ამოცანა _ ნუ მოკლავთ ჩვენს შვილებს

ტრაგედიისგან გამოწვეულ ემოციებზე ბევრი რამ დაწერილა და თქმულა. ზოგიერთნი ამბობენ, რომ ტრაგედია გონებას ბინდავს და ადეკვატურობას აკარგვინებს ადამიანებს, ან ადამიანთა ცალკეულ ჯგუფებს, სხვები კი ამტკიცებენ, რომ ტრაგედია აერთიანებს და სწორი მიზნის დასახვაში ეხმარება. სავარაუდოდ, ერთნიც მართლები არიან და მეორენიც, რადგან ერთის მაგალითებიც არსებობს ისტორიაში, ლიტერატურაში თუ ჩვენს ირგვლივ და მეორისაც.

სამი ახალგაზრდის მკვლელობამ, მათ შორის, ორის დედქალაქის პრესტიჟულ უბანში და ერთის ქვეყნის პერიფერიაში საზოგადოებას პრობლემის განხილვისკენ უბიძა. მართალია, ამაზე ხაზგასმა არ მომხდარა, მაგრამ ნამდვილად მოინდომა ყველა მედიაგამოცემამ თუ მაუწყებელმა პრობლემის უკეთ წარმოსაჩენად, რომელსაც თუ ძალიან გავამარტივებთ, შეგვიძლია ვუწოდოთ _ ბავშვი.
რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, პრობლემის განხილვისას ნამდვილად ვერ დავინახეთ გლობალური და კონცეპტუალური ხედვა და ისევ და ისევ ცნობილი სამკუთრედის „გვერდებზე“ მოგვიწია სიარული _ სკოლა, ოჯახი საზოგადოება.
დიახ, პრობლემის შემადგენელი ნაწილი ნამდვილად არის ეს „სამკუთხედი“, მაგრამ ვერავის დავეთანხმები, რომ ამ „სამკუთხედის“ მოცემულობის გააზრება პრობლემას მოაგვარებს. „სამკუთხედი“ რომ ყოფილიყო პრობლემა, ის ამდენი ხანი მოგვარდებოდა, რადგან მის თითოეულ გვერდზე ცალ-ცალკე და ერთთად უამრავი დაწერილა და თქმულა. პრობლემის გადაჭრისა თუ გადაწყვეტის სათავე არის სახელმწიფო და არა რომელიმე მისი კომპონენტი.
სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ბავშვთა უფლებების არათუ დაცვას, არამედ მისი, როგორც მოქალაქის კონსტიტუციურად გარანტირებულ _ სიცოცხლის უფლებას. რაოდენ ცუდი და მტკივნეული მოსასმენიც არ უნდა იყოს, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც ვერ ათვითცნობიერებს ბავშვის როლს საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების ასპექტში. შესაბამისად, ბავშვი, როგორც პიროვნება და ფენომენი, მახინჯი დამოკიდებულების შედეგად არასწორად ვითარდება, რაც გავლენას ტოვებს მისი პიროვნებად ფორმირების პროცესზე.
მშობლებმა ზუსტად იციან, რა სურვილები აქვთ ბავშვებთან დაკავშირებით და სრულიად გაუთვითცნობიერებლად ცდილობენ, ბავშვი ისე გაზარდონ, როგორც მათ სურთ. ამ პროცესში მშობლებს, ფაქტობრივად, ავიწყდებათ, რომ მათ საქმე აქვთ ინდივიდთან და არა მარიონეტთან. დიახ, ქართველი მშობლების უმეტესობა ბავშვებს მარიონეტებად და საკუთარი სურვილების შემსრულებლებად ზრდის. ეს პროცესი იმდენად მახინჯი და ძალადობრივი, მაგრამ, ამავდროულად, ტრადიციაზე აპელირებადია, რომ მის შეცვლასა და პრობლემის არსში ჩაღრმავებას არავინ ცდილობს.
რას ჰქვია, არ ჭამს?! რას ჰქვია, არ მღერის?! რას ჰქვია, არ ცეკვავს?! რას ჰქვია, არ სწავლობს?! რას ჰქვია, ენა შემომიბრუნა?! რას ჰქვია, არ გააკეთა, რაც დავუბარე?! და ა. შ. ბავშვთა აღზრდის ყოველდღიურ და ჩვეულებრივ, შეგვიძლია ვთქვათ, ყოფით ნორმად იქცა. ამ დროს მშობელი ვერ ათვითცნობიერებს, რომ ბავშვში კლავს ინდივიდს, პიროვნებას, თავისუფალ არსებას და მასში ნეგატიური ემოციების დაგროვებას უწყობს ხელს. ეს ემოციები სად და როდის ამოიფრქვევა, ამაზე „წესრიგისა თუ წესების“ დამდგენ-მოყვარული მშობელი არ ფიქრობს. მეორე და მნიშვნელოვანი მომენტია ბავშვთა თავნებობა, როდესაც მშობლები არ ახდენენ მათი ინდივიდუალური ნეგატიური ემოციების კორექციას.
ცალკე საკითხია მასწავლებელი. თავი დავანებოთ მათ სოციალურ გარანტიებზე საუბარს, რომელიც არასაკმარისია, მაგრამ არც იმდენად, რომ მოტივაცია არ ჰქონდეთ, სათანადოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი მათგანი წლიდან წლამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე, არასათანადო ცოდნის დასაფარად პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის ქცეული. დიახ, ჩირგვებში თავის დამალვას დაემსგავსება იმის არაღიარება, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ დაბალი კვალიფიკაციის მასწავლებლები და მეტიც: ჩვენ გვყავს ძალიან ცოტა პედაგოგი. მასწავლებელთა უმეტესობას დაღად ატყვია 90-იანი წლების ქართული უმაღლესი სკოლის განათლების სისტემა თუ უსისტემობა, მაგრამ ეს ვერანაირად ამართლებს შედეგს, რომელსაც ვიღებთ _ არასათანადო განათლების მქონე თაობები. მასწავლებლებზე საუბრისას ყველაზე სამწუხაროა, როდესაც მათი უმეტესობა აპელირებს შეზღუდულ უფლებებზე _ მარტივ ენაზე რომ ვთქვა, მოსწავლის ყურის აწევის აკრძალვის დაწესებაზე. ეს გარემოება ნათლად მეტყველებს მათი მხრიდან პრობლემის გაუთვიცნობიერებლობაზე და საკუთარი უცოდინარობის, ანუ ცოტა მძიმედ რომ ვთქვა, არაპროფესიონალიზმის მიჩქმალვის მცდელობაზე.
ეს ძალიან მოკლედ სამკუთხედის ორ კომპონენტზე. პირადად მე _ საზოგადოებას _ კომპონენტად არ ვაღიარებ, რადგანაც მან საერთოდ არ იცის, რა უნდა ამ სამკუთხედში, იმის გარდა, რომ სიტუაციების მიხედვით ხან აღშფოთდეს, ხან გაიბადროს. საზოგადოების წევრის _ ინდივიდის დონეზე კი ცხადდება, რომ პრობლემა არის საზოგადოებაშიც, მაგრამ მასზე მსჯელობა, კონკრეტული პასუხისმგებლობის დაკისრება ან იმდენად ამორფულია, რომ ვერც ვერაფერს მიხვდები ადამიანი, ან იმდენად დატვირთულია ვალდებულებებით, რომ სასაცილოც კი არის, ვინმემ ამ „პრობლემისთვის“ მოიცალოს. მით უფრო, რომ საზოგადოება თავისთავად არ არის ერთფეროვანი და საზოგადოების ჯგუფებს მუდამ სხვადასხვა ინტერესი აქვთ ცალკეულ საკითხებზე. კოლექტიური პასუხისმგებლობა კი ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა. შესაბამისად, როგორ შეიძლება ამორფული ცნება _ საზოგადოება, რამეზე იყოს პასუხისმგებელი და ვალდებულება ჰქონდეს, გაუგებარია.
ახლა კი სახელმწიფოს დავუბრუნდეთ და ამ ჭრილში დავინახოთ პრობლემა.
ადამიანებმა, რომლებიც სახელმწიფოს მართავენ და ზოგადად ყველამ _ სახელმწიფოს მოქალაქეებმა, პრობლემა რეალობიდან გამომდინარე _ პერსპექტივაში უნდა განვიხილოთ.
და რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვზე, მოზარდზე, სწორედ მასზე უნდა აეგოს სტრატეგია და აღზრდა-განათლების მეთოდოლოგია მისი რეალიზების ტაქტიკად უნდა იქცეს.
21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. ჩვენ თვალწინ მიმდინარე ტექნოლოგიური პროგრესი სრულიად თვალნათელია. მეცნიერები უკვე ხელოვნურ ინტელექტზე არათუ მუშაობენ, მისი ტესტირების პროცესში არიან.
ამის პარალელურად დავაკვირდეთ ჩვენს ბავშვებს, თუ რა ინფორმაციებს ფლობენ ისინი ტექნოლოგიებში, რამდენად სხარტად აზროვნებენ და რა უცებ იღებენ გადაწყვეტილებებს, თითქოს, ელემენტარულ ვითარებაში, რომელთა გააზრება მათ ასაკში ჩვენთვის წარმოუდგენელიც იყო.
დავაკვირდეთ იმასაც, რომ ჩვენ ძნელად ვეწევით მათ აზროვნებას, ისევე როგორც მათ უჭირთ ჩვენ მიერ მათთვის დასახული ამოცანების გადაწყვეტა ცალკეულ შემთხვევაში. რატომ? იმიტომ, რომ მათთვის ხშირად გაუგებარია ჩვენი ენა, გაუგებარია, რატომ ვსვამთ ელემენტარულ კითხვებს, რომლის პასუხი მათთვის ნათელია, მაგრამ რადგან მათ ჭკვიანებად და განათლებულებად მივაჩნივართ, მუდამ ეჭვობენ, _ იქნებ, რაიმე სირთულეა ჩვენ მიერ დასახულ ამოცანაში? შესაბამისად, ხშირად, ჩვენ თავად ვართ ცალკეული პრობლემის მაპროვოცირებლები, ვიდრე ისინი ამოცანების ვერამომხსნელი თაობა.
იქნებ, ამ ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, ჩვენი ბავშვების ინტელექტი ბევრად გამორჩეულია და თუ ამის რეალიზება ვერ ხდება, ეს არა მხოლოდ არასწორი აღზრდის, არამედ მისი განუვითარებლობისა და მახინჯი გამოყენების შედეგია.
თუ დავაკვირდებით ბავშვების საკმაოდ მნიშვნელოვან ჯგუფს, მათზე აშკარაა ოჯახის ნეგატიური, არასასურველი გავლენა. ვაღიაროთ, დიახაც, 90-იანი წლების გამოძახილად მივიჩნიოთ ის გარემოებაც, რომ მშობლების უმეტესი ნაწილი თავად არის გაუნათლებელი და ისინი ვერ აძლევენ საკუთარ შვილებს სათანადო მაგალითებს თუნდაც ინტელექტუალური თვალსაზრისით. ამ ბავშვებში ჩაბუდებული აგრესია მათი მშობლების აგრესიის ერთგვარ გაგრძელებასაც წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ცალკეულ პერიოდებში ისინი ამჟღავნებენ კაცთმოყვარეობის საუკეთესო მაგალითებს, რაც იმას მოწმობს, რომ მათ აქვთ სიკეთის, მეგობრობის, კომუნიკაციის მოთხოვნილება. მათთვის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სიკეთე სასიცოცხლო და ბუნებრივი მოთხოვნილებაა, ხოლო აგრესია შეძენილი, მაგრამ თვითდამკვიდრების პლატფორმა, სადაც ისინი თავს არაკომფორტულად გრძნობენ. შესაბამისად, ამ მიმართულების, ანუ სიკეთის არსებობის ფაზის განვითარება ინტელექტუალურ ბაზასთან ერთად ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ბავშვების სიბრაზე და აგრესია მეტწილად განპირობებულია მათი უსაქმურობით, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თუ ბავშვებს მუდამ ექნებათ კეთილი საწყისებით გაჯერებული საქმე, ჩვენ ისინი საკმაოდ ბევრჯერ გაგვაკვირვებენ.
საკითხის გააზრებისას და ბავშვებზე მსჯელობისას ვალდებულები ვართ, თვალი არ დავხუჭოთ წმინდა ქართულ პრობლემაზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა. ჩვენ ვზრდით ბავშვებს, ან, იქნებ, უფრო სწორად ნათქვამი იყოს _ ჩვენი ბავშვები იზრდებიან ქართული მოტივატორების გარეშე. შესაძლოა, ცალკეული პირებისთვის სადავოც კი იყოს ეს მოსაზრება და გლობალიზაციის ჭრილში ბავშვის ეროვნული აქცენტების გამოყოფა, მაგრამ გლობალიზაციის სწორი გამოხატულება სწორედ იდენტურობა და თვითმყოფადობაა. ამიტომ, ამ თემაზე _ გლობალიზაციის ფაქტორზე _ არ შევჩერდები, რომელიც წარმოდგენილ ფორმულაში უფრო მოკავშირეა, ვიდრე მოწინააღმდეგე და არსს დავუბრუნდები. ჩვენი ინტელექტუალი და კეთილი, ან, გნებავთ, აგრესიული ბავშვები იზრდებიან სამშობლოს, სახელმწიფოს განცდის, პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების აღქმის გარეშე. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამ პრობლემის გააზრებისას, მით უფრო სახელმწიფოებრივ ჭრილში, უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფოს მოკავშირე არ არის არც მშობელი და არც მასწავლებელი, რომელთაც თავად არ გააჩნიათ პასუხისმგებლობები და ბოლომდე არ აქვთ გათვითცნობიერებული ვალდებულებები.
როდესაც საკითხი ეხება კონკრეტულად ბავშვის კეთილდღეობასა და მშობლის ამბიციას, ბავშვები აკეთებენ და აღწევენ წარმოუდგენელ შედეგებს _ პოზიტიურს თუ ნეგატიურს, არ აქვს მნიშვნელობა. მაგალითისთვის: არ აქვთ მუსიკალური სმენა და მღერიან, სხეული არ უწყობთ ხელს და ცეკვავენ, საკმარისად არ იციან საგანი და მონაწილეობენ კონკურსებში, ავიწყდებათ, მაგრამ ყვებიან ლექსებს, ეზარებათ, მაგრამ თამაშობენ ფეხბუთს თუ დაკავებულნი არიან სპორტის სხვა სახეობებით. ანუ ხშირად საქმე გვაქვს არასწორ, შესაძლოა, არაეფექტიან იძულებასთან, რომელიც კეთილი ნებისა და სწორი გააზრების პირობებში სრულიად ადვილად არის შესაძლებელი, ვაქციოთ ეფექტიან შედეგად, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი სახელმწიფოებრივ ჭრილში განუზომლად დიდი იქნება.
საკითხს ასე შევხედოთ: ის ტექნოლოგიური, ან, გნებავთ, ინტელექტუალური ამოცანები, რომლებსაც ბავშვები საკუთარი სურვილით ხსნიან, არ არის მარტივი. მაშინ რატომ უჭირს ბავშვს ან ძალით არის „სათრევი“ მუსიკაზე, ცეკვაზე, სხვადასხვა წრეში? იმიტომ, რომ ეს არის ჩვენ მიერ დასმული ამოცანები, რომელთა გადაჭრის სურვილი მათ არ აქვთ. იმისთვის, რომ მათი ინტელექტი, სიკეთისა და ურთიერთობების საწყისები და ეროვნული ფაქტორი სინთეზირებული გახდეს, ამოცანები უნდა დავუსახოთ სწორად და ნათლად, რასაც ვერასოდეს ვახერხებთ, ან მეტწილად ვერ ვახერხებთ.
სახელმწიფომ სწორად უნდა გაიაზროს საკუთარი ფუნქცია ბავშვებთან, მოზარდებთან მიმართებით და ისინი პრობლემების გადაწყვეტის პროცესში ჩართოს. პრობლემებისა და არა მშობლის ემოციებისა თუ ამბიციების საამებლად გამოგონილი ამოცანების გადასაწყვეტად.
სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს, რომ ბავშვმა პრობლემის გადაჭრის, ანუ ამოცანის პასუხი იპოვოს აქ, ამ რეალობაში და არა ჰიპოთეტურ განზომილებაში.
თუ ჩვენ არ და ვერ შევძლებთ ვაღიაროთ ის, რომ ბავშვების დღევანდელი თაობა ჩვენზე ბევრად ჭკვიანია, მაშინ საერთოდ არ ღირს თუნდაც მოჩვენებით მსჯელობა მათ პრობლემებზე. აქვე, ისიც უნდა განვსაზღვროთ, რა გვინდა ამ ჭკვიანი თაობისგან? ჩემი აზრით, პასუხი მარტივი უნდა იყოს _ სწორად და ეფექტიანად გამოვიყენოთ ისინი სახელმწიფოს ინტერესებისთვის მათი პირადი ინტერესების რეალიზებით.
როგორ? დავიწყოთ, ისევ და ისევ, იმის აღიარებით, რომ „ბავშვების თაობა“ მშობლების თაობაზე უფრო ჭკვიანია. რატომ? ამაზე მსჯელობას ახლა აზრი არ აქვს, მაგრამ თუ გავითვალისწინებ მშობლის ინსტინქტს, რომ მას შვილისთვის ყოველთვის კარგი და საუკეთესო სურს, სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ ამ ამოცანის ერთ-ერთ კომპონენტად და ბავშვებს დამოუკიდებელი ცხოვრებისა და შემოქმედების უფლება მივცეთ. სად? სახელმწიფოში. წარმოიდგინეთ ბავშვის სახელმწოფო, მუნიციპალური და ფედერალური სტრუქტურებით _ სასკოლო თვითმმართველობები, მედია, ტელევიზია, ცალკეული წრეები, კლუბები და ა. შ., რომელთა მართვაში სწორედ მათ აქვთ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ხმა. ეს მოდელი შესაძლებლობას მოგვცემს, ბავშვები დავაახლოვოთ რეალური ცხოვრების კომპონენტებთან, ოდესღაც სწორედ მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება არა მხოლოდ ცალკეული სტრუქტურების სწორად მართვაზე, არამედ გაუჩნდებათ პასუხისმგებლობა როგორც საქმის, ასევე სხვა ბავშვების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მკაცრი პირობები, უამრავი პრობლემით. მაგრამ იმედია, არ დაგვავიწყდა, რომ ისინი ჩვენზე უკეთ და უფრო მარტივად წყვეტენ პრობლემებს და ხსნიან ამოცანებს.
ერთ მაგალითს გაგახსენებთ: სენაკის ერთ-ერთი სკოლის ბავშვებმა ამერიკის კოსმოსური სააგენტოც კი გააოგნეს საკუთარი გამოგონებით. ჩვენ გვყავს არაერთი ასეთი ბავშვი, ჩვენ გვყავს საკმაოდ ჭკვიანი კონსულტანტები და მასწავლებლებიც, მაგრამ საიდან ვიგებთ ამ ამბავს? ბავშვებს არ აქვთ არანაირი გამოცემა, სატელევიზიო არხი, სადაც ამ ყველაფრის შესახებ დაიწერებოდა და გაშუქდებოდა (იმას, რასაც ჩვენთან საბავშვო არხებს უწოდებენ, არის აბსოლუტურად მდარე, უგემოვნო ხარისხის, რომელიც მშობლების მერკანტილიზმსა და დამფუძნებელთა ბიზნესინტერესებზეა გათვლილი.) ასეთი წარმატებების პოპულარიზაცია, ან სულაც დისკუსიები და მსჯელობები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე მოტივაცია გახდებოდა სხვა ბავშვებისთვისაც. დიახ, ბავშვებს შეუძლიათ კონკრეტული ამოცანების გადაჭრა სტუდენტებთან, მაგისტრანტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან კოოპერირებით. მაგრამ ეს ჯაჭვი არ არსებობს და ამაზე არავინ ფიქრობს. ეს მიმართულება საერთოდ არ წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესის საგანს. არც ის უნდა დავმალოთ, რომ მშობლებს ურჩევნიათ, ავტობუსით ბულგარეთში, ან თურქეთში წაიყვანონ ცეკვისა თუ სიმღერის ანსამბლში გაწევრიანებული შვილები და ეს ფაქტი განიხილონ წარმატებად. არავინ აკნინებს ამ მიმართულების აუცილებლობასაც, მაგრამ საუბარია იმ გლობალური ამოცანების გადაჭრის შესაძლებლობებზე, რომელიც ბავშვებს შეუძლიათ და ამის შანსს არ ვაძლევთ. მეტიც, თუ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ მოცემულობას, დიახაც, ბავშვი, რომელიც თვითმმართველობას რეალურად შეიგრძნობს, მონაწილეობას მიიღებს მართვაში, მიაღწევს წარმატებებს და გამოიმუშავებს სათანადო უნარებს, მასთან ზრდასრულ ასაკში ძნელი იქნება არათუ არჩევნების გაყალებებაზე საუბარი, არამედ ის წინააღმდეგობას გასწევს მცდარი გადაწყვეტილებების მიღებისას და არც საკუთარი აზრის გამოთქმა გაუჭირდება. აღნიშნულით საფუძველი ჩაეყრება მოქალაქის ზრდის პროცესს. შედეგად, ჩვენ გვეყოლება სწორედ ეროვნული და გნებავთ, პატრიოტული ღირებულებებით გაჯერებული მოქალაქე, რომელსაც არავითარი პრობლემა არ ექნება გლობალიზაციის პროცესთან, კანონთან, სამართლიანობასთან, უფლებების დაცვასთან. პირიქით, ამ პროცესებში სათანადო პატივით წარმოჩნდება.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ამოცნის დასახვა შეიძლება, მაგრამ მისი განხორციელებისთვის აუცილებელია ადამიანური რესურსი. „ბავშვების სახელმწიფო“ წამოუდგენელია პედაგოგისა და მასწავლებლის გარეშე. აქ გავცდები ლოკალურ ფარგლებს და ბავშვების სახელმწიფოში მოვაქცევ უფროსებსაც, ვთქვათ, 22 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც კონკრეტული ცოდნის მისაღებად ასევე სჭირდებათ მასწავლებლები. რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს მათთვის, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული განათლების სისტემის აქილევსის ქუსლი სწორედ მასწავლებელია. ზემოთ უკვე აღვნიშნე მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაცია და პედაგოგთა სიმწირე სასწავლო დაწესებულებებში. პარალელურად, თვალში საცემია ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი: ბოლო პერიოდში არაერთი „ცნობადი სახე“ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი თუ მეცნიერ-თანამშრომელია. თავი დავანებოთ მათ კვალიფიკაციას, მაგრამ დასამალი ხომ არავისთვის არის, რომ უმეტესი მათგანი მოუცლელობის გამო აცდენს ლექცია-სემინარებს. განა, რა სახელმწიფოებრივ და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ ისეთს? არა! ისინი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, როდესაც _ ერთი: შრომის ანაზღაურებას იღებენ იმ საქმიანობაში, რომელსაც არ აკეთებენ და რეალურად თაღლითობენ და ფულს სძალავენ სტუდენტებს; მეორე _ სათანადო განათლებას არ აძლევენ სტუდენტებს შესაბამის დისციპლინებში.
ეს ჩანართი აუცილებელიც იყო იმისთვის, რომ სწორად განვსაზღვროთ, როგორ უნდა მივაღწიოთ მიზანს. იმავე უმაღლეს სასწავლებლებში მრავლად არიან პროფესორები, მეცნიერ-თანამშრომლები, მასწავლებლები, რომელთაც მართლაც მაღალი კვალიფიკაცია აქვთ. საჭიროა მათი ინტეგრირება სასკოლო სასწავლო პროცესში. მათვე უნდა უზრუნველყონ განსაკუთრებით გამორჩეული და ნიჭიერი ბავშვების ჩართვა სამეცნიერო კვლევებში. აუცილებელია ცალკეულ პროფესიებში წარმატებული პერსონების „პედაგოგიური იძულება“, როგორც ცალკეული დისციპლინების მიხედვით, ასევე ზოგადი ხასიათის ლექცია-სემინარების დონეზე. აღნიშნულ პროცესში სავალდებულო წესით უნდა ჩაერთონ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებიც.
აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მომავალი პედაგოგების, მასწავლებლების უმაღლეს სასწავლებლებში მიღების საკითხს. დღეს პედაგოგი ხდება, მეტწილად, ის პერსონა, რომელმაც ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება სხვა სასურველ უმაღლეს სასწავლებელში. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია სწორი სელექცია, რათა ყველას არ მიეცეს ბავშვებთან მუშაობის უფლება. რაც შეეხება მოქმედ მასწავლებლებს, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დაბალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების სასწავლო დაწესებულებებიდან მოტივირებული დათხოვნა. ეს ის სფეროა, სადაც სიბრალული, ანგარიშის გაწევა, დამსახურებების გახსენება და ა. შ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გასათვალისწინებელი ფაქტორი. სახელმწიფოს დღეს და ახლა სჭირდება დროისა და გამოწვევების შესაფერისი პედაგოგი, მასწავლებელი და წარსული დამსახურებები მის დასაფასებლად და საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესანარჩუნებლად, სრულიად მიუღებელი და, გნებავთ, მავნებლური ქმედებაა. რა თქმა უნდა, სასწრაფოდ არის დასაშლელი სკოლების სამეურვეო საბჭოები, სადაც, ძირითადად, სკოლის ადმინისტრაციის, უარეს შემთხვევაში კი დირექტორის მიერ შერჩეული პერსონები არიან გაერთიანებულნი. ზემოთ აღვნიშნე, რომ მშობელთა უმეტესობამ ნამდვილად არ იცის, ან საკუთარი გადასახედიდან და ეგოისტური შეხედულებებიდან განსჯის ბავშვის საჭიროებებს. სწორედ ამიტომ სამეურვეო საბჭოს მისია უნდა შეიცვალოს და სკოლაში არსებობდეს ერთი _ ადმინისტრაციული საბჭო მშობლების, ბავშვებისა და შეზღუდული რაოდენობის პედაგოგების შემადგენლობით _ როგორც მინისტრთა კაბინეტის ანალოგია და მმართველი საბჭო, სადაც მეტწილად წარმოდგენილნი იქნებიან მოსწავლეები, მცირე შემადგენლობით მასწავლებლები და უფრო მცირე შემადგენლობით მშობლები _ ეს ორგანო კი პარლამენტის ანალოგიით.
დღეს ბულინგი სკოლებში რეალობაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ცალკეულ კლასებში ბავშვები ვერ იტანენ თანაკლასელს, რომელიც კარგად სწავლობს. ჩვენ ასევე ვხედავთ ყოჩებს, რომლებიც სკოლებში ავტორიტარულ რეჟიმს ამყარებენ და სიტუაციას მართავენ. ისიც ცნობილია, რომ ამ ფაქტების შესახებ მეტწილად ცნობილია სკოლის ადმინისტრაციისთვის, მაგრამ მოქმედება მხოლოდ „უბედურების“ დადგომის შემდეგ იწყება და ისიც კამპანიურ ხასიათს ატარებს. სწორედ ამის გამო, მიზანშეწონილია, სკოლებში არა მხოლოდ მანდატურების სამსახურების გაძლიერება, არამედ პროცესში ფსიქოლოგების ჩართვა მათი ადგილებზე პერმანენტული საქმიანობით. თუმცა ისიც ცხადია, რომ ფსიქოლოგები პრობლემას ვერანაირად გაუმკლავდებიან ვიზიტების დონეზე. ამიტომაც აუცილებელია, სკოლებში ავტორიტეტული პედაგოგების ყოფნა, რომელთა ფუნქცია სააღმზრდელო პროცესი იქნება.
ჩვენი განათლებისა და სააღმზრდელო სისტემის პრობლემას მისი წყვეტილობა წარმოადგენს. ანუ საბავშვო ბაღი ცალკე ავტონომიაა, სკოლა _ ცალკე, პროფესიული კოლეჯი _ ცალკე, უმაღლესი სასწავლებელი _ ცალკე. აი, აქაც მოგვიწევს სინქრონიზება. კოლეჯი და უმაღლესი სასწავლებელი თამამად უნდა შევიდეს სასწავლო დაწესებულებებში მოზარდების _ ბავშვების ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებისა და სწორი მიმართულებით წარმართვისთვის.
რას გვაძლევს ეს პროცესი? კონკრეტულ შედეგებს. პროფესიული კოლეჯი და უმაღლესი სასწავლებელი სკოლის მოსწავლის წინაშე სახავს კონკრეტულ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტაზე თავად მუშაობენ ლაბორატორიებში და ახდენენ პარალელურ დაკვირვებას და პროცესში ბავშვების ინტეგრირებას.
მაგალითისთვის, სულაც არ იქნება რთული გარემოს დაცვის კუთხით დაევალოთ სკოლის მოსწავლეებს ტყე-მასივების მშენებლობისთვის აუცილებელი ადგილების მოძიება და განაშენიანების გეგმის შედგენა. ასევე, შედგეს პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ან საცობებისგან ქალაქის განთავისუფლების თაობაზე. კონკრეტული ამოცანების დასახვა ყველა სასწავლო დაწესებულებისთვის არის შესაძლებელი. თუნდაც დაბის, ან ქალაქის განვითარების კონცეფციის შემუშავება და ა. შ.
ამის პარალელურად, ბავშვებს უნდა მიეცეთ სტარტაპების პროგრამებში ჩართვისა და ფინანსური მოგების მიღების შესაძლებლობა. მიღებული შემოსავლების კვლავწარმოებაში ჩადება, ან გასამრჯელოს სახით ვაუჩერების სახით დარიცხვა სწავლის, მოგზაურობის, სახელმძღვანელოების, ტექნიკისა და ა. შ. შეძენის დასაფინანსებლად.
ზოგადად, არ არსებობს ამოცანა, რომელიც უფროსმა ადამიანმა შეიძლება დაისახოს და გადაჭრას, იგივე არ გააკეთოს ბავშვმა _ მოზარდმა და შესაძლოა, უფრო ეფექტიანად _ დროში და პერსპექტივაში გათვლილად. თან ისეთი დეტალების გათვალისწინებით, რომელიც უფროსმა ადამიანმა შესაძლოა, ვერც გაითვალისწინოს.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, ჩვენთან შედარებით ბევრად კარგ მდგომარეობაში მყოფი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სისტემის რეფორმირებისთვის. ზემოთ მოყვანილი გააზრებაც რამდენიმე სხვადასხვა კონცეფციის ჩემებურ ხედვას წარმოადგენს და, სავარაუდოდ, იქნება უფრო სრულყოფილი ვარიანტებიც, მაგრამ უმთავრესია მოქმედების დროულად დაწყება.
დღეს ქართულ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სისტემაში არსებული ვითარება არანაირად არ პასუხობს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს და თუ ჩვენ არ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმ მიმართულებით, რომ ეფექტიანად გამოვიყენოთ ბავშვების-მოზარდების შესაძლებლობები და ინტელექტუალური პოტენციალი, ვერავითარი ეკონომიკური ზრდა ამ ქვეყანას წინ ვერ წასწევს.
სწორედ ამ პოტენციალის გამოუყენებლობის ნათელი მაგალითია ის, რომ ჩვენ გვყავს საქართველოს მოქალაქეები მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გარეშე. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა კი მხოლოდ შინაგანად თავისუფალ ადამიანებს აქვთ, რომლებმაც ამ თავისუფლების გემო და რეალობა სწორედ ბავშვობის ეტაპზე უნდა მოიპოვონ.
სამწუხაროდ, საქართველოში განათლების სისტემაში განხორციელებული ერთეტაპიანი რეფორმა, რომელმაც რეალურად ამოძირკვა უმაღლეს სასწავლებლებში კორუფციით მიღებისა და სწავლის გაგრძელების მანკიერი პრაქტიკა, არასაკმარისია შედეგის მისაღწევად. ასევე, სამწუხაროდ, განათლების სისტემის მესვეურებს არ გააჩნიათ რეალური და მკვეთრი ხედვა ამ სფეროს რეფორმირებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. და უფრო მეტად სამწუხარო ის არის, რომ ბავშვი, განათლება და აღზრდა, კვლავაც რჩება „ბერმუდის სამკუთხედის“ _ ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების კონტექსტში მსჯელობის საგანი. იმდენსაც ვერ ვხვდებით, რომ ამ სამკუთხედში ვკლავთ და ვკარგავთ სწორედ ჩვენს შვილებს, მათ მომავალსა და პერსპექტივას.
ბავშვი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია და სწორედ სახელმწიფოა პასუხისმგებელი როგორც მის აღზრდაზე, რაშიც ხელი უნდა შეუწყოს მშობლებს, ასევე მის განათლებაზე და უმწვავესი რეფორმები უნდა გაატაროს სასწავლო დაწესებულებაში. სხვა შემთხვევაში, რამდენიც არ უნდა ვიძახოთ: „ნუ მოკლავთ ჩვენს შვილებს“, მათ მაინც მოკლავენ, ვის ფიზიკურად, ვის მორალურად, ვის ინტელექტუალურად… ვინ? ძალიან უმეცარი კითხვაა.
თუ ბავშვებს შეუძლიათ სწორი ამოცანების ამოხსნა _ დღეს სწორი ამოცანაა: „ნუ მოკლავთ ბავშვებს“ და ეს ამოცანა სახელმწიფომ უნდა ამოხსნას, ძალიან მარტივად და ეფექტიანად.

გოჩა მირცხულავა