ხაშურის საუბნო კომისიის წევრს ჯარიმის ,,ბუზი დააჯდა”

ვის მოუწევს ბიუჯეტის 2000 ლარით გამდიდრება

 

ხაშურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ილია კაპანაძე, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიის წარმოებისას ხელის შეშლაში ადანაშაულებს. კაპანაძეს მაგალითად მოჰყავს 4 ოქტომბერს ხაშურში, ცხინვალის ქუჩაზე გამართული შეხვედრა, როდესაც ხაშურის #49-ე საუბნო კომისიის წევრმა, რამაზ ლომიძემ, მისი ჩაშლა სცადა.

 

ლომიძე საუბნო კომისიაში მმართველ პარტიას წარმოადგენს. „6 საათზე ამომრჩევლებს ვხვდებოდი, როდესაც რამაზ ლომიძე მოვიდა და „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატ გიორგი გურასპაშვილის მხარდასაჭერად აგიტაციას აწარმოებდა, რაც კანონით აკრძალულია“, _ ამბობს ილია კაპანაძე. მისივე თქმით, აღნიშნული ხელის შეშლის პირველი მცდელობა არ არის.

„ასე აკეთებენ ყოველთვის. მსგავსი ტიპის პროვოკაციები თითქმის ყველა შეხვედრაზე ხდება. იმედია, გიორგი გურასპაშვილი გააფრთხილებს თავისი პარტიის წევრებს და მსგავსი რამ აღარ განმეორდება“, _ დასძინა მან.

„ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა დაადასტურა, რომ რამაზ ლომიძე ნამდვილად არის #49-ე საუბნო კომისიის წევრი მმართველი პარტიიდან.

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტის განმარტებით, საარჩევნო კოდექსი საუბნო კომისიის წევრებს საარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობას უკრძალავს. ლექსო მერებაშვილის განცხადებით, მსგავსი ქმედება ადმინისტრაციული წესით ჯარიმდება, ხოლო ჯარიმის ოდენობა 2000 ლარს შეადგენს. ეს არის წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონის დარღვევით მონაწილეობა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა შეისწავლოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს“, _ აღნიშნა მან.

ილია კაპანაძის წარმომადგენელმა ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ფაქტის გამოსაკვლევად უკვე მიმართა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საარჩევნო ადმინისტრაცია, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, საჩივარს არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამზადებენ და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუგზავნიან.

მალხაზ მიქელაძე