აკაკი ბაზაძე: „ქუთაისის პოლიციის V განყოფილებაში ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი მოქმედებს!“

ქუთაისის მკვიდრი, პოლიციის გადამდგარი მაიორი, აკაკი ბაზაძე, ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის V განყოფილების პოლიციელების მხრიდან მისი შვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს. როგორც ბაზაძე აცხადებს, პოლიციის ამ განყოფილებაში ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი მოქმედებს, რომელსაც სასამართლო აფარებს ხელს. ისინიც სისტემატურად სჩადიან დანაშაულს სამსახურებრივი ძალაუფლების გადამეტებით.

„ქრონიკა+“-ს აკაკი ბაზაძე ესაუბრება:

_ 2015 წლის 27 თებერვალს ჩემი შვილი, ვლადიმერ ბაზაძე, გვიან ღამით, მეგობრის სახლიან ნასვამ მდგომარეობაში სახლში ბრუნდებოდა. ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ორი პოლიციელი გადმოვიდა მუქი ფერის ავტომობილიდან. მათ გააჩერეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჰკითხეს სახელი და გვარი, თან მაშინვე დაუწყეს ჯიბეების ჩხრეკა. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ისინი იყვნენ ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის V განყოფილების პოლიციელები გურამ ნიქაბაძე და გურამ ორაგველიძე. ერთ-ერთი მათგანი გვერდზე გავიდა და დარეკა, ორიოდე წუთში პიკაპის ტიპის პოლიციის მანქანა მოვიდა და პოლიციის უფროსის მოადგილე ოლეგ გუბელაძემ და პიკაპის მძღოლმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ბრალი დასდეს პოლიციელებზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, რაც, სინამდვილეში, არ მომხდარა. გამოიგონეს ზღაპარი, შექმნეს ყალბი საქმე ბუნებაში არმომხდარ და არარსებულ ფაქტზე, სადაც რეალური პირები, რომლებმაც ჩემი შვილი განყოფილებაში დააკავეს და გადაიყვანეს, ჩაანაცვლეს სხვა თანამშრომლებით, რომლებიც ვინ იცის, უკვე მერამდენედ ფიგურირებენ ამგვარ ყალბ საქმეებში. ჩემი შვილის ნივთებთან ერთად, რომელიც თან ჰქონდა, საქმეში ჩაუდეს ლითონის ჩხირები, „ატმიჩკები“, რათა ამით წარმოეჩინათ, როგორც კრიმინალი და გაემყარებინათ დაკავების მოტივი. როგორც ჩემმა შვილმა შემდგომ თქვა, თავიდან ეგონა, როგორც სხვა შემთხვევებში, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანდნენ და შემდეგ გაათავისუფლებდნენ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

_ სხვა დროსაც იყო შემთხვევა, როდესაც თქვენი შვილი დაუკავებიათ?

_ დიახ, 5 წლის განმავლობაში სიცოცხლე გაუმწარეს. თავის დროზე, ჩემმა შვილმა რაღაც დააშავა, ციხეში მოხვდა და საპროცესო გარიგების მეშვეობით გამოვიდა. თუმცა ეს არ ყოფილა ნარკოლოგიური დანაშაული. პრობაციონერი იყო და სისხლს უშრობდნენ. თვეში ორჯერაც კი ყოფილა შემთხვევა, როდესაც ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაუყვანიათ, არაფერი აღმოჩენილა და უკან გამოუშვიათ.

_ დაკავების ამბავს დავუბრუნდეთ…

_ ყოველგვარი ხელბორკილების გარეშე მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.  გამომძიებელმა გაბრიჩიძემ ცარიელი ფურცელი მიაწოდა და უთხრა, რომ ხელი მოეწერა. ვინმე ამას გააკეთებდა? შესაძლებელია, შემდეგ მისი ხელმოწერა მკვლელობის აღიარებაზე აღმოჩენილიყო! კარგა ხანს აწვალეს, შემდეგ უფროსის კაბინეტში შეიყვანეს და უთხრეს, _ ახლა ვიდეოთი გადავიღებთ, რომ ჯიბეში ნარკოტიკები გაქვს და ციხეში გაგიშვებთო. ჩემმა შვილმა წინააღმდეგობა გაუწია. დაახლოებით, ნახევარი საათი აწვალეს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ქონა ეღიარებინა. ბოლოს, როცა მიხვდნენ, რომ ნარკომანი არ იყო, რაღაც მოტივი ხომ უნდა შეექმნათ და რადგან ნასამართლევი იყო, ამიტომ, კრიმინალად წარმოჩენის მიზნით, როგორც ზემოთ აღვნიშნე, „ატმიჩკები“ ჩაუწყვეს. თვითონ ჯიბეში ჰქონდა პატარა მაგნიტი. ადრე სათვალის პატარა მექანიზმი ძირს ჩაუვარდა, ასაღებად გამოიყენა და ჯიბეში ჩარჩა, სახლის გასაღები ჰქონდა და ქარხნული წესით დამზადებული ფრჩხილების საწმენდი. პოლიციელებმა დაწერეს, ამას თითქოს კარის გასაღებად იყენებდა. ამ ნივთების გარდა ჩაუდეს 5 ცალი ჩხირი და ყალბი საქმე შექმნეს. გურამ ორაგველიძე, გურამ ნიქაბაძე, ოლეგ გუბელაძე და პიკაპის მძღოლი, რომლის გვარი დღემდე არ ვიცით, რომლებმაც, რეალურად, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სხვა პოლიციელებით ჩაანაცვლეს და დაწერეს, ვითომ ჩემმა შვილმა ისინი სცემა.

_ რატომ ჩაანაცვლეს?

_ ჩანს, ამ პოლიციელებმა უარი თქვეს. როგორც შემდეგ გავიგე, ნიქაბაძე და ორაგველიძე ახალი, ჯერ კიდევ, გამოუცდელი თანამშრომლები იყვნენ და ასეთი საქმე არ ანდეს. საქმეში დაზარალებულად მოხსენიებულია ვლასენკო და გოგატაშვილი, რომლებიც, თითქოს, ჩემმა შვილმა სცემა. როგორც ისინი აღწერენ, ჩემმა შვილმა თითო-თითოჯერ გაარტყა, თვითონ დაიზიანეს ქურთუკები, არც ჩემს შვილს და არც ადვოკატს არ უნახავს, რომ ისინი ნაცემები იყვნენ, ექსპერტიზაზე ყალბი ცნობა გააკეთეს. საქმის მასალებშიც უამრავი დარღვევაა.

_ კონკრეტულად?

_ პოლიციაში მიყვანისთანავე, როგორც  პოლიციელები ამბობენ, ადგილზევე შედგა დათვალიერების ოქმი, ვითომ ჩემს შვილს თავისი უფლებები განუმარტეს. როგორც აღვნიშნე, ბრალდებულის განცხადებით, საქმეში მოქმედი რეალური პირები ჩაანაცვლეს. სასამართლო პროცესზე დაზარალებულისა და მოწმის სახით დაკითხულები ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ გურამ ნიქაბაძეს და გურამ ორაგველიძეს იცნობენ, რომ ისინი მათი თანამშრომლები არიან და იმ დღეს, 27 თებერვალს, ისინი მათ სამსახურში არ დაუნახავთ. არც ის იციან, თუ სად იმყოფებოდნენ და რომ ამ საქმესთან არაფერი აკავშირებთ. გარკვევის მიზნით, პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერების არსებობის შესახებ განცხადებით მივმართეთ პოლიციის განყოფილებას, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერები დამონტაჟებული არ არის, რაც არ შეეფერება სინამდვილეს და მტკნარი სიცრუეა. ცნობილია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციის ყველა განყოფილება აღჭურვილია ვიდეოკამერებით. რაც შეეხება ინფორმაციას ნიქაბაძისა და ორაგველიძის შესახებ, გვპასუხობენ, რომ ისინი არ ფიგურირებენ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში და ამის გამო ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან. ესეც სიცრუეა, რადგან სწორედ ამ პოლიციელებმა გადაიყვანეს ჩემი შვილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში სამედიცინო და სიფხიზლე-სიმთვრალეზე შემოწმების მიზნით. შემოწმების შემდეგ კი გადაიყვანეს ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამას ადასტურებს სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი თამაზ ბოჭორიშვილი და ასახელებს ნიქაბაძის პირად ნომრებს, ვინც ჩემი შვილი ექსპერტიზის ბიუროში მიიყვანა. ამასვე ადასტურებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ჩემი შვილი ექსპერტიზაზე მიიყვანა ნიქაბაძემ და მას ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება. აღნიშნული დოკუმენტები პირდაირი დასტურია იმისა, რომ ნიქაბაძე და ორაგველიძე ჩემი შვილის დაკავების დროს, 2015 წლის 27 თებერვალს, იმყოფებოდნენ სამსახურში, ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და პატრულირებდნენ. პოლიციის განყოფილებამ კი გასცა ყალბი ცნობა. ასევე სიცრუეა სასამართლოზე დაკითხული ვითომ მოწმეთა ჩვენებები, სადაც ისინი უარყოფენ მათ საქმეში მონაწილეობას. ეს საკითხი კიდევ უფრო რომ დაგვეზუსტებინა, განცხადებით მივმართეთ დროებითი მოთავსების იზოლატორის სამსახურს და ვკითხეთ, ვინ და როდის მოათავსა ჩემი შვილი დაწესებულებაში, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ დაწესებულებაში შეყვანილია 27 თებერვალს 08:35 საათზე ქუთაისის შს საქალაქო სამმართველოს პოლიციის V განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი კვერნაძის მიერ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხვისას კვერნაძემ განაცხადა, რომ ჩემი შვილი იზოლატორში მას არ გადაუყვანია და არ მოუთავსებია. აცხადებს, რომ მან და მისმა მეწყვილე გოგიაშვილმა მისი განყოფილებაში მიყვანისთანავე დატოვეს განყოფილება და პატრულირება გააგრძელეს. ცხადია, ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორის მიერ გაცემული დოკუმენტი ყალბი ინფორმაციის შემცველია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ჩანაცვლებული პირები არიან.

ცნობილია ჩემი შვილის ფაქტობრივი დაკავების დრო. პოლიციის განყოფილების მორიგე რაჟდენ გენდემოროვიჩის მიერ დაფიქსირებულია 27 თებერვლის 04:26 საათი. დაზარალებულები გოგატაშვილი და ვლასენკო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებში მომხდარი ფაქტის დროდ აფიქსირებენ 03:30 საათს, ანუ მომხდარ ფაქტამდე საათითა და 10 წუთით ადრე. ეს განსხვავება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ პოლიციელები არიან ჩანაცვლებულები. აშკარაა, ვირტუალური დაზარალებულები ისე გაუშვეს ექსპერტიზაზე, დრო არ უთხრეს და მათაც დრო ალალბედზე დააფიქსირეს. მით უმეტეს, თანამედროვე კომუნიკაციების პირობებში დროის დაზუსტება ძალიან მარტივად შეიძლება. ასევე აშკარად საპირისპირო ჩვენებებია მოძრაობის მიმართულებების ვექტორებს შორის განსაზღვრაში. აშკარა სხვაობები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს საქმე გამოგონილი ზღაპარია და დაზარალებულები არიან ვირტუალური ადამიანები. ვირტუალური დაზარალებული პაატა გოგატაშვილი ღიად და აშკარად იტყუება, როდესაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტავს, რომ მან მიიღო ფეხის დაზიანება, ამის გამო ის ერთი თვის განმავლობაში ხელჯოხის საშუალებით გადაადგილდებოდა და ასე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ეს რომ ტყუილია, დასტურდება მისი მეწყვილის ჩვენებიდან, როდესაც ის განმარტავს, რომ გოგატაშვილი იმ პერიოდში განყოფილების მორიგის მოვალეობას ასრულებდა. მხოლოდ მოწმეები გოგიაშვილი და კვერნაძე განმარტავენ, რომ მათ გოგატაშვილის ხელში ჯოხი არ დაუნახავთ, მის გარეშე გადაადგილდებოდა და პატრულირებდა.  უდანაშაულობის მორიგი მტკიცებულება ის არის, რომ ჩემმა შვილმა სასამართლოზე წარმოდგენილი ნივთმტკიცებების ვიზუალური დათვალიერებისას აღმოაჩინა, რომ პაატა გოგატაშვილის ქურთუკი სრულიად ახალი იყო. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ დაზარალებულები ვერ პასუხობენ, თუ რა ეცვა ჩემს შვილს დაკავების დროს და ვერ აღწერენ მის ჩაცმულობას. ამის გარდა, უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ჩემი შვილის უდანაშაულობას ადასტურებს, მაგრამ ამის გამო არ დაუკითხავთ. ისე გაასამართლეს, თავის დაცვის უფლებებიც კი უსინდისოდ ჩამოართვეს, რადგან განაჩენი დაკავების დღიდანვე ცნობილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სასამართლო სხდომაზე აფიქსირებდა თავის უდანაშაულობას, გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. საქართველოში სასამართლოები დაემსგავსა „მაგდანას ლურჯაში“ აღწერილ სასამართლოს. ჩემი შვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგომა ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად დადგება ამ გამოგონილ საქმეში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებისა და სხვა პირების მიერ განზრახ ურთიერთსაწინააღმდეგო ცრუ და ყალბი ჩვენების მიცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისგების საკითხი. კერძოდ, ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის V განყოფილების საქმეში მონაწილე ყველა პოლიციელი: განყოფილების უფროსის მოადგილე ოლეგ გუბელაძე; უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გურამ ორაგველიძე, გურამ ნიქაბაძე, პაატა გოგატაშვილი, გიორგი ვლასენკო, შალვა გოგიაშვილი, გიორგი კვერნაძე; დეტექტივ-გამომძიებლები: დავით გაბრიჩიძე, დევი ფორჩხიძე და გელა ჭელიძე; ცრუ და ყალბი ჩვენების მიცემისთვის, ყალბი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გაცემისთვის პასუხისმგებელი თანამშრომელები; ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი გია გობრონიძე. ნათელია, რომ სასამართლო ამას არ დაუშვებდა, რადგან მათი მიზანი უდანაშაულო ადამიანის დადანაშაულება და დასჯაა. პოლიციელების დასჯა ხომ დაუშვებელია, ისინი ხომ ხელშეუხებლები არიან! სასამართლო ღიად და აშკარად ამკვიდრებს პოლიციელთა დაუსჯელობის სინდრომს, ამით გათამამებულებს ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად. ისინიც სისტემატურად სჩადიან დანაშაულს სამსახურებრივი ძალაუფლების გადამეტებით.

_ თქვენი შვილი ახლა  დაპატიმრებულია?

_ არა, ჯარიმა დააკისრეს და გამოუშვეს, მაგრამ იმის გამო, რომ მან არ აღიარა მასზე არასამართლიანად წაყენებული ბრალი ფაქტზე, რომელსაც საერთოდ ბუნებაში არ ჰქონია ადგილი და არ ჩაუდენია, იმავე განყოფილების თანამშრომლები შურისძიების მიზნით, წინასწარ გაზრახვით, 2016 წლის 17 აგვისტოს სასტიკად გაუსწორდნენ და მოწმეების თანდასწრებით სასტიკად სცემეს, რაზედაც ის დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად. მაშინ, როდესაც ჩემს შვილს დანაშაული არ ჩაუდენია და არავინ უცემია, პროკურორმა ზიტა ჭულუხაძემ, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, პოლიციელები დაზარალებულად იმავე დღეს ცნო. სახეზეა პოლიციელების მხრიდან ჩემი შვილის მიმართ ჩადენილი დანაშაული! როდესაც გამომძიებელს ვუკავშირდებით, პასუხი ერთია, _ მიმდინარეობს გამოძიება. ამდენი ხანი გავიდა და არაფერი გაუკეთებიათ!

_ რას აპირებთ?

_ გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ. სტრასბურგის სასამართლოშიც ვიჩივლებ, რომ დავამტკიცო, როგორ არიან ძალაუფლებით გათავხედებულები პოლიციის თანამშრომლები! ბევრი აღარ უკლია იმ დროს, დაცვის ნაცვლად, სახლებში შემოგვიცვივდნენ და აგვაწიოკონ! ამ უსამართლობას ვერ შევეგუები! კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ქუთაისის პოლიციის V განყოფილებაში პოლიციელთა ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი მოქმედებს! საზოგადოებას მოვუწოდებ: გამოფხიზლდით და პეპელასავით ერთი დღით ნუ ცხოვრობთ! შვილებზე და მომავალზე იფიქრეთ, გინდათ, ისინი ასეთ ქვეყანაში აცხოვროთ?! ეს ხომ ჩვენმა თაობამ უკვე გამოიარა და უკან დაბრუნება აღარ გვსურს, ამას უძახით თქვენ სამართლიანობის აღდგენას?!

 

თამარ ბატიაშვილი