,,საზოგადოება უკეთესი საზოგადოებისთვის” – სოციოლოგიური კვლევის შედეგები

uu

 

socium.ge-მ _ „საზოგადოება უკეთესი საზოგადოებისთვის“ საინტერესო კვლევის შესახებ ინფორმაცია განათავსა. კვლევა, რომელიც განათლების სისტემას ეხება, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების სამეცნიერო წრის წევრი სტუდენტების ჯგუფმა ჩაატარა. როგორც გავარკვიეთ, აღნიშნული ჯგუფი კვლევებს სხვა აქტუალურ საკითხებზეც ატარებდა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ სასკოლო განათლება და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

„სახელმწიფო, როგორც დიდი ორგანიზაცია, საკუთარ თავში სხვადასხვა ლეგიტიმურ ინსტიტუტსა და ქვესისტემას აგებს, რომელთა მეშვეობითაც ფუნქციონირებს და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. განათლების ერთიანი სისტემაც მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „ქმნილებაა“. სადისკუსიო კლუბის კვლევითი ჯგუფის ყურადღება სწორედ ამ უკანასკნელმა, უფრო კონკრეტულად კი, სასკოლო განათლების პრობლემებმა მიიპყრო. რამდენადაც სკოლა არის ზოგადი განათლების მიღების საშუალება და სოციალიზაციის ინსტიტუტი, იმდენად მას საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ბავშვის მოქალაქედ აღზრდისა და ჩამოყალიბების პროცესი, ძირითადად, სკოლაში მონაწილეობს. ის ახალგაზრდებს მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებს. საინტერესოა, ეს ინსტიტუტი რამდენად წარმატებით ასრულებს თავის ფუნქციებს საქართველოში? რა მდგომარეობაა ჩვენს სკოლებში? რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას სასკოლო განათლების სისტემა?

სადისკუსიო კლუბის შეხვედრებითა და კლუბის წევრების მიერ ჩატარებული კვლევის (კვლევის ფარგლებში გამოიკითხა X, XI, XII კლასის მოსწავლეები) მეშვეობით არაერთი ყურადსაღები პრობლემა გამოვლინდა, საბოლოო ჯამში კი მეტად დამაფიქრებელი სურათი მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ თორმეტწლიანი სწავლება (მოსწავლეობა) არცთუ ისე ეფექტიანი შედეგის მომტანია, თავად პროცესიც ბევრ დაბრკოლებასთან არის დაკავშირებული, იქნება ეს სახელმძღვანელოების პრობლემა, არაკვალიფიციური მასწავლებლები, სკოლების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, თუ სხვა. ქვემოთ უფრო ვრცლად განვიხილავთ თითოეულ მათგანს. სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული უკმაყოფილებები მათ ხარისხს, ზომასა და რაც ყველაზე მთავარია, შინაარსს ეხება. ერთნი სასწავლო მასალის ძალიან გამარტივებასა და მეცნიერული ინფორმაციის ნაკლებობას უჩივიან, ხოლო მეორენი მიიჩნევენ, რომ გაუგებარი და რთული ენით დაწერილი სახელმძღვანელოებით სწავლობენ/სწავლობდნენ.

საკითხავია, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სასკოლო წიგნები? შესაბამისი დარგის სპეციალისტები თუ მონაწილეობენ მათ შექმნაში? სკოლის პროგრამა რა სახის ცოდნის შეძენასა და უნარების გამომუშავებაზე უნდა იყოს ორიენტირებული?! საგნის შესწავლა მასწავლებლის კვალიფიკაციასა და მონდომებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული? რესპონდენტებს შორის აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებსაც არ „გაუმართლათ“ და რამდენიმე საგანს არაკვალიფიციური პედაგოგები ასწავლიდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომელთა მასწავლებლებიც, განსკუთრებული ენთუზიაზმის ხარჯზე, სასწავლო პროცესის ფარგლებში იმაზე მეტს აკეთებდნენ, ვიდრე ეს ევალებოდათ და საგანსაც პროფესიონალურად და გულმოდგინებით ასწავლიდნენ. ე. ი. მოსწავლის მიერ კონკრეტული ცოდნის მიღება დამოკიდებულია „გამართლებაზე“ _ თუ როგორი მასწავლებელი შეხვდება მას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უარვყოფთ, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან შესაძლებლობებით, მონდომებითა და სწავლისადმი სურვილით, მაგრამ განათლების ერთიანი სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ თითოეულ კლასში გაკვეთილებს საგნის მცოდნე და პროფესიონალი პედაგოგი ატარებდეს…

მნიშვნელოვანია „ენთუზიასტი მასწავლებლების“ წახალისებაც და საერთოდ, ამ პროფესიის დაფასება-პატივისცემა. რაც შეეხება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, მსგავსი აღჭურვილობების ნაკლებობა, სასწავლო ლაბორატორიების ფაქტობრივი არარსებობა, სპორტული დარბაზების მოუწყობლობა და მსგავსი პრობლემები ახალი აღმოჩენა არ ყოფილა. სავალალო და შემაძრწუნებელი ამ ფაქტით გამოწვეული შედეგებია. კითხვაზე, _ თუ რომელი საგნის ამოღებას ისურვებდნენ სასწავლო პროცესიდან? რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა უპასუხა, რომ ეს საგნებია ქიმია და ფიზიკა. მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ ქიმია და ფიზიკა მაინც არ ისწავლება შესაბამისად, ლაბორატორიების არარსებობისა და ნაკლებად კვალიფიციური პედაგოგების გამო… ნუთუ, არ სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგების განვითარება?! თვისობრივად სხვა სახის პრობლემაა მეთორმეტე კლასი. მოსწავლეთა უმრავლესობა არ დადის სკოლაში (თუ დადის, მაინც არაფერს აკეთებს და დროს კარგავს), პარალელურად კი აბიტურიენტობის ციებ-ცხელებითა და კერძო მასწავლებლებთან სიარულით არიან გაბრუებული. განა, თორმეტწლიანი სწავლების შემდეგ სკოლიდან მიღებული ცოდნა არ უნდა იყოს საკმარისი უფრო და უფრო გამარტივებული ეროვნული გამოცდების (თუნდაც, საატესტატო გამოცდების) ჩასაბარებლად? იქნებ, საქართველოს სკოლები ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას?“ _ ნათქვამია კვლევის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც შევიტყვეთ, რესპონდენტების გამოკითხვაში მონაწილეობდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტები: თამუნა ბარამიძე, მარიამ დევიძე, გიორგი შარტავა და გიორგი მენაბდე. სოციოლოგიის მიმართულების სამეცნიერო წრის წევრების თქმით, სასკოლო განათლებასთან დაკავშირებული კიდევ ბევრი საკითხია აღსანიშნავ-განსახილველი და ყველაფრის ერთი სიტყვით თქმა, ცხადია, არ ხერხდება. ამიტომ სადისკუსიო კლუბის კვლევითი ჯგუფი კვლავ განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას, პრობლემის სიღრმეებში ჩასვლას და მათ საფუძვლიანად შესწავლას.

კვლევა, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, მათი ინფორმაციით, 2014 წელს ჩატარდა, თუმცა რადგან ისინი აცხადებდნენ, რომ აღნიშნული საკითხებით მათი დაინტერესება ამით არ დასრულდებოდა, გადავწყვიტეთ, ე. წ. სოციალურ მკვლევრებს პირადად დავკავშირებოდით და უკეთ ჩაგვეხედა მათ გამოკვლევებში. როგორც სოციოლოგიის მიმართულების სამეცნიერო წრის წევრმა, მარიამ სარიამ გვითხრა, „სასკოლო განათლების პრობლემების“ შესახებ კვლევა ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების სამეცნიერო წრისა და socium.ge-ს საქმიანობის ფარგლებში. სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი და socium.ge-ს დამფუძნებელი კი არის პროფესორი ამირან ბერძენიშვილი და კვლევის დროს შექმნილი ცხრილიც გაგვაცნო.

ცხრილის მიხედვით, გამოიკითხა 122 რესპონდენტი _ თბილისის, გორის, ზუგდიდისა და ლანჩხუთის X, XI და XII კლასის მოსწავლეები, საიდანაც უმეტესობა გოგონა იყო. ყველაზე მეტი რესპონდენტი მაინც XI-კლასელი იყო. პირველი კითხვა, რომელიც მათ დაუსვეს, ასეთი გახლდათ: „როგორ შეაფასებდით სკოლაში არსებული სწავლის ხარისხს?“ რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ: „ძალიან კარგი“; „არც კარგი, არც ცუდი“; „ძალიან ცუდი“, „კარგი“, „ცუდი“; „მიჭირს პასუხის გაცემა“. აღნიშნული კვლევით აღმოჩნდა, რომ გამოკითხული მოსწავლეების 47%-ს მოსწონდა სწავლის ხარისხი, 29% კი ფიქრობდა, რომ არც კარგია და არც ცუდი. კითხვაზე: „თქვენი კლასელები ცდილობენ თუ არა, რომ მიიღონ რაც შეიძლება მეტი ზოგადი განათლება?“ ყველაზე მეტი დადებითი ხმა მიიღო შეფასებამ „მეტ-ნაკლებად“. „როგორ შეაფასებდით სკოლის სახელმძღვანელოების ხარისხს?“ 39%-ს მიაჩნია, რომ სკოლის არსებული სახელმძღვანელოები არც კარგია და არც ცუდი, რაც, ჩვენი აზრით, ამ წიგნებისადმი ინერტულ დამოკიდებულებაზე უფრო მიგვანიშნებს, ვიდრე რაიმე კონკრეტულ აზრზე.

„ემზადებით თუ არა კერძო მასწავლებლებთან?“ 80%-მდე გამოკითხულებისა ამბობს, რომ ემზადება. აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული მესიჯი სკოლის ერთგვარი ნეგატიური შეფასებაა, რაც ისევ იქ შექმნილი არასასურველი გარემო-პირობებიდან გამომდინარეობს.  კითხვაზე: „რომელ საგნებს ამოიღებდით სასწავლო პროცესიდან და რატომ?“ ზოგიერთი გამოკითხული, ჩვენდა გასაკვირად, ამბობს, რომ ამოიღებდა სპორტს, ფიზკულტურას, რადგან სკოლაში არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ასევე, გამოკითხული მოსწავლეების აზრით, სკოლაში ფიზიკა-ქიმია კარგად არ ისწავლება და შესაბამისი ლაბორატორიებიც არ არსებობს. „რომელიც საგნის დამატებას ისურვებდით სასწავლო პროცესში?“ ამაზე უმრავლესობა პასუხობს, რომ საჭიროა რელიგიის დამატება, რადგან შესაბამისი ცოდნის მიღება აღკვეთდა რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებებს. გამოკითხულ მოსწავლეებს ასევე სურთ, სკოლაში ისწავლონ უნარები, ფსიქოლოგია, მსოფლიო ლიტერატურა, ინფორმატიკა, სპორტი შესაბამის გარემოში, ასევე სამხედრო განათლება. კერძო სკოლებში კი სურთ, რომ მართვის მოწმობების კურსები სკოლაში შემოიღონ. „როგორ შეაფასებდით მანდატურების ფენომენს?“ აღნიშნულ კითხვაზე უმეტესობა ფიქრობს, რომ ამ ინსტიტუტის შემოღება დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე. ყველაზე საინტერესო კითხვა ამ კვლევიდან კი მაინც ეს იყო: „რისი მიღება მსურს სკოლისგან და რას ვერ ვიღებთ?“

მოსწავლეთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სკოლაში ვერ იღებენ ზოგად განათლებას, გარკვეული ნაწილი უჩივის მაღალი ხარისხის განათლების მიუღებლობას, ასევე აღნიშნავს, რომ სკოლას აკლია ფსიქოლოგი და პრაქტიკული მეცადინეობები.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით არ ჩატარებულა და მასში მონაწილე სტუდენტებიც აცხადებენ, რომ ის მხოლოდ მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად ჩატარდა, ეს ჯანსაღი სტუდენტური გამოკითხვა მაინც ნათლად ასახავს ჩვენს სკოლებში  არსებული პრობლემების დიდ ნაწილს. სამწუხაროდ, დღემდე ეს პრომლემები არავის გამოუსწორებია და როგორც იტყვიან, კვლევაც დარჩა „მხიარული“.

 

მარიამ სარია _ სოციოლოგიის მიმართულების სამეცნიერო წრის წევრი:

_ სამეცნიერო წრის საქმიანობა ორიენტირებული იყო სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე და მას სასწავლო-კვლევითი ხასიათი ჰქონდა.

_ რატომ გადაწყვიტეთ, ამ თემის ირგვლივ ჩაგეტარებინათ გამოკითხვა?

_ მაგ პერიოდში (2014 წელი) გამოქვეყნდა „Global Competitiveness Report 2013-2014, World Economic forum“ “-ის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, 148 ქვეყანას შორის საქართველოს საკმაოდ დაბალი მონაცემები ჰქონდა განათლების სფეროში, მათ შორის, დაწყებითი განათლების სფეროში. საკითხის პრობლემურობისა და აქტუალურობის გამო სამეცნიერო წრის წევრებმა გადავწყვიტეთ, სწორედ ამ თემით დავინტერესებულიყავით. კვლევის მიზანი იყო მოსწავლეების შეხედულებებისა და დამოკიდებულებების წარმოჩენა სასკოლო განათლებასთან დაკავშირებით და არსებული პრობლემების გამოვლენა. უშუალოდ ამ კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 122 რესპონდენტი ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარით. კვლევა არ არის რეპრეზენტაციული და მისი შედეგების განზოგადება არ შეიძლება. ის, უბრალოდ, წარმოაჩენს კონკრეტულ მოსაზრებებსა და პრობლემებს.

_ რა ნიშნით აირჩიეთ ეს სკოლები, კლასები?

_ ჩვენ გვჭირდებოდა მაღალკლასელების აზრი, რომელთაც უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ და რომლებისთვისაც უკეთ გასაანალიზებელ-აღსაქმელია კვლევის თემატიკა. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი კვლევის სამიზნე ჯგუფი X, XI და XII კლასები. რაც შეეხება სკოლებს, მათი არჩევა პირდაპირ იყო დამოკიდებული ჩვენს ინტერვიუერებზე, სამეცნიერო წრის წევრებზე. ვინც რომელი ქალაქიდან იყო და რომელ სკოლებთანაც ჰქონდა წვდომა, იმ სკოლების მოსწავლეები გამოიკითხა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამეცნიერო წრის საქმიანობა სასწავლო-კვლევითი შინაარსის მატარებელია და ის არ არის სრულყოფილი კვლევითი ორგანიზაცია.

_ თქვენ ასე გიპასუხეს: „კარგი, ცუდი…“ და ამით დაკმაყოფილდით, თუ პასუხებს ჩაუღრმავდით? თუ ჩაუღრმავდით, ალბათ, სკოლაში მოსწავლეების წინაშე არსებული პრობლემების მიზეზებიც გამოიკვეთებოდა. ასეა?

_ ეს კითხვები იყო სტრუქტურირებული, ანუ დახურული. ინტერვიუერები არ ჩაღრმავებიან მეტად.

_ სხვა სკოლებში ანალოგიური კვლევის ჩატარებას ხომ არ აპირებთ?

_ 2014 წლის მერე სამეცნიერო წრის შემადგენლობა შეიცვალა. წრის წევრებმა დაამთავრეს ბაკალავრიატი, ზოგი სხვა პროფესიას გაჰყვა, ამიტომ რთულია იმის თქმა, სამეცნიერო წრის ახალი ნაკადი რამდენად გააგრძელებს ამ თემის გამოკვლევას.

_ რისი მომცემია ეს კვლევა და რას მოელით მისგან?

_ ამ კვლევით გვინდოდა მოსწავლის თვალით დანახული სასკოლო განათლების პრობლემების წარმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის რეპრეზენტაციული, საყურადღებოა მისი შედეგები. გვინდოდა, საკითხის წინ წამოწევა, მისი განხილვა, დაფიქრება ამ პრობლემების შესახებ და სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე ღიად საუბარი. კვლევის შემდეგ ჩატარდა „სადისკუსიო კლუბის“ (socium.ge-ს ერთ-ერთი აქტივობა) შეხვედრა, სადაც კვლევის შედეგების პრეზენტაციის მერე გაიმართა დისკუსია.

 

ის, რაც თსუ-ს სტუდენტებმა აღნიშნული კვლევით გააკეთეს, არ არის მცირე, ან უბრალო საქმე, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, ამ კვლევითა და შესაბამისი დისკუსიით თუ დაინტერესდნენ სათანადო უწყებები? ისინი, რომლებსაც სკოლების, სასწავლებლების ბედი აბარიათ და იქ გარკვეულ ამინდსაც ქმნიან? აღმოჩნდა, რომ არ დაინტერესებულან და სწორედ ხელისუფლების დაუინტერესებლობის ერთ-ერთი შედეგია ისიც, რომ ამჟამად, აღნიშნული საქმიანობით, ეს ჯგუფი აღარ არის დაკავებული.

„ქრონიკა+“ კვლევის ხელმძღვანელს, პროფესორს სოციოლოგიის მიმართულებით, ამირან ბერძენიშვილს   დაუკავშირდა:

_ თუ ვინმეს უნდოდა გათვალისწინება, გაითვალისწინებდა. რეალურად, ამ კვლევებს ჰქონდა მიზანი, რომ სტუდენტებს დახმარებოდა, მათ გამომუშავებოდათ კვლევის უნარ-ჩვევები. მე პროფესორი ვარ და მხოლოდ ჩემს სტუდენტებთან ვმუშაობ. ჩვენ ასევე გვქონდა სადისკუსიო კლუბი _  ვიწვევდით ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, რექტორებს და ვარჩევდი საინტერესო თემებს, ეწყობოდა დისკუსიები. არჩევნების კვლევები ხომ ხედავთ, როგონც ჩატარდა, რამდენი შეცდომა იყო… არც ერთი არ დაემთხვა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ჩემმა სტუდენტებმა რაღაც გამოცდილებმა მიიღონ. ეს არის ჩემი ქველმოქმედება, თუ შეიძლება ამას ასე ეწოდოს. ჩვენ ადრე სტუდენტებიც გამოვკითხეთ და დავინტერესდით, მათი აზრით, როგორი უნდა იყოს პროფესორი? როგორი პოფესორები გყავთ? როგორი უნდა იყოს სტუდენტი? ამ შემთხვევაში სტუდენტები გამოვიყენეთ, როგორც ექსპერტები და ამ ყველაფერს საოცარი გამოხმაურებაც მოჰყვა.

_ და რა თქვეს სტუდენტებმა?

_ თქვეს, რა პრობლემები არის სწავლებაში… ყველაფერზე საუბრობდნენ, სწავლების ხარისხზე, პროფესორების მომზადებაზე. გვქონდა ასეთი კითხვაც: მე რომ რექტორი ვიყო, რას გავაკეთებდი?

_ მათი პასუხებიდან რა დასკვნა გამოიტართ?

_ ეს კვლევა დაახლოებით 6 წლის წინათ ჩატარდა, როცა დიდი გადატრიალებები იწყებოდა. გვაქვს ვებგვერდი, ინფორმაციული საზოგადოების განვითარების ცენტრი  „ისდი“. აქ არის განთავსებული ჩვენი კვლევები და გამოხმაურებებიც მასზე.

_ გამოხმაურებები ხელისუფლებისგან?

_ საზოგადოებისგან. წლების წინათ უფრო სისტემატურად მიმდინარეობდა ეს კვლევები. ვინც კი რამეს წარმოადგენს ამ ფაკულტეტზე, ყველა ჩვენთან დავაჟკაცდა. „ნაციონალების“ დროსაც არსებობდა და ორ ექსპერტს ვიწვევდით. ერთი იყო პიროვნება, რომელიც აღნიშნული საკითხისადმი  პოზიტიურად იყო განწყობილი, მეორე _  ოპოზიციურად.

_ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მისაბაძიც და ისიც გასაგებია, რომ ეს ემსახურებოდა სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას, მაგრამ იმ გულისტკივილს, სურვილებს, რომელიც თქვენს რესპონდენტებს ჰქონდათ, შედეგიც რომ მოჰყოლოდა, ცუდი რატომ იქნებოდა?

_ ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ… ეს კვლევა არის სტუდენტური, პილოტაჟური და მას ცხადია, ვერ დაეყრდნობით, თუმცა ვერც გავექცევით და უარვყოფთ, რომ რეალურად ასე არ არის. კვლევას ბევრი დრო და ფული სჭირდება, მაგრამ ჩვენ მას ენთუზიაზმით და ჩვენი ძალებით ვაკეთებდით. ახლა კი ყველა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზეა გადართული და ჩვენც შევაჩერეთ ეს საქმე. არადა, გვქონდა სხვა მნიშვნელოვანი თემებიც, მაგალითად, ვსაუბრობდით რელიგიაზე, შშმ პირების პრობლემებსა და ა. შ. ამჟამინდელი პრეზიდენტიც კი გვყავდა მოწვეული. სამწუხაროდ, არავინ დაინტერესებულა იმით, ეს კვლევები და დისკუსიები რატომ აღარ ტარდება, თუმცა სიმართლე თუ გაინტერესებთ, მაშინაც უკვირდათ, როგორ ტარდებოდა.

,,ქრონიკა+” განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, აღნიშნული სოციალური კვლევის შესახებ მათთვის თუ იყო ცნობილი და მოსწავლეების სურვილებიდან ამ წლების განმავლობაში რაიმე თუ გაითვალისწინეს? როგორც პრეს-სამსახურის უფროსმა გვითხრა, ამ საკითხებზე მუშაობს კვლევების სამმართველო, რომელიც განათლების სამინისტროშია, ამიტომ მათთან გადავამოწმებ და პასუხს შეგატყობინებთო. დღის განმავლობაში ამაოდ ველოდებოდით განათლების სამინისტროს პასუხს.

 

                                                                                                                  ნელი ვარდიაშვილი