ნიკა გვარამია: „ქართული ოცნება“ დაუპირისპირდა საერთაშორისო წესრიგს“

გიგა გელხვიიძე

ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და ამ შემთხვევაში ის დედაქალაქის ამომრჩევლების შეხედულებას განსაზღვრავს, ოპოზიციური ჯგუფების შექმნის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ხელისუფლების მართვის სადავეებს ემშვიდობება და ოპოზიციურ ფლანგზე გადადის.

ამავე კვლევის მიხედვით, არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია „მთავარი ოპოზიციური“ პარტია, რომლის მმართველ რგოლში ბოლო წელს ძალიან დიდი და ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა, რამაც, ფაქტობრივად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო წლებში მზარდი და მყარი რეიტინგი ჩამოშალა.

კვლევის მიხედვით, რომელიც თბილისში ივნისში ჩატარდა, შედეგები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ _ 21,5%; პარტია „ახალი“ _ 10,2%; „გირჩი _ მეტი თავისუფლება“ და „დროა“ – 7,1%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ _ 6,8%; „ლელო“ _ 6,8%; „ევროპული საქართველო“ _ 5,4%; გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 4,1%; „გირჩი“ _ 2,9%; „პატრიოტთა ალიანსი“ _ 2,7%; „მოქალაქეები“ (ალეკო ელისაშვილი) _ 2,7%; ანა დოლიძე პარტია „ხალხისთვის“ _ 1,9%; „ლეიბორისტული პარტია“ _ 1%; „ალტინფო“ _ 1% და „ხალხის ძალა“ – 1%.

ამ პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ოპოზიციის ხმები (ჯამურად) „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიების გამოკლებით შეადგენს 52,6%-ს.

აღნიშნული მონაცემების შემდგომ გასათვალისწინებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებული „ქართული ქარტიაც“, რომელსაც ოპოზიციური პარტიებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურების უმეტესობა აწერს ხელს და ასევე ის დეკლარაცია, რომელსაც ოპოზიციამ ხელი მოაწერა ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დეპუტატების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე და რომლის მიხედვითაც 8 ივლისს ცნობილი უნდა გახდეს, თუ რომელი ოპოზიციური პარტიების ერთობას ვიხილავთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

„ქრონიკა+“ ამ და სხვა საკითხების შესახებ ესაუბრა პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელ ნიკა გვარამიას, რომელმაც დაადასტურა, რომ მთავარი ოპოზიციური ცენტრი 26 ოქტომბრის არჩევნებზე წარმოდგენილი იქნება „ახალის“, „ლელოს“, „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობით (ზემოთ მოყვანილი კვლევების მიხედვით, ამ ერთობის ჯამური რეიტინგი, თბილისის მონაცემებით, არის 24,1%, რაც აღემატება როგორც მმართველი პარტიის, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგსაც):

_ ბატონო ნიკა, პირველ რიგში, ვისაუბროთ ბოლო პერიოდის გზავნილებზე აშშ-დან. საკმაოდ მნიშვნელოვანი მინიშნებები გაკეთდა, თუნდაც ენტონი ბლინკენის მიერ.

_ ასეთი მძიმე დამოკიდებულებები და შეფასებები ჩვენს მთავარ პარტნიორს (არ მომერიდება ამ შეფასების), აშშ-ს, საქართველოს მიმართ არასდროს ჰქონია. მათ შორის არც მაშინ, როდესაც შევარდნაძემ ბოლომდე აიწყვიტა. არასდროს! _ პირდაპირ ვამბობ. „ქართული ოცნება“ დაუპირისპირდა საერთაშორისო წესრიგს, რადგანაც საერთაშორისო წესრიგი დღეს დგას იმ პოზიციასა და განწყობაზე, რომ რუსეთი არის სრულიად მიუღებელი. „ოცნებამ“ ამ ვითარებაში გადაწყვიტა, იყოს რუსეთის მხარეს, რადგანაც მათი ადგილი დასავლეთში არ იქნება და თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დასავლეთში, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია აქ არ უნდა იყოს, ეს არის მარტივი ამბავი. 

_ ელოდებით ივანიშვილის დასანქცირებას?

_ რაც შეეხება ივანიშვილის სანქცირებას, დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს მოიტოვებენ ბოლოში, რადგანაც ეს უნდა იყოს გადაწყვეტილება, რომელიც აიძულებს მას, არჩევნების წაგების შემთხვევაში ხელისუფლება გადასცეს მშვიდობიანად გამარჯვებულ კოალიციას. ამიტომ მგონია, რომ ასე მოხდება და მეტიც: რომ არ დაგიმალოთ, ეს სწორია. ჩვენი ამოცანა ის ხომ არ არის, ვის დაადეს სანქცია და ვის _ არა? ჩვენი ამოცანა არის, განვითარდეს ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, აშშ ზუსტად ამ მიმართულებით ფიქრობს.

_ რა არის მთავარი მიზანი ოპოზიციური კონფიგურაციის და ვინ არის ამ ერთობის ბირთვი? რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს არა ერთიან ოპოზიციურ სიას, არამედ რამდენიმე ოპოზიციურ ცენტრს?

_ პირველი: ერთიანი სიის საკითხი დახურულია, რადგანაც ყველაფერი ცხადყოფს, რომ ეს არ არის გამარჯვების ფორმულა. მეორე: ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ ვიყოთ გამარჯვებული ოპოზიციური ძალების მთავარი გრავიტაციის ცენტრი. ეს ვართ ჩვენ („ახალი“), „ლელო“ და „გირჩი-დროა“. კვლევები ცხადყოფს, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი გვაქვს, დანარჩენს ვნახავთ.

_ პოლიტიკური პარტიების გარდა არიან დამოუკიდებელი ოპოზიციური ფიგურებიც, მაგალითად, ხატია დეკანოიძე, თეონა აქუბარდია, თამარ კორძაია _ ამ ადამიანებთან თუ გაქვთ მოლაპარაკებები და ხომ არ შეიძლება ვიხილოთ ისინიც თქვენს გუნდში?

_ ნაწილთან გვაქვს, ნაწილთან არ გაქვს, ეს მათივე არჩევანია, მაგრამ ჩვენი ინტერესი არის, რომ მაქსიმალურად ისეთი კონფიგურაცია იყოს, რომელიც იქნება მთავარი გამარჯვებული და რომლის ირგვლივაც მოხდება მომავალი სამთავრობო კოალიციის გაერთიანება.

_ ოპოზიციურ ერთობაზე საუბარი უკვე დიდი ხანია, დაწყებულია, თუმცა დღემდე არსებობენ პარტიები, რომლებსაც არ სურთ მსგავსს ერთობაში ყოფნა და ისინი დამოუკიდებლად აპირებენ შესვლას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. მთავარი მიზეზი, რასაც ისინი ასახელებენ და რის გამოც არ სურთ ერთობაში ან რაიმე სახის ოპოზიციურ ჯგუფში ყოფნა, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. რატომ გახდა „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარი წყალგამყოფი?

_ ჩემთვის არ გამხდარა წყალგამყოფი, მე არ მაქვს რაღაც ასეთი კატეგორიული მიუღებლობა და უცნაურიც იქნებოდა, რომ ასე იყოს. მარტივად გეტყვით: ჩემი გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმით, რა არის უფრო სწორი და ამაში ვეყრდნობი ჩემს პოლიტიკურ ანალიტიკასაც და ასევე ციფრებს, რომელიც გეუბნება, რომ ეს ყველაზე კარგი ვარიანტი არ არის. როგორც ჩემთვის აბსოლუტურად განმაპირობებელი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ გამო რაღაც კოალიციაში შესვლა, ასევე განმაპირობებელი ვერ იქნება ენმ-ს სურვილი, რომ ყველა ერთად ვიყოთ. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, ჩემი ანალიტიკის მეშვეობით ვიღებ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ციფრები გვეუბნება, რომ ასე ყველაზე კარგი ვარიანტი არ არის და მე მჭირდება ის, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ევროპული და ბიძინა ივანიშვილი აქ არ იყოს, ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა.

_ სალომე ზურაბიშვილი ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი _ ეს მოსაზრება უკვე მუსირებს აქტიურად, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ „ქართულ ქარტიას“ მოაწერეთ ხელი. რამდენად შეიძლება იყოს მომგებიანი და დადებითი როლის მქონე წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციისთვის ზურაბიშვილის კვლავ პრეზიდენტის კანდიდატურად განხილვა, ამ შემთხვევაში უკვე ოპოზიციური პარტიების მხრიდან?

_ ისევ ციფრებით შევხედოთ და არა პირადი დამოკიდებულებით. ციფრები ცხადყოფს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ის ნაბიჯებიც, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი დგამს, ასევე ცხადყოფს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც არ არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და სალომე ზურაბიშვილს ქვეყანა მიჰყავს დასავლეთისკენ _ ცდილობს, რამდენადაც მის კომპეტენციაშია. ამიტომ რატომ არ უნდა იყოს ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ვერ ვხედავ ამის კონტრარგუმენტებს.

_ „ქართულ ქარტიაში“ საუბარია მთავრობის დაკომპლექტებაზე. როგორია მთავრობის დაკომპლექტების ზურაბიშვილისეული მოდელი და რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება რეალურად?

_ ქარტიის ბოლო ვარიანტში დროებით მთავრობაზე ლაპარაკი არ არის. საუბარია გარდამავალ ზომებზე, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, რა დროში შევძლებთ მათ შორის სასამართლო ხელისუფლების რეფორმას და დემოკრატიასთან დაკავშირებულ ძირითად რეფორმებს. რაღაცებს ამ რეფორმებიდან სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა და ეს მარტივი არ იქნება, მე არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ დაიხვეწება, ის იქნება ოპოზიციაში, ამიტომ ამას დასჭირდება გარკვეული დრო. თუმცა ის, რომ ახალი არჩევნები იყოს ორი ან სამი წლის მერე, ჩემთვის ამაში არავითარი პრობლემა არ არის. ჩემთვის მთავარია, ბიძინა ივანიშვილი გავუშვათ და შევდგეთ სწორ გზაზე, ამის იქით გადამწყვეტი არაფერი არ არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ იქნება დამოკიდებული იმ ძალებზე, რომლებმაც ხელი მოაწერეს. ვინც ხელი მოვაწერეთ, შევასრულებთ ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებებს, მაგრამ აქ არის მთელი რიგი საკითხები, სადაც დაგვჭირდება იმათი ხმებიც, რომლებმაც ხელი მოაწერეს და ამასთან დაკავშირებით გარანტირებულ პასუხებს ვერ გაგცემთ. უცნაური იქნებოდა კიდევაც, რომ სხვის მაგივრად მესაუბრა.

_ კოალიციური მთავრობა ახსენეთ და აუცილებლად უნდა გკითხოთ, _ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კოალიციური მთავრობის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს ასახელებს ის პარტია, რომელსაც ცალკე აღებულად ყველაზე დიდი პროცენტი ექნება არჩევნებში და სრულიად შესაძლებელია, ეს იყოს სწორედ „ქართული ოცნება“. როგორ ფიქრობთ, რამდენად იქნება თავსებადი „ოცნების“ პრემიერი, როდესაც მთავრობის უმეტესი შემადგენლობა დაკომპლექტდება ოპოზიციური ძალების მიერ?

_ აბსოლუტურად არა, რადგანაც „ოცნების“ პრემიერი წარმოდგენილი შეიძლება იყოს, მაგრამ ის ვერ დამტკიცდება, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს და, რა თქმა უნდა, თუ ყველა ოპოზიციონერი დაიცავს იმ განაცხადს, რომ არ მისცემენ ხმას ბიძინა ივანიშვილს არასდროს. მოგიყვანთ ერთ მარტივ მაგალითს: ბრიუსელის ბოლო შეხვედრაზე მივიღეთ ერთიანობის დეკლარაცია, რამდენადაც ცნობილია ყველასთვის. ამ დეკლარაციას ყველამ მოვაწერეთ ხელი ორი პარტიის გარდა: ერთი იყო „ევროპული საქართველო“ და მეორე იყო გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. „ევროპულმა საქართველომ“ არ მოაწერა ხელი იმ მიზეზის გამო, რომ მას თავდაუსხმელობა ფართო გაგებით არ მიაჩნია სწორად, რადგანაც ფიქრობს, რომ მან მწვავედ უნდა აკრიტიკოს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. ახლა მე რამდენად ვეთანხმები და რამდენად _ არა, ეს ერთი საკითხია, თუმცა ფაქტია: რომ ვეთანხმებოდე, არც მე მოვაწერდი ხელს, მაგრამ ჩემი ინიციატივით და რედაქციით დოკუმენტში შევიდა პუნქტი: ხელმომწერები ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ხმებს არ მივცემთ, აი, ზუსტად იმ ვითარებაში, რომელიც კითხვის დასმის დროს აღწერეთ და ასევე უარს ვიტყვით მის მთავრობაში მონაწილეობაზეც. ამის მერე გახარიამ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს. მე, მაგალითად, ასეთ სცენარს ვიხილავ. რამდენად სწორია ან არასწორი, ეს მოგვიანებით გამოჩნდება, მაგრამ ამის ალბათობა ხომ არსებობს?

_ როგორია ნიკა გვარამიას სცენარი?

_ ჩემი სცენარი ასეთია: ბიძინას არ ეყოს ხმები, გახარიას შესთავაზონ პრემიერ-მინისტრობა და მან თავისი მანდატები წაიღოს „ქართული ოცნებისკენ“. კვლევების მიხედვით, გახარიას ხუთპროცენტიანი ბარიერი ჯერჯერობით დაძლეული არ აქვს, მაგრამ ეს თუ დაძლია და შეიყვანა ხალხი პარლამენტში, მით უმეტეს, ერთიანი სიით, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმ ხალზე, რომელიც გახარიას მიერ იქნება წარმოდგენილი. ამიტომ ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და არა „ნაცმოძრაობა“, რომელიც ჩემთვის ერთიან სიას ბლოკავს. გახარია თუ გავიდა პარლამენტში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კაცი არ წავა ბიძინასკენ და მე ეს ამ წუთში არ ვიცი, ამაში დარწმუნებული არ ვარ.

_ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რუსული კანონი, რომელიც მალე ამოქმედდება. როგორ ფიქრობთ, რა დამაზიანებელი ფაქტორები შეიძლება ჰქონდეს მას საარჩევნო პროცესებისთვის? რა არის თქვენი მოლოდინი?

_ ხელის შემშლელი ფაქტორებია არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვა და მათთვის ხელის შეშლა, რომ დააკვირდნენ არჩევნებს; ასევე მედიის შეზღუდვა, რომ მედიაც შეიძლება ამით დაზარალდეს. ეს თუ მოხდა, ნიშნავს იმას, რომ აპრიორი არჩევნები არის არალეგიტიმური. თუ შენ აუქმებ კრიტიკულ მედიას, მთავარ სადამკვირვებლო მისიებს, რომლებსაც აწარმოებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც არ უნდა მოხდეს არჩევნების დროს, ეს არჩევნები ლეგიტიმურობის წინაშე აუცილებლად დადგება.

_ მედია ახსენეთ და მინდა გკითხოთ, რამდენად იქნება ხელისუფლების ცვლილების პირობებში ის დანაშაულებრივი ქმედებები განხილული, რომელიც აქვს ჩადენილი ხელისუფლებას და მის მიერ ხელდასხმულ პირებს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ? რამდენიმე დღის წინ იყო 5 ივლისი და სამი წლის გასვლის შემდეგაც კი ის ადამიანები, რომლებმაც დაგეგმეს და იძალადეს მედიაზე, დაუსჯელები დადიან. იზეიმებს სამართალი კოალიციური ხელისუფლების პირობებში?

_ გულწრფელად გეტყვით, არ ვარ ფართომასშტაბიანი სასჯელების და დაჭერების მომხრე, მაგრამ ძალადობრივ დანაშაულებზე ეს ვერ გავრცელდება. ძალადობრივ დანაშაულებში მხილებული ადამიანები უნდა დაისაჯონ და მით უფრო 5 ივლისთან დაკავშირებული პირები. მაშინ ტელევიზიის („მთავარი არხი“) დირექტორი ვიყავი. სცემეს 52 ჟურნალისტს, რომელთაგან დიდი რაოდენობა იყო ჩემი ჟურნალისტი, მოკლეს ლექსო ლაშქარავა, რომელსაც კარგად ვიცნობდი, ასევე დააზარალეს მირანდა ბაღათურია, ჩვენი პარტიის მედიასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი იყო იქ, მაშინ ის „ტვ პირველს“ წარმოადგენდა. ძალიან დიდი რეაბილიტაციის კურსი დასჭირდა მას. ადამიანები დაასახიჩრეს, ზოგიერთი ფიზიკურად და ზოგი პიროვნულად. როგორ შეიძლება,  ამ ადამიანებმა პასუხი არ აგონ?! ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს!

_ პარტიები, რომლებსაც არ აქვთ ისეთი მხარდაჭერა, რომ გადალახონ 5%-იანი ბარიერი ამ არჩევნებზე, თუმცა უარს ამბობენ ვინმესთან ერთად გასვლაზე და აცხადებენ, რომ ისინი შევლენ დამოუკიდებელ ბრძოლაში ივანიშვილის რეჟიმთან (ლეიბორისტული პარტია, ანა დოლიძის პარტია და სხვები), რას აკეთებენ ამ შემთხვევაში ეს პარტიები, რომლებმაც კარგად იციან, თუ სად წავა მათი ხმები ასეთ დროს, როდესაც ვერ გადალახავენ ბარიერს?

_ არ ვიცი, იციან თუ არა. ამ საკითხზე ვერ ვიმსჯელებ, თუმცა პირდაპირაც უნდა გითხრათ, რომ ეს არ არის ისეთი საშიში, როგორც ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ ხოლმე. ცუდია, რა თქმა უნდა, თუ დარჩებიან ბარიერს ქვემოთ, რადგანაც ოპოზიციური პარტიების გარკვეული ნაწილის მანდატები წავა „ქართული ოცნებისკენ“, მაგრამ მანდატების ძირითად რაოდენობას წამოიღებს ის, ვინც არის უფრო მაღალი პროცენტის მფლობელი და ჯამურად ოპოზიციური პარტიები თუ იქნებიან უფრო მაღალი პროცენტის მფლობელი, ისინი მეტს წამოიღებენ 5%-ს ქვემოთ დარჩენილი პარტიების ხმებიდან. ეს ცუდია, რადგანაც „ოცნებაც“ რაღაცას წაიღებს და ამით ვჩუქნით „ოცნებას“ გარკვეულ მანდატებს და არა მანდატების უმრავლესობას.

_ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ განსხვავებით პროპუტინისტური ძალების წარმომადგენლებისგან, ქვეყანაში არ უშვებენ რუს სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც იბრძვიან პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, რისი ეშინია „ქართულ ოცნებას“?

_ „ქართულ ოცნებას“ ეშინია თუ არა, ამას ახლა არ განვიხილავ, რადგანაც „ოცნება“ ამ ქვეყანაში არის რუსული რეჟიმი, ბიძინა ივანიშვილი არის მეფისნაცვალი, პუტინი არის რუსეთის მეფე და მისი მეფისნაცვალი არის ბიძინა ივანიშვილი. როგორ შეიძლება, რომ პუტინის მტერი მიიღოს აქ ბიძინა ივანიშვილმა?

_ ბოლო შეკითხვას დაგისვამთ აფხაზეთის თემის შესახებ, რომელიც რამდენიმე ხნის წინ წამოსწიეს წინა პლანზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა და მისმა მომხრეებმა. რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ თემამ იმუშაოს?

_ „ქართულ ოცნებას“ ამაზე მყისიერად უპასუხა რუსეთმა, რომ ცოტა ავად ხომ არ ხართო? რადგანაც „ქართულ ოცნებას“ რუსეთი მაგ ფუფუნებას არ მისცემს, რომ აფხაზეთის შემოერთებაზე ილაპარაკონ, ეს უკვე ჩანს და შესაბამისად რელევანტური არ არის ამ საკითხზე მსჯელობა, ეს გამორიცხულია.