ადამიანები, რომლებსაც ახალი წლის დადგომა არ უხარიათ

ქუთაისში 2018 წელი ყველასთვის სხვადასხვაგვარად მოდის. ადამიანთა მცირე ნაწილი ინფლაციასა და ფასების მატებას, მაინცდამაინც, არ უჩივის და მათ საახლწლო სუფრას რაიმე სახის კორექტირება შემცირების კუთხით, სავარაუდოდ, არ ემუქრება, მაგრამ არიან ისეთებიც და, მათი რიცხვი არცთუ ცოტაა, რომლებსაც დანაზოგი მხოლოდ იმისთვის ეყოფათ, რომ 31 დეკემბერს მაგიდაზე რამე მაინც მოათავსონ და მომავალი წლის დადგომას სიმბოლურად გახარებულები შეხვდნენ.

63 წლის ნანული ხუჭუასთვის 31 დეკემბერი ერთი ჩვეულებრივი დღე იქნება. იგი უკვე 20 წელია, ვაგონში მარტო ცხოვრობს. „უკვე მეორე თვეა ველოდები, რომ მოხუცთა თავშესაფარში წამიყვანენ, მაგრამ ჯერ არავინ ჩანს. ამასობაში, ზამთარი მოვიდა და აქ უკვე ძალიან მცივა“, _ ამბობს იგი და ნახევრად დანგრეული ვაგონის დატოვებას სულმოუთქმელად ელოდება.
ერთი საწოლი, სკამი და ფიცრებისგან შეჭედილი ყუთი, რომელიც მაგიდის ფუნქციას ასრულებს _ ესაა მთელი ის ავეჯი, რომელსაც მარტოხელა მოხუცის „სახლში“ ნახავთ. მეტის საჭიროებას ის ვერც ხედავს, რადგან აცხადებს, რომ 4 კვ.მ. ფართის ვაგონში სხვა რამეს მაინც ვერ მოათავსებს.
ავტოქარხნის დასახლების ბოლოს თუ მოხვდებით, ადვილად შეამჩნევთ მწვანე ფერის ვაგონს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სახლებიდან მოშორებით დგას. რკინის ვაგონს კარი ჩამოვარდნილი აქვს, თუმცა ასეც რომ არ იყოს, მასში სითბოს შენარჩუნება, თითქმის, შეუძლებელია, ამიტომაც მისი ბინადარი გათბობას ცელოფნის პარკებითა და სხვადასხვა საშუალებით ცდილობს. ბუნებრივია, „საცხოვრებელში“ არც გაზია და არც დენი. შეშის ღუმელი ქალბატონი ნანულისთვის ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ზამთრის მოახლოების შიშს შედარებით უმსუბუქებს, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუკი შეშის შეგროვება მოახერხა. ამისთვის მას ქალაქის შემოგარენში საკმაოდ ხანგრძლივად სიარული უწევს, დენის არქონის გამო კი დაბნელებისას სანთელს ანთებს, რომლის დაზოგვის გამოც ადრე წვება.
ქალბატონი ნანული ხუჭუა წლების წინათ სამტრედიაში ცხოვრობდა, მაგრამ ოჯახური კონფლიტის გამო მშობლიურ რაიონს განერიდა და ქუთაისთან ახლოს მიტოვებულ ვაგონს შეაფარა თავი. იგი ამჟამად სოციალურად დაუცველთა სიაშია და ყოველთვიურ 180-ლარიან პენსიასთან ერთად 60-ლარიან დახმარებასაც ღებულობს. საჭმელი, ძირითადად, მადლიერების სახლიდან მოაქვს.
„ასეთ ყოფაში ცხოვრება ძნელია. მარტო დარჩენის მეშინია. რამე რომ დამჭირდეს, არავინ მყავს. იქნებ, ვინმემ მაინც შემიბრალოს და საშუალება მომცეს, სიბერე მოხუცთა თავშესაფარში, ადამიანების გარემოცვაში გავატარო. ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე პანსიონში ცხოვრებას ვინატრებდი, მაგრამ შიშთან ერთად აქ ძალიან მცივა. ხშირად მშია და მადლიერების სახლამდე მისვლასაც ვერ ვახერხებ, ისე გაყინული ვარ. ამიტომ მინდა, მოხუცთა თავშესაფარში ერთი პატარა კუთხე გამოიძებნოს ჩემთვის“. ამბობს ნანული ხუჭუა.
ხანდაზმულთა პანსიონატში მოხვედრა გარკვეული პროცედურების შესრულებას ითხოვს. პირველ ეტაპზე მსურველმა სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართოს, რომელსაც ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული ცნობაც უნდა ერთოს თან. სწორედ ამის შემდეგ იწყებს სოციალური აგენტი ხანდაზმულთან მუშაობას, რათა დოკუმენტაცია სრულად შეივსოს და ე. წ. პრიორიტეტის ჯგუფი დადგინდეს. ბენეფეციარის ბედს კი სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატი წყვეტს. აღნიშნული სტრუქტურის იმერეთის წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ ნათელა ხუჭუას საქმეს აქტიურად სწავლობენ და დამატებითი დეტალების მოძიებას ცდილობენ, რათა პანსიონში მისი გადაყვანა დაჩქარდეს.
„აღმოჩნდა, რომ მას ოჯახის წევრები ჰყავს. ჩვენ გადავამოწმეთ, სამტრედიაში ადგილზე ჩავედით, თუმცა იქ ფაქტი არ დაგვიდასტურეს. ახლა ისევ ვცდილობთ, ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს, რომ მისი ბენეფიციარად აყვანა დავაჩქაროთ“, _ ამბობს იმერეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ნინო ჭიღლაძე და განმარტავს, რომ განცხადების დაწერის შემთხვევაში აუცილებლად ყველა მსურველი დაკმაყოფილდება, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ კონკრეტული დრო განსაზღვრული არ არის, თუ რამდენ ხანში მიიღებს ხანდაზმული სახელმწიფო მზრუნველობას.
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში დღეისთვის 85 ადამიანი ცხოვრობს. აქ ბენეფიციართა მომსახურება სრულად და თანადაფინანსებით მიმდინარეობს. ეს დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე, რომელიც ბენეფიციარის ოჯახს აქვს მინიჭებული. რა პირობებით განთავსება იქ ნანული ხუჭუა, ჯერჯერობით, უცნობია.
ქალბატონი ნანული ერთადერთი არაა, რომლის საცხოვრებელი გარემოც აბსოლუტურად არ აკმაყოფილებს ელემენტარულ პირობებსაც კი.
ხუნდაძის ქუჩაზე მცხოვრები 80 წლის ალბერტა ჩხაიძე იმ 2000 ბენეფიციართა შორისაა, რომლებსაც ქუთაისის მადლიერების სახლისგან საახალწლო ნობათის სახით 2 კგ. შაქარი, შედედებულ რძე, 1 კგ. შოკოლადი, მაიონეზი, 1 შეკვრა კვერცხი და 2 კგ. პურის ფქვილი გადაეცემა. ქალბატონი ალბერტა სოციალურად დაუცველია. იგი სადარბაზოს საწყობში უკვე 9 წელია, ცხოვრობს. საცხოვრებელი ოთახი იმდენად პატარაა, რომ 2 ადამიანის ერთდროულად იქ გაჩერება, თითქმის, შეუძლებელია, ამომტვრეული იატაკიდან კი „ოთახში“ ღამის საათებში თაგვები თავისუფლად შემოდიან.
ყველაზე მეტად სუფთა საცხოვრებელი ოთახი და საჭმელი ენატრება. გვიყვება, რომ საახალწლო განწყობა არ აქვს, რადგან იცის, რომ კერძისთვის პროდუქტების შეძენას ვერ შეძლებს, რადგან პენსიის გარკვეული ნაწილი წამლების შესაძენად წინასწარ აიღო.
ამ ორი ქალბატონის უკან კიდევ ბევრი მოხუცია, რომლებიც მეზობლების, ან, უბრალოდ, უცნობი ადამიანების მიერ გაცემული წყალობით ირჩენენ თავს. ქუთაისის ქუჩებში ხელგაწვდილი ადამიანების ხილვა დღეს არცთუ ისე იშვიათია. ბევრი მათგანი თავჩაღუნული, ჩუმად დგას და გამვლელთათვის თვალებში შეხედვის ერიდება. ქალაქში მრავლადაა ისეთი ადამიანების რიცხვიც, რომლებიც თავშესაფრის არქონის გამო თვითნებურად დაკავებულ ფართებში განთავსდნენ, ან ქირით ცხოვრობენ. 2017 წელს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სოციალურ საცხოვრისში რამდენიმე ასეთი ოჯახის განაწილება მოხერხდა, მაგრამ საერთო სურათი იმდენად მძიმეა, რომ ქუთაისის მერიას სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება თანხების მობილიზებისთვის და სოციალური საცხოვრისების დამატებით ასაშენებლად. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ადამიანები, რომლებსაც 2018 წლის დადგომა არ უხარიათ, უყურადღებოდ, ერთჯერადი დახმარების იმედად არ დარჩებიან.

ხვიჩა ვაშაყმაძე