„ცხოვრება არის ნეტარი, როცა ხარ პარლამენტარი“ _ ენმ-ს დეპუტაციამ გამოსცადა, რომ ეს ლექსპრომტი მათზე არ გავრცელდება

rr

„ერთიან ნაციონალურ“ მოძრაობას ისევ სადაგი დღეები უდგას. პრობლემა, რომელიც პარტიას მოულოდნელად და, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა, მყისიერად შეექმნა ამომრჩეველთან, თანდათან ღრმავდება და კაცმა არ იცის, შეძლებს თუ არა ენმ ამ პრობლემის ღირსეულად გადაჭრას ისე, რომ სახეც შეინარჩუნოს, ერთიანობაც და ამომრჩეველიც.

ბოთლიდან ამოშვებულ ჯინად, ისევე როგორც ქართულ პოლიტიკაში 2011 წელს, აქაც უსტარი გვევლინება და არა ზეპირი განცხადებები. თუ 2011 წელს ასეთი ჯინი ბიძინა ივანიშვილის პირველი წერილი იყო, 2016 წელს ენმ-ს ჯინად პოლიტსაბჭოს ცნობილი განცხადება იქცა გამიჯვნა-დაგმობის შესახებ და, რაც მთავარია, არა მარტო ივანიშვილის რეჟიმი დაიგმო, არამედ ივანიშვილთან ენმ-ს ახლანდელი ლიდერშიპის რაიმე სახით დამკავშირებელი მხარდამჭერებიც.

აქვს თუ არა დღეს ენმ-ს ფუფუნება, გაემიჯნოს თუნდაც ყველაზე რადიკალურ მხარდამჭერებს? იმ ფონზე, რაც დღეს არსებობს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, როცა თითოეული ხმაც კი ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ, იმ განცხადების მიღება არ ღირდა. შესაძლოა, ამას უკვე ხვდებიან პოლიტსაბჭოს ის წევრები, რომლებმაც გამიჯვნას მხარი დაუჭირეს, მაგრამ უკვე გვიანი ჰგონიათ და ასეცაა.

არადა, ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა: პარტიის პოლიტსაბჭომ იუკადრისა ამომრჩეველთა მხრიდან კატეგორიული ტონი და ის, რომ მხარდამჭერთა ნაწილისთვის ისინი უცებ იქცნენ გაყიდულებად, შეკრულებად და, ლამის იყო, ივანიშვილთან ერთად მოქმედება დაბრალდათ.

აკი, ამბობენ კიდეც პოლიტსაბჭოს ის წევრები, რომლებმაც განცხადებას ხელი მოაწერეს, რომ მათ ამომრჩეველი კი არ გაულანძღავთ, არამედ მადლობა გადაუხადეს. ისინი იმასაც ამბობენ, რომ არანაირი გამიჯვნა ამომრჩევლისგან არ მომხდარა, რადგან ამომრჩეველი, რომელმაც ენმ-ს წევრებს ივანიშვილთან ალიანსი დააბრალა, თავად გაემიჯნა პარტიას და გაიმიჯნა თავი მისგან. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ამ წევრთა პოზიციაში მათი წილი სიმართლე არის, ის მაინც გაბუტვას ჰგავდა, რადგან ამომრჩეველი, მხარდამჭერი, თავისუფალია თავისი გამოხატვის ფორმებში და თუნდაც ყველაზე მიუღებელი ფორმით გამოთქვამდეს ეჭვს, მას კი არ უნდა გაემიჯნო, არამედ იმის ძებნა უნდა დაიწყო, რამ წარმოშვა მასში ეს ეჭვი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეჭვს ელემენტარული საფუძველი მაინც აქვს, ან იმის აღქმა არსებობს, რომ შესაძლოა, ჰქონდეს, მაშინ პარტიამ ამომრჩეველს უნდა აუხსნას, რომ ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს…

სწორედ ეს იყო იმ ენმ-ელთა არგუმენტი, რომლებმაც განცხადებას ხელი არ მოაწერეს: არჩევნების შემდეგ, სადაც პარტიამ წარმატება ვერ მოიპოვა, მსგავსი განცხადების მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და მხარდამჭერთა უარყოფით რეაქციას გამოიწვევს. საბოლოოდ, განცხადების ის ტექსტი მაინც გავიდა და, რასაკვირველია, დღემდე განხილვის საგანია. რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, განცხადების შესახებ სხვა პარტიების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმაც ისაუბრეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ არ ახსოვთ მსოფლიო პრაქტიკაში ანალოგი, როცა პარტია ამომრჩეველთა თუნდაც რადიკალურ ნაწილს ამ ფორმით გაემიჯნა.

ზოგმა არგენტინის ნაკრების ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული ფეხბურთელის, ლიონელ მესის მაგალითიც მოიყვანა: როცა გულშემატკივარი მასზე გაბრაზდა, _ ეგ არგენტინის ნაკრებისთვის კი არა, „ბარსელონასთვის“ თამაშობს, ნაკრები არ აინტერესებს და ამიტომაც არ გამოსდის თამაშიო, ლიონელ მესის ერთი მკვახე სიტყვაც კი არ დასცდენია რადიკალი გულშემატკივრებისადმი, გამოვიდა და განაცხადა: არგენტინა ძალიან მიყვარს, მიყვარს ნაკრებიც და ჩემთვის დიდი პატივია ამ ნაკრებში ყოფნა, ყველაფერს ვაკეთებ, რომ აქ ჩემი თამაში წარმატებული იყოს, მაგრამ, ეტყობა, თქვენ ვერ დაგარწმუნეთ, რომ ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. ეტყობა, ისევ ჩემი ბრალიაო და არგენტინის ნაკრებიდან წავიდა. გავიდა სულ რამდენიმე დღე და გულშემატკივარი მიხვდა, რომ ტყუილად აწყენინა თავის კერპს, ამიტომ მასთან მივიდნენ და ნაკრებში დაბრუნება სთხოვეს. ისიც დაბრუნდა…

სპორტი და პოლიტიკა, რასაკვირველია, სხვადასხვა სფეროა, მაგრამ რადიკალი გულშემატკივრების კუთხით სპორტიც გამორჩეულია და პოლიტიკაც. თანაც, ენმ-ს ამომრჩევლები ხშირად ამაყობენ და თავად პარტიასაც არაერთგზის აღუნიშნავს, რომ ენმ-ს ყველა სხვა პარტიისგან განსხვავებული, ინტელექტუალი, იდეური მხარდამჭერები ჰყავს, რაც ზნეობრიობის სხვადასხვა ბარიერსაც გულისხმობს და ცხადია, ენმ-ს რადიკალი გულშემატკივრებიც სწორედ ამ ბარიერებიდან გამომდინარე უყენებენ თავიანთ წარმომადგენლებს მოთხოვნებს…

დღევანდელ მოცემულობაში, პარტიის ის ორი რჩეული, რომელთა წინასაარჩევნო შეხვედრები ყველაზე მეტი დრაივითა და ემოციით გამოირჩეოდა, საერთოდაც, დეპუტატის მანდატს მიღმა არის დარჩენილი _ ცხადია, მათივე სურვილით. სანდრას კვალდაკვალ პარლამენტარის მანდატსა და პრივილეგიებზე ლევან ვარშალომიძემაც უარი თქვა. თუ ვინმე გაიხსენებს აჭარაში ლევან ვარშალომიძის დაბრუნების დღეს და ზღვა ხალხს, რომელიც სარფთან მას და სანდრა რულოვსს დახვდა, მაშინვე დაასკვნის, რომ მუხტის არარსებობა სულ თითიდან გამოწოვილი მიზეზია და ეს მუხტი წინასაარჩევნოდ სწორედ ვარშალომიძემ და სანდრა რულოვსმა გააჩინეს. ლევან ვარშალომიძისა და სანდრა რულოვსის ნებისმიერი შეხვედრა ამომრჩეველთან, იქნებოდა ეს მასშტაბური, თუ ლოკალური, სწორედ ამგვარი მუხტის გამოვლინება იყო და ეს გრძელდებოდა თითქმის არჩევნების დღემდე, ოღონდ, ისიც უნდა ითქვას, რომ ადგილებზე გადანაწილებულ ენმ-ს სხვა ლიდერებს ბევრი არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ნაპერწკლისგან ალი ანთებულიყო. ასე რომ, მუხტის გასაჩენად არაფერი გააკეთო და იძახო, _ მუხტი არ არისო! მინიმუმ, არაკეთილსინდისიერი საქციელია: მუხტი არსად თავისით არ ჩნდება და, სხვათა შორის, არჩევნების ბედს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში დღემდე სწორედ მუხტი წყვეტს და არა დამჯდარი, მინავლული ტემპით მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბარი. თანამედროვე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ჩატარებულმა არჩევნებმა ბოლო პერიოდში სწორედ ის აჩვენა, რომ იგებს აგრესიული, აქტიური ლიდერი და არა მხოლოდ „მოლაპარაკე თავი“.

არც ახალი სახეების წარმოჩენაა ენმ-ს ნოუჰაუ: მსგავსი მეთოდებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში მანამდეც მიუმართავთ, როცა მთლიანად, პარტიის სახელწოდების შეცვლა და ფუნდამენტური ცვლილებები არ სურდათ, თუმცა მეტნაკლები წარმატებით, თანაც, სხვაგან პარტია არა მხოლოდ ახალ სახეებს აანონსებდა და მათ აგზავნიდა სხვადასხვა ტოქშოუში, ინტერვიუებსა და შეხვედრებზე, არამედ მოწინააღმდეგის მიერ მიკერებული სტიგმის წინააღმდეგაც მუშაობდა, რაც ენმ-ში არ და ვერ გაკეთდა.

მათი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო, რომ პარტიისთვის წამგებიანად მიიჩნიეს წარსულზე ლაპარაკი და გადაწყვიტეს, რომ წარსულზე ან არ ელაპარაკათ, ან, კიდევ, თუ მაინცდამაინც ლაპარაკს ვერ ასცდებოდნენ, უნდა ელაპარაკათ დამნაშავის პოზიციიდან, ბოდიშის მოხდით.

ამან ენმ-ს უკვე არსებული მომხრეები გაანაწყენა, ხოლო ახალი მხარდამჭერები, როგორც გამოჩნდა, ვერ შესძინა და რასაკვირველია, როცა საქმე-საქმეზე მიდგა, ამ წარუმატებლობის მთავარ მიზეზად ისევ ის ადამიანები კი არ დასახელდნენ, რომლებმაც წინასაარჩევნო კამპანია ამგავარად დაგეგმეს, არამედ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც, თურმე, თავისი ხშირი ჩარევებითა და გამოხტომებით წინასაარჩევნო შედეგებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და „შუაშისტი“ ამომრჩევლის დაფრთხობა გამოიწვია, რადგან ბევრმა ისე აღიქვა, რომ „სააკაშვილი დაბრუნდებოდა და დედას გვიტირებდა“.

ამ კონტექსტში განიხილება სააკაშვილის ცნობილი „მე გადმოვცურავ ზღვას“. თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ამ ფრაზასთან დაკავშირებით არა, მაგრამ მის აქტივობასთან დაკავშირებით არჩევნების შემდეგ არაერთხელ ისაუბრა და ხელებიც გაშალა, _ მე რა შუაში ვარ, ვინც წინასაარჩევნო კამპანიაზე პასუხისმგებლობა აიღო, პასუხიც იმან უნდა აგოსო.

არდასახელებული „კოლმეურნეობის თავმჯდომარე“ გიგა ბოკერია აღმოჩნდა, რომელთანაც, რომისა არ იყოს, ამჟამად ყველა გზა მიდის. სწორედ ბოკერია შეხვდა სააკაშვილს რამდენჯერმე და როცა სააკაშვილმა მისი ხედვები, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად მიიღო, მისგან ასეთი პასუხი მოისმინა: „ამ ყველაფერს ჩემს თავზე მე ვიღებ“. „ჰოდა, ახლა პასუხი აგოს, რა ვქნა?“ _ ამბობს სააკაშვილი, ისევ კონკრეტული გვარის დაუსახელებლად…

რა პასუხი აქვს გიგა ბოკერიას? ის არა, მაგრამ „ფეისბუქში“ თამარ ჩერგოლეიშვილი ხშირად წერს, რომ პასუხისმგებლობის აღებას ერთი დათქმა ჰქონდა: სააკაშვილი პროცესებში არ უნდა ჩარეულიყო. „ასეთ შემთხვევაში იღებდნენ პასუხისმგებლობას. ათასჯერ ჩამოართვეს ხელი იმ კაცს, ვისი სახელიც არ ითქმის“, _ წერს ერთგან ჩერგოლეიშვილი.

ის კიდევ ბევრ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და მართალია, პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ ჯერ მის წინააღმდეგ „გაზპრომთან“ დაკავშირებული კამპანიის აგორებას, შემდეგ კი ენმ-ს იმ წევრთა წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, ვინც პარლამენტში შესვლას მხარი დაუჭირა, სააკაშვილისგან ორკესტრირებულად და წახალისებულად მიიჩნევს, ამ ყველაფერში „თავისუფალი ზონის“ ჩართვით. სააკაშვილი კი ამბობს, რომ არანაირად არ ჩარეულა პროცესებში და მისი განცხადებები არავისაც არ აფრთხობდა:

„რომც შეშინებულიყო ვინმე, რასაც არ გამოვრიცხავ, შენ პირველ რიგში, შენს ამომრჩეველზე უნდა იმუშაო. ეს მაინც ხმას გვაძლევს ისედაც და მოდი, ის ამომრჩეველი მივიმხროთო, ასე არ ხდება, მაინც ხმას არავინ არავის არ აძლევს“, _ ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, მხარდამჭერებს შეკითხვები მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო აქტივობასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ. მაგალითად, 5 ოქტომბრის წინასაარჩევნოდ ბოლო მიტინგზე მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ჩაწერილი იყო და სანამ მას იმ შეკრებაზე გაუშვებდნენ, პარტიის ლიდერშიპის წარმომადგენლებმა და პოლიტსაბჭოს წევრებმაც მანამდე ნახეს.

არც ერთს არ გამოუთქვამს ხმამაღლა მოსაზრება (ყოველ შემთხვევაში, ამგვარი პოზიციის შესახებ ცნობილი არ არის), რომ ეს მიმართვა და მისი ჩვენება მიტინგზე პარტიას დააზარალებდა. უფრო პირიქით _ ჩაითვალა, რომ ეს მიმართვა და, მათ შორის, სიტყვები „მე გადმოვცურავ ზღვას“ საჭირო დრაივს შემოიტანდა არჩევნებამდე ორი დღით ადრე და მომხრეთა იმ ნაწილის დარაზმვასაც შეუწყობდა ხელს, ვინც ენმ-ში მხოლოდ მიხეილ საკაშვილის გამო მოიაზრებდა თავს.

სააკაშვილის ბოლო ინტერვიუს, თითქოს, ყველაფრისთვის ნათელი უნდა მოეფინა, მაგრამ მხოლოდ ის გააკეთა, რომ „ერთი-ორი“ პირი, ვისაც ის „ახირებულად“ მოიხსენიებდა, ახლა უკვე „სამ-ოთხად“ იქცა და ულტიმატუმივით გაიჟღერა მისმა მოთხოვნამ წარმომადგენლობითი ყრილობის ჩატარების შესახებ. დასახელდა კონკრეტული რიცხვებიც: „ხუთი, ათი ათასი დელეგატით“. რადიკალმა მომხრეებმა მაშინვე ბოლო აიტაცეს და დაწერეს, რომ თუ ყრილობა მაინც 500 დელეგატით ჩატარდებოდა, გარეთ 9.5000 ენმ-ს მხარდამჭერი შეიკრიბებოდა და არ იყო გამორიცხული, დარბაზშიც ვარდებით შესულიყვნენ. ვინ, ვინ და გიგა ბოკერიამ ნამდვილად კარგად უნდა იცოდეს, რისი შემძლე არიან „მიშას გიჟები“ და, ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ, სავარაუდოდ, მანვე გადაწყვიტა, სააკაშვილთან კონსულტაციები დაწყებულიყო, ერთი მხრივ, აგრესიულ მომხრეთა ტონის შერბილებისა და, მეორე მხრივ, ყრილობის ჩატარების ფორმასთან დაკავშირებით.

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ამგვარი მოლაპარაკება უკვე დაწყებულია, თუმცა თავად გიგა ბოკერია მასში არ ფიგურირებს. ჩვენი წყარო კიევში ჩასულ გია ბარამიძეს სწორედ ამ სქემის დესპანად ასახელებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ეს დესპანი არ მიიღო და ის თავის სხვა თანამოაზრეებს „გადააბარა“, რაც მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ერთმანეთთან მხოლოდ სააკაშვილსა და ბოკერიას აქვს გასაყოფი და სხვა ყველა, ამ შემთხვევაში, ზედმეტია…

და მაინც, როგორ ჩატარდება დეკემბერში დაგეგმილი ყრილობა და ჩატარდება თუ არა ის დეკემბერში? წერილი ტყუილად არ დაგვიწყია სიტყვებით, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სადაგი დღეები უდგას. ეს „შავი დღეები“ ფინანსური კუთხითაც შავი დღეებია: პარტიამ თებერვლამდე შეაჩერა აქტივობები რეგიონებში, დახურა რეგიონული ოფისები, ხოლო თბილისში მხოლოდ ცენტრალური და კიდევ რამდენიმე ოფისი, მათ შორის, ვაკის პარტიული და, ასევე, ელენე ხოშტარიას ოფისიღაა შენარჩუნებული. აქედან ვაკის ოფისს ისევ პარტიის წევრები ინახავენ.

მოგეხსენებათ, ყრილობის ჩატარებაც ფინანსებთანაა დაკავშირებული, ამ ეტაპზე კი ენმ-ს ფინანსების მოზიდვის უნარი ნაკლებად აქვს. შიდა არეულობის ფონზე პარტიისთვის თანხის გადაცემაზე უარს ამბობენ ბიზნესმენები. ამ ფონზე უკრაინაში, უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებული სტარტი აიღო მიხეილ სააკაშვილის ახალმა პარტიამ. კიევსა და სხვა ქალაქებში გაიხსნა საკმაოდ დიდი ოფისები, დაფინანსდა აქტივობა სხვადასხვა კუთხით, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილმა, სკეპტიკოსთა ვარაუდების საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური აქტივობისთვის საჭირო თანხა მოიზიდა და უკრაინიდან წასვლასაც არ აპირებს. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, მას ვერც უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ, რათა საქართველოს გადასცენ _ მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ქვეყანამ თავისი მოქალაქე მოქალაქეობის გარეთ დატოვოს, ასე რომ, სააკაშვილს საქართველოში ექსტრადირება არ ემუქრება.

სანამ ენმ-ში ცოდვა-მადლის ქვაბი თუხთუხებს, „ქართული ოცნება“ ამ რეალობით ტკბობას აგრძელებს და ხელებსაც ითბობს. ამის ნათელი დადასტურება ახლად გამომცხვარი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სპიჩია, რომელმაც სააკაშვილი ენმ-ს „ყოფილ ლიდერად“ მოიხსენია და პარტიის დეპუტაციას მოუწონა, რომ მას გაემიჯნა. ამ განცხადების საპირწონედ „ნაციონალებს“ დარბაზში ხმა არ ამოუღიათ და არც საპასუხო განცხადების გასაკეთებლად მოუთხოვიათ ტრიბუნა, თუმცა უკვე სხდომის დასრულების შემდეგ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ შეუძლებელია, პარტია თავის ლიდერს გაემიჯნოს და დაამატა, რომ კობახიძე, უბრალოდ, მატყუარაა.

ფაქტია, რომ ენმ-ს დეპუტაციას პარლამენტის სხდომებზე დასწრება ორმაგი წნეხის ქვეშ უწევს: ერთი მხრივ, დადარაჯებული მეოცნებეები და, მეორე მხრივ, გამადიდებელი ლუპით ხელში ჩასაფრებული მათივე მომხრეები მოსვენებას არ აძლევენ. მაგრამ ეს მათი არჩევანი იყო და უკვე ცხადია, რომ მათზე არ გავრცელდება კოტე ყუბანეიშვილის ცნობილი ფრთიანი ლექსპრომტი: „ცხოვრება არის ნეტარი, როცა ხარ პარლამენტარი…“

 

                                                                                                                     ლაშა ბერულავა