ამბავი სოსოს უ-სუს-ურობისა!

მარიფათი კარგი ოხერი რამ არის, ყველგან გამოსადეგია _ პოლიტიკაშიც, ეკონომიკაშიც, კულტურაშიც და მეცნიერებაშიც. ზოგადად, უმარიფათო კაცი უსარგებლო და დიდი ზარალია როგორც ოჯახში, ასევე ქვეყანაშიც.

განსაკუთრებული მარიფათი კი სახელმწიფო მოხელეს სჭირდება, მაგრამ მარიფათი იქით იყოს, მარიფათის გარდა ადამიანს შნო უნდა, შნო, რომ კაცად იქცეს და თავისი საქმეც მარიფათიანად შეასრულოს.

 

ცხოვრებაში ერთხელ ყოველთვის ისვრის „ავრორა“ ვინმესთვის, ცხოვრებაში ერთხელ ყოველთვის გაძლევს შანსს ბედი, ან გამოიყენებ, ან _ არა. აი, მაშინ შნო გინდა, რომ ბედი გამოგადგეს, მერე კი მარიფათი, რომ ის შანსი ბოლომდე გამოიყენო.

და ჩვენი ბიჭის ისტორიაც ასე დაიწყო:

როგორც XX საუკუნის დასაწყისში იყო, ვიღაცას შნო გამოუჩნდებოდა თუ არა, ლიდერი რევოლუციონერი ხდებოდა, მერე კი ეს ლიდერი პოზიციას ეძებდა უკვე სახელმწიფო მართვაში დასაკავებლად _ ან უმართლებდა, ან _ არა. მაშინ იყო საჭირო ის მარიფათი.

რადგან ჩვენი რუბრიკაც სოსოს ექსკლუზიური გვერდია, ისევ სოსოს ისტორიით დავიწყოთ: როგორ ფიქრობდა და როგორც ექცეოდა სოსო ქვეშევრდომებს? როგორ ასაქმებდა დიდი ბელადი უცხო ადამიანებს? რა დოზით სთავაზობდა მათ საქმეს და რა პასუხისმგებლობის ზღვარი ჰქონდა დაწესებული მათ შორის? ანუ მიხვდი, სოსო, ხომ?! იმ XX საუკუნის შნოიან და მარიფათიან კაცზე გიყვები. ერთხელ ერთ კაცს სამსახური შესთავაზა სტალინმა. კაცმა იუცხოვა სახელმწიფო სამსახურში მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობა და ბელადს პირდაპირ უთხრა: მე რომ ფეხი არ მაქვს?! ბელადმაც აუღელვებლად უპასუხა: ფეხი რა მოსატანია, შე კაცო, შენს წინამორბედს თავი არ ჰქონდა და ფეხს ვინღა ჩივისო? ასეა, რა მოსატანია შენი ახალი კოსტიუმი? ან შენი სიგარა, ქვეყნის სასაცილო რომ გაიხადე თავი? მთავარია, საქმეს თავი გაართვი თუ ვერა.

რა თქმა უნდა, _ ვერა! ეს შენც იცი და ამაზე არ ვდაობთ.

და თუ მაინც იკითხავ, რატომ ვერ გავართვიო? მაშინ, შენსავე უ-სუს-ურობის ამბებს ჩამოგითვლი!

  1. იდეის ავტორი შენ არ ყოფილხარ, რომ „ქრონიკა+“-ში ფარული კადრები აღმოჩენილიყო. მაგაში პირადად მე დარწმუნებული ვარ, რადგან შენი და მარნის ბიჭების გაციებული ურთიერთობების ამბავი ვიცი;
  2. შენი როლი მნიშვნელოვანი იმით უნდა ყოფილიყო, რომ საქმე ისე წარმართულიყო, ელისო კილაძეს თქვენი ჩახლართული ამოცანები ვერ ამოეცნო (მე კი ნაკლებად მჯერა თქვენი ღრმად განსწავლულობისა, რომ ჩემს რედაქტორს რამეს მოატყუებდით, მაგრამ მაინც);
  3. ყველა თქვენი და შენი დაგეგმილი ე. წ. სპეცოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა.

და, აი, აქ ისმის მთავარი კითხვა, _ მაშ, რა არის წარმატება?!

შენ ივანიშვილს მართლა გულწრფელად შეუთვალე და უთხარი, რომ მისი ერთგული იყავი და მისი ყველა მოთხოვნა-დავალება შესრულებული გქონდა. ისიც თქვი, რომ რაც ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელი იყო, ყველაფერი გააკეთე, მაგრამ, აი, სად დაგჭირდა მარიფათი. ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე: ყველა ძროხა კი იწველება რძეს, მაგრამ ყველასგან კი ვერ დედდება მაწონიო.

ყველა აყვანილი და დაქირავებული აგენტი გაგეშიფრა. ვინც სამსახურში მიიღე, ბოლოს ყველამ დაგცინა და ზურგს უკან იხალისა. ამდენი წელია, სუს-ი გაბარია და საკუთარი გუნდი ვერ შეცვალე. ამდენი წელია, სუს-ში მეორე კაცი ხარ და ისევ 2012 წლამდე მყოფი დათა ახალაიას კუდ-ის შემადგენლობა მართავს სუს-ს! არა, ახალაიას კი არ ვამტყუნებ, შენთან მაქვს კითხვა, _ არც ახალაიას დაჰყოლია სახელმწიფო უშიშროებისთვის საჭირო გონება დედის მუცლიდან, მანაც ისწავლა და იშრომა, მაგრამ 4 წელიწადი საკუთარი ბიძაშვილისა და ორი ნათესავის გარდა კადრი რომ ვერ იპოვე სუს-ისთვის, 4 წელიწადი აგენტთა კარტოთეკა რომ ვერ გამოცვალეთ, 4 წელიწადი მხოლოდ კუდ-ს რომ შეუცვალეთ სახელი და სუს-ი დაარქვით, სხვა რა გააკეთეთ?! იმას არ ჩაგითვლით, სადაც ვინმეს ვინმე მიუგზავნეთ, ყველგან რომ სცენა ჩაგეშალათ; ერთი დავარცხნილ-დალაგებული ნიღბოსანი რომ არ გყავთ და ყოველ ორშაბათს ერთი სადარდებელი რომ არის სუს-ის სამმართველოების უფროსების თავს, _ ეს საქმე, ნეტა, ვის მივცეო?

სულ ხუთი კაცი რომ ამოიჩემეთ ამ სახელმწიფოში და იმის იქით კი არაფერი რომ არ გადარდებთ; ქვეყანა რუსეთის აგენტებით გაგევსოთ, უბნები _ ძველი ბიჭებით; რაიონები თურქეთსა და ევროპაში მჯდომმა ქურდებმა რომ გადაინაწილეს, „ობშიაკი“ რომ გიგროვდებათ, ბიზნესი რომ რეკეტშია, ეკლესია რომ ფეშქაშს ითხოვს და შენ, კიდევ, გენერლობა „პაზიკის“ ავტობუსის „შოფრობა“ რომ გგონია!!!

ამას ჰქვია უმარიფათო და უშნო კაცის ხვედრი. გლეხი და ერბო ქილის არ იყოს, ერთხელ გაისროლა შენთვის „ავრორამ“. რა იქნება ხვალ და ზეგ, უკვე არავინ იცის. შენ, უბრალოდ, ისევ ისეთ უსუსურად დარჩი, როგორადაც მოხვედი. ქონება გონებას არ ცვლის, ქონება გონებას აბნელებს, განათება კი ნაკლებად შეუძლია.

 

ახლა კი ჩემი წყარო:

_ წინა წლებისგან განსხვავებით ყველაზე რთულად ახლა დგას გოგაშვილის საკითხი _

ნაკლები ნდობა და სხვა მოადგილეებს მეტი უპირატესობა.

_ გამოვიდა სამსახურში?

_ მაგას ვერ გაიგებთ, ამჟამად განსაკუთრებული აქცენტი სამეგრელოზეა, ნახევარი სამსახური ადგილზე არ არის.

_ რა ხდება სამეგრელოში?

_ რთული სურათია, ძალიან რთული, 2017 წლის არჩევნებზე წაგება მოსალოდნელია, წაგება კი თამაშის წესებს არ ექვემდებარება. გიკვირს, ხომ, „ქრონიკა+“-ს რომ არ გიტევენ ეს ბოლო კვირა?! ერთი თვე დაისვენებთ, ალბათ. გაზაფხულიდან ისევ განმეორდება თავდასხმები. მედიათვალსაზრისით რომ უნდა აგიტეხონ ომი, ეს კი იცი.

_ მთავარია, ქვეყანა…

_ ქვეყანაზე გამახსენდა: ახლა ხომ არ ვჩანვარ, ვინ ვარ, მოვა დრო და ღიად ვიტყვი, ვინც ვარ, ხომ? ჰოდა, მაშინ ის დრო იქნება, როცა ღიად იტყვიან, კაზინოების მეპატრონეებს ყოველ თვე რამდენი მიჰქონდათ ქეშად ყველა რეგიონის ხელმძღვანელ პირთან და ყველამ იცოდა, რომ ფული სოსოსთანაც მიდიოდა და სხვებთანაც.

_ დარწმუნებული ხართ?!

_ დღეს არაფერს ვამტკიცებ, დღეს ვამბობ: მოვა დრო და ესეც გახდება ცნობილი, _ არა მარტო სოსოსთან, არამედ ბევრ სხვასთანაც. არა უშავს, ყველაფერს თავისი დრო აქვს. სასაცილო ისაა, რომ იანვარში გადაყრილები იქნებიან, მიზეზი კი შუშის სასახლეში იკითხონ, რატომ ვეღარ აიღებენ ფულს.

 

ამასობაში, ქართული ოცნების ახდენის მეხუთე საუკეთესო წელიწადიც დაიწყო და ჩვენი სოსოს უსუსურობაც ზენიტს აღწევს!

 

მაკა მოსიაშვილი