ავთო საყვარელიძის ზღაპრები: „ვაგონშემკეთებელი ქარხნის მეპატრონეს არ ჩავბარდები“

2017 წლის 17 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის“ ყოფილი აქციონერის, ავთანდილ საყვარელიძის სარჩელი ქარხნის მეპატრონის _ ბადრი წილოსანის წინააღმდეგ.

სანამ დეტალებზე გადავალთ, ჯერ ავთანდილ საყვარელიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას შემოგთავაზებთ:

„2008 წლის 17 სექტემბერს, შუაღამისას, ნოტარიუს ო. ზოიძის მიერ, აშკარა ძალადობრივი მოქმედებების მიუხედავად, გაფორმდა აქციების გადაცემა ბადრი წილოსანზე 2 ნაწილად (25,815%+25,815%). სასამართლომ გადალახულად ცნო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან ბადრი წილოსანთან ერთად და მისი დაკვეთით ძალადობაში მონაწილეობდნენ იმდროინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიც.

სასამართლომ გააუქმა ნოტარიული ხელშეკრულება და იძულებით გადაფორმებული აქციები დაუბრუნა კანონიერ მესაკუთრეს, შპს „თ.ჯ. თრეიდს“. ეს გახლავთ სამართლიანობის აღდგენის ნიმუში და ჩვენ დარწმუნებული ვართ, სწორედ ასეთი ობიექტურობის შედეგად მივაღწევთ ჩვენი აქციების სრული პაკეტის დაბრუნებას“.

ყველაზე უცნაური ის გახლავთ, თუ ვის უწოდებს საყვარელიძე სააკაშვილის მეგობრებს?! განცხადებაში არსად არის ნახსენები ის ფაქტი, რომ 2004 წელს, `ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე, 2005 წელს, პრეზიდენტის განკარგულებით, ავთო საყვარელიძეს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა „ვაგონშემკეთებლი ქარხნის“ საკონტროლო პაკეტი. გადაეცა მას მერე, რაც 2004 წელს ქარხნის დირექტორი ბადრი წილოსანი დაიჭირეს. 2008 წელს ქარხანა, ფაქტობრივად, სრულ გაკოტრებამდე მიიყვანეს, რის გამოც აუქციონზე გავიდა. სულ სხვა რამეს ჰყვება ამის შესახებ ავთანდილ საყვარელიძე 2013 წელს, როდესაც ბადრი წილოსანის წინააღმდეგ პირველად შეიტანა სარჩელი:

„2005 წელს ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე შევისყიდეთ ქარხნის აქციათა მართვის პაკეტი 51,63%. 2008 წელს, აგვისტოს ომიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, იძულების წესით მიმიყვანეს ფინანსურ პოლიციაში და მითხრეს, რომ აქციები იძულების წესით უნდა გადამეცა ბადრი წილოსანისთვის, რომელიც იქვე იმყოფებოდა _ დავით ქარსელაძის კაბინეტში. 100-მდე შეიარაღებული ადამიანი ნიღბებით თან დაგვყვებოდა, იმიტომ რომ ჩვენ მათ წინააღმდეგობა გავუწიეთ. 2008 წლის 17 სექტემბერს ნოტარიუს ზოიძის ოფისში, ფინანსური პოლიციის შეიარაღებული ბანდის წყალობით, ბორკილებით გაფორმდა აქციების ყიდვა-გაყიდვის უკანონო აქტი…“ _ აცხადებდა ავთანდილ საყვარელიძე.

ასამდე შეიარაღებულ და ნიღბიან ადამიანს, ფაქტობრივად, ჯარს, რომელიც ვითომდა თან დაჰყვებოდა ავთო საყვარელიძეს, არ ვიმჩნევთ (ამდენი პოლიციელი ფინანსურ პოლიციას საერთოდ არ ჰყავდა შტატში) და გადავდივართ მთავარზე.

 

რა ხდება 2008 წელს?

2008 წელს, მსოფლიო ბანკის რჩევით, კახა დამენია პრივატიზაციის ახალ ტალღას იწყებს. 2005 წლიდან 2008 წლის იანვრის ჩათვლით დამენია იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამავდროულად, იყო საგადასახადო დავების კომისიის წევრი, საგადასახადო და საკრედიტო ვალების რესტრუქტურიზაციის კომისიის წევრი და სახელმწიფო დივიდენდების განაწილების კომისიის თანათავმჯდომარე.

საპრივატიზაციოდ გაიტანეს საწარმოები, რომელთაც ყველაზე დიდი ფინანსური დავალიანება ჰქონდათ სახელმწიფოს წინაშე და, ფაქტობრივად, ვერ მუშაობდნენ.

სწორედ ამ პერიოდში ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე ცნობილი ქართული კომპანიები გამოიტანა. ესენი იყვნენ: „მადნეული“, „რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“, „ვაგონშემკეთებელი ქარხანა“ და „ეროვნული ზარაფხანა“. პარალელურად მომზადდა პაკეტი ბათუმის „ნავთობბაზაზე“ და რუსთავის „აზოტზე“.

„მადნეულის“ შესყიდვაში საკმაოდ ფართო სპექტრის ქვეყნები დაინტერესდნენ: შვეიცარია, ვირჯინიის კუნძულები, ავსტრია, რუსეთი, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, დუბაი. სულ 21 კომპანია. „მადნეულის“ შეძენით დაინტერესებული კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების ნუსხა კი ასე გამოიყურებოდა: „რისორსის ქეფითალ ფანდს“ (ავსტრალია), „ლიუინ ჰოლდინგს“ (ბაჰამა), „ევრაზიან მაინინგ კორპორეიშენ“ (ბრიტანეთი-კოლუმბია), „ჰორსტ ვიზინგერ კონსალტინგ“ (ავსტრია), „არმენიან კოპერ პროგრამ“ (სომხეთი), „ორეზონ რისორსის ინკორფორეიტედ“ (კანადა), „ბოლნისი გოლდ ენ ელ“ (საქართველო), „დევიდ ჯეო სიმენი“ (ბაჰამა), „ჩენგიზ გრუპ ეტი ბაკარ ა.ს“ (თურქეთი), „ლონდონ ინტერნეიშენალ ბანკ“ (დიდი ბრიტანეთი), „კაზრეთი მაინინგ“ (საქართველო), „სტენტონ ექუითიზ კორპორეიშენ“ (ვირჯინიის კუნძულები), „დენო“ (შვეიცარია), „რუსინკორი“ (რუსეთი), „სტენფორდ ინტერნეიშენალ“ (აშშ), „რომთრეიდ ლიმითედ“ (რუსეთი-შვეიცარია), „ფრანც გროუპ“ (დუბაი), „კინგს უეი“ (ყირგიზეთი), „ა-ტექ ინდასტრის“ (ავსტრია), „იუჟურალზოლოტო“ (რუსეთი) და „ჯიენ მენეჯმენტი“ (გაერთიანებული სამეფო).

კახა დამენიამ აუქციონის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საწარმოს გაყიდვიდან ბიუჯეტი, მინიმუმ, 40-50 მილიონ დოლარს მიიღებდა (დაახლოებით ამდენივე ამ მოცულობის ინვესტიცია სჭირდებოდა „მადნეულს“ სრულფასოვანი მუშაობისთვის).

ერთიან საპრივატიზაციო პაკეტში შედიოდა „მადნეულის“ აქციათა 97,25%, „საქართველოს სამთამადნო კომპანია“, „ბელაზკავკაზტრანსსერვისისა“ და „ტრანსფეთქმზიდის“ 100-100%. ასევე „ეკოლოგის“ 51%, „კვარციტის“, „ტრანს ჯორჯიან რესორსისა“ და „საფეხბურთო კლუბ დინამოს“ აქციათა 50-50%.

„რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“ გასაყიდად გამოტანილ ობიექტებს შორის ერთადერთი სახელმწიფო საწარმო იყო, რომელსაც ყველაზე მძიმე ვალდებულებები ჰქონდა. თუმცა აუქციონზე გატანამდე ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მეტალურგიული კომბინატის ახალი მესაკუთრე ბოლო თეთრამდე თავისუფალი იქნებოდა ამ საწარმოს მიერ დაგროვილი ყველა დავალიანებისგან. ეს ციფრი 117 მილიონ ლარამდე აღწევდა, ვინაიდან კომბინატს რამდენიმე მსხვილი კრედიტორი ჰყავდა, მათ შორის, „იტერა“ და „გაზპრომი“. ამ უკანასკნელის მიმართ მეტალურგიული კომბინატის დავალიანება 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა.

„რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ შეძენის სურვილი შემდეგმა კომპანიებმა გამოთქვეს: „აზიის გლობალური შესაძლებლობის ფონდი“ _ ჰონკონგი; შპს „გლობალ ტელჰოლდინგი“ _ დუბაი; კორპორაცია „ინდუსტრიალნი სოიუზ დონბასა“ _ უკრაინა; „მეტალჯეო“ _ იტალია; „ესარ გრუპი“ _ ინდოეთი.

და აი, მივედით „თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხნამდე“. „თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის“ პრივატიზაციის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში სამი კომპანია მონაწილეობდა. ესენი იყვნენ შპს „თ.ჯ. თრეიდი“ (საქართველო), „ბოიკო“ (რუსეთი) და შპს „ტრანსლოგისტივი“ (საქართველო). „ვაგონშემკეთებელ ქარხანაზე“, ფაქტობრივად, შენელებული აუქციონი მიმდინარეობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ინვესტორები ფასებს თანდათან ზრდიდნენ

(მკითხველს ვთხოვთ, ყურადღება მიაქციოს შეძენის მსურველთა  რაოდენობას პირველ ორ შემთხვევაში და ვაგონშემკეთებელი ქარხნის გაყიდვის შემთხვევაში).

საწარმოთა ჩამონათვალს აღარ გავაგრძელებთ, ისინი მხოლოდ შედარებისთვის მოვიყვანეთ _ ვაგონშემკეთებელი ქარხნის გაყიდვა ეს იყო საპრივატიზაციო რეფორმის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ოცამდე  კომპანია გაიტანეს აუქციონზე და გაყიდეს. არც ერთი ქარხნის შემთხვევაში ეს პროცესი არ განხორციელებულა არც პირდაპირი მიყიდვის წესით და არც აქციების გასხვისებით.

17 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „თ.ჯ. თრეიდი“ ფ/პ ბადრი წილოსანის წინააღმდეგ საქმეზე, ავთანდილ საყვარელიძის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 2008 წელს ბადრი წილოსანისთვის მიყიდული ქარხნის 25%-იანი წილის გადაფორმების ხელშეკრულება ბათილად ცნო.

ვინაიდან სასამართლო პროცესი გრძელდება, „ქრონიკა+“ წარმოგიდგენთ, როგორ გამოიყურება ავთო საყვარელიძისა და მისი ოჯახის ბიზნესი, სადაც ისინი პარტნიორები არიან:

კომპანიები: „ემ-ოილი“, შპს „ა.ს“, „ლ.ა.ზ.“, „ტექნოილი“, „წითელქუდა გრუპი“, „ა.ს. ჯგუფი“, „ორიონი-დილერი“, „ვაკე ჰილლ“, „თ.ჯ. თრეიდი“, „გამწვანება-94“, „თბილეკოტექმრეწვი“.

„თ.ჯ. თრეიდს“, რომლის სასარგებლოდაც სარჩელი დაკმაყოფილდა, „ელექტროვაგონშემკეთებლის“ ვალი აქვს 28 მილიონი ლარი, რომელზეც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი. შესაბამისად, თავად „თ.ჯ. თრეიდის“ წინააღმდეგ ხორციელდება სააღსრულებო წარმოება 28 000 000 ლარის ამოღების მიზნით.

საყვარელიძის ბიოგრაფიული მონაცემები ასე გამოიყურება:

დაამთავრა ნოვოსიბირსკის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონული ტექნიკის ფაკულტეტი 1983 წელს; 1983-1984 წწ.-ებში იყო საწარმოო გაერთიანება „ორიონის“ მუშა, 1984-1985 წწ.-ებში ინჟინერი, 1985-1987 წწ.-ებში კომკავშირის მდივანი, 1987-1988 წწ.-ებში პარტკომის მდივანი, 1988-1990 წწ.-ებში გენერალური დირექტორი; 1990-1993 წწ.-ებში შპს „ბაასის“ გენერალური დირექტორი; 1993-1995 წწ.-ებში „ჯორჯიანტრანზოილის“ ვიცე-პრეზიდენტი;

„თი-ჯი თრეიდი“ _ სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2000-2005);

ოლიმპიური თამაშები „ატლანტა 96“ _ სამთავრობო კომისია, წევრი (1994-1996);

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია _ პრეზიდენტი (1995-1997);

საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი _ წევრი (1995-1999);

საქართველოში ჰიდრორესურსების განვითარების სამთავრობო კომისია _ წევრი (1994-1996);

სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა“ სამეთვალყურეო საბჭო _ თავმჯდომარე (2005-2008);

შპს „ა.ს. ჯგუფი 1990“ სამეთვალყურეო საბჭო _ თავმჯდომარე (2013).

პირველად ავთო საყვარელიძემ მთავარ პროკურატურას 2013 წლის 16 მაისს მიმართა და მოითხოვა „ვაგონმშენებელი ქარხნის“ წილების მისთვის დაბრუნება.

ყველაზე უცნაური ის გახლავთ, რომ საყვარელიძე არც ერთ პუნქტში არ ახსენებს მისი ყოფილი პარტნიორის, ბადრი წილოსანის რეპრესიებს. კერძოდ, 2004 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ ბადრი წილოსანი დააპატიმრა, თავისუფლების სანაცვლოდ კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქარხნის წილი ზეწოლითა და მუქარით დაათმობინა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა საყვარელიძე, რომელმაც 2005 წელს, ყოველგვარი აუქციონის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ, მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღო ქარხნის წილების საკონტროლო პაკეტი.

ასე გახდა საყვარელიძე ქარხნის მეპატრონე და რა იწყება ამის შემდეგ? იწყება ის, რითიც დასრულდა _ 2008 წელს კახა დამენიას აუქციონზე გააქვს გაკოტრებული საწარმოები. ფინანსური პოლიცია კი პარალელურად მოძიებას და მოკვლევას იწყებს, თუ როგორ გაკოტრდა ეს საწარმოები _ მიზანმიმართულად თუ სხვა მიზეზების გამო. არა მარტო „ვაგონშემკეთებელი ქარხნის“, არამედ  აუქციონზე გატანილი 20 ქარხნის საქმის შესწავლა ხდება, რათა დადგინდეს სახელმწიფოს წინაშე წარმოშობილი დავალიანების პირველწყარო.

სწორედ ამ სეგმენტში ექმნება პრობლემები ავთო საყვარელიძეს. როგორც მასალებიდან ირკვევა, საყვარელიძემ რკინიგზასთან 63-მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა, სხვადასხვა ბანკიდან 47 მილიონი ლარის სესხი აიღო და, საბოლოოდ, მხოლოდ 20 მილიონი ლარის ღირებულების  პროდუქცია გამოუშვა, რომელიც ხარჯებსაც კი ვერ ფარავდა.

როგორც დღეს უფლებადამცველთა გაერთიანება აცხადებს, სინამდვილეში საქმეში კეზერაშვილი კი არ ფიგურირებდა, არამედ 2008 წელს, ქარხნის გაკოტრების შემდეგ, ავთო საყვარელიძე მიდის ბადრი წილოსანთან და ქარხანას სთავაზობს. ბადრი წილოსანმა ერთხელ უკვე ნაყიდი და შემდგომ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქარხნის აქციები კვლავ შეისყიდა და გაკოტრებული ქარხნის 25%-ში 1 100 000 დოლარი გადაიხადა. 1 100 000 დოლარის მიღებიდან 6 წლის შემდეგ საყვარელიძეს წილოსანის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს და აცხადებს, რომ აქციები იძულებით დაათმობინეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და „ქრონიკა+“ მომავალში ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ უფრო დიდ სკანდალებს გპირდებათ.

 

თამარ როსტიაშვილი