტში დაიწყონ მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება ორი მიზეზით იყო მიღებული, ჩემი აზრით, და თვითონაც არ მალავენ, რომ ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტად არ აეღო გეზი რუსეთის მიმართულებით. მეორე _ რომ არ გაზრდილიყო ნაპრალი, ერთი მხრივ, ჩვენსა და, მეორე მხრივ, უკრაინასა და მოლდოვას შორის. არ მგონია, რომ ვინმეს განსაკუთრებული მოლოდინი და იმედი ჰქონდეს ან ხელისუფლებაში, ან ოპოზიციასა და საზოგადოებაში, ან საერთაშორისო თანამეგობრობაში, რომ ახლა ხელისუფლება „მკლავებს დაიკაპიწებს“ და ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად დაიწყებს ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რომელიც აუცილებელია, რომ უკეთესი სახელმწიფო გავხდეთ. ამ რეკომენდაციების შესრულება ხომ, პირველ რიგში, იმისთვის არის საჭირო, რომ ჩვენ აქ გვქონდეს უკეთესი პირობები, უკეთესი ქვეყანა, უკეთესი სახელმწიფო? ამის შესრულება ხომ იმისთვის არ გვჭირდება, რომ თავი მოვაწონოთ რომელიმე ევროკომისარს ან ევროჩინოსანს? ამისთვის არ კეთდება ეს. ეს კეთდება ჩვენი ყოფის გასაუმჯობესებლად და ცხოვრების სტანდარტების ასამაღლებლად.
ახალ რეკომენდაციებში დამატებულია საკითხი, რომ უნდა გაიზარდოს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში პოლიტიკის თანხვედრა. ამის დამატება საჭირო გახდა, რადგან ძალიან ცუდ ნიშნულამდე დაეცა გააზრება და გაზიარება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. რეალურად, კრიტიკულ აცდენაში მიდის უკვე.
_ როდესაც საქართველო სერიოზულ ნაბიჯებს დგამს რუსული სივრციდან თავის დასაღწევად, ამას, როგორც წესი, თან სდევს რუსეთის რეაქციები. გამოითქმებოდა მოსაზრებები, რომ რამდენიმე დღის წინ რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა ამ გადაწყვეტილებასაც უკავშირდებოდა. მოსალოდნელია თუ არა ამ ტიპის საფრთხეების გაზრდა?
_ ნამდვილად! სამწუხაროდ, ეს პრობლემა ჩვენ წინაშე კიდევ უფრო მძაფრად დადგება. ევროპული კავშირის სტანდარტების მქონე ქვეყანა არ აწყობს რეალურად მის საზღვართან რუსეთის ფედერაციას. აქამდე მას ჰქონდა იმის განცდა, რომ არაფერი სერიოზული და განსაკუთრებული არ ხდებოდა ამ მიმართულებით, ახლა ისინი ხედავენ, რომ შემდეგ საფეხურზეც გადავედით და ახლა თუ ეს რეფორმები განხორციელდა სინამდვილეში, და თუ ახლა არა, მერე აუცილებლად განხორციელდება, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, მის საზღვართან კიდევ ერთი, სრულიად განსხვავებული, ცივილიზებული, დემოკრატიული სახელმწიფოს წარმოჩენის შესაძლებლობა ჩნდება. რუსეთს თავისი მმართველობის სტილიდან გამომდინარე, სისტემით, თავისი ავტოკრატიული, ხშირად ტერორისტული გამოვლინებებით, ნამდვილად არ აწყობს, რომ მის საზღვრებთან იყოს ასეთი სახელმწიფო. ვერ იტანს, ვერ ჰგუობს ის, უბრალოდ, ამას.
_ რა ტიპის ქმედებებს შეიძლება ველოდოთ რუსეთის მხრიდან?
_ ეს სპექტრი ძალიან დიდია, ნებისმიერი ტიპის ინსტრუმენტი შეიძლება იყოს გამოყენებული.
_ რამდენად ზრდის ამ საფრთხეებს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის განთავსება, სამხედრო აეროპორტის განახლება?
_ ძალიან სერიოზულად. კი არის საუბარი, რომ სხვადასხვა წყალწყვის გემების იქ განთავსება არ მოხდება და ვერ მოხდება, იმიტომ რომ არ არის საკმარისი სიღრმე, მაგრამ სხვა კატეგორიის გემებიც რომ გადამალონ, როგორც ცნობილია, ყირიმში ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა რუსეთისთვის საკუთარი შავი ზღვის ფლოტის შენარჩუნება, ისინი გახდებიან ძალიან ლეგიტიმური სამიზნეები უკრაინისთვის. შესაბამისად, მათი მხრიდან ეს ყველაფერი იქნება სერიოზულად გათვლილი, აწონილ-დაწონილი და ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ შეიძლება გავხდეთ იმის მოწმე, რომ ოჩამჩირის პორტში რუსული გემი განადგურდეს. მეორე _ აფხაზეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ასევე ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჩვენთვის. რაც უფრო მეტი ინტეგრაცია ხდება ინფრასტრუქტურულად აფხაზეთის რუსეთთან, რაც უფრო მეტად, იზრდება რუსეთის როლი აფხაზეთის ყოფაში, მით უფრო რთული და პრობლემური ხდება შემდგომ თავად აფხაზებისთვის ამ წნეხისგან განთავისუფლება. მით უფრო რთული იქნება საქართველოსთვისაც იქიდან რუსული გავლენების აღმოფხვრა და ამოძირკვა, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ უკრაინამ შეძლოს, მიიღოს სათანადო შეიარაღება და სწრაფად დაამარცხოს რუსეთი.