ლადო გუდიაშვილის ,,ქალი მტრედით“ გაიტანეს თუ დააბრუნეს?

e7

XX საუკუნის ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის აქამდე ნაკლებად ცნობილი გრაფიკული ტილო ,,ქალი მტრედით“ გასულ კვირას მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ნახატზე, რომელიც 40-იან წლებში გუდიაშვილმა თავის მეგობარს, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავს _ ნატა ვაჩნაძეს მიუძღვნა, ძებნა გამოცხადდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ,,ქრონიკა+“ს პიროვნება დაუკავშირდა, რომელმაც რედაქციისგან ანონიმურობის გარანტია ითხოვა. მისი მტკიცებით, გურჯაანის რაიონში ნატა ვაჩნაძის სახლ-მუზეუმიდან გამქრალი იყო სურათი, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ ჰქონდათ: ,,მუზეუმში ეშინიათ, რომ ეს ამბავი გახმაურდება, მეტიც, ეს საქმე რაიონის პირველ პირებსაც აღელვებთ, მუზეუმის დავთარში ნახატის გამტანის ვინაობა და თარიღი მითითებული არ არის“

წყარომ ჩვენ თვალწინ განახორციელა სატელეფონო ზარი პიროვნებასთან, რომლის ვინაობასაც ასევე არ გავამხელთ.

,,ქალი მტრედით“ დიდი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა, _ გამგებლიდან დაწყებული, მუზეუმის თანამშრომლებით დამთავრებული, ყველა ცდილობს, რომ ამ ინფორმაციამ არ გაჟონოს. წელიწადნახევრის წინათ გაირკვა, რომ ტილო მუზეუმში არ იძებნებოდა. რატომ არ მიმართეს შესაბამის უწყებებს? ეს ხომ არ არის ოჯახიდან გატანილი პირადი ნივთი? ეს არის დანაშაულის დაფარვა, ასეთ დროს ერთი დღეც გადამწყვეტია. წელიწადზე მეტია, რაც აღმოაჩინეს, რომ ნახატი ადგილზე არ არის და საინტერესოა, რატომ არ შეატყობინეს შესაბამის უწყებებს?!“ _ თქვა სატელეფონო საუბრისას მეორე წყარომ.

აღნიშნული ინფორმაცია ა. წ. 26 იანვარს მივიღეთ. ვინაიდან ,,ქრონიკა+“ კვირაში ერთხელ, სამშაბათობით გამოდის, ჩვენ არ დაველოდეთ გაზეთის გამოსვლის დღეს და ისედაც კარგა ხნის წინათ მეტად საეჭვო ვითარებაში გაბნეული სურათის შესახებ ჩვენს კოლეგებს შევატყობინეთ. მეორე დღეს, 27 იანვარს, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის 9-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტი გავიდა, სადაც აღნიშნული თემა მომზადდა.

,,ფერადი გრაფიკა, ,,ქალი მტრედით“, ავტორი გუდიაშვილი, მუზეუმში აღარ ინახება“, _ განაცხადა ,,უსთავი 2“-თან ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის მენეჯერმა, როზა აფციაურმა. ტილოს შესახებ კონკრეტულ პასუხებს ვერ იძლეოდნენ მუზეუმის სხვა თანამშრომლებიც.

ელდარ შენგელაიამ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ნახატი სამი წლის წინათ გაქრა: ,,მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი დაიწყეს, რატომ წამოვიღებდი უკან?“

იმავე სიუჟეტში გურჯაანის რაიონის გამგებელმა, გივი გერგიძემ მისი მისამართით არსებულ ბრალდებებს ასე უპასუხა:

,,2014 წელს ინვენტარიზაცია ჩატარდა, დასკვნის მიხედვით, ფერწერული გრაფიკა ,,ქალი მტრედით“ ადგილზე არ აღმოჩნდა“. იმავე გერგიძის თქმით, მან ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ არ გაასაჯაროვა, რომ მუზეუმის დირექტორის ნათქვამს ენდო, რომლის მიხედვითაც, ექსპონატების დაცვის მიზნით, თანამშრომლებს ჰქონდათ სახლში წაღებული.

მუზეუმში ჩატარებული ინვენტარიზაციის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანების დირქტორს, მაია ბეროშვილს. როგორც აღმოჩნდა, წელიწადნახევრის წინათ დაწერილი დასკვნა მას არ უნახავს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ქრონიკა+“ დამატებითი დეტალების გარკვევას შეეცადა. ელდარ შენგელაიას მობილურ ტელეფონზე ქალბატონმა გვიპასუხა:

_ ელდარი ვერ ახერხებს საუბარს, მე მისი მეუღლე ვარ, თქვენ რა გაინტერესებთ?

_ გუდიაშვილის ტილოსთან დაკავშირებით მაქვს კითხვები, რომელიც ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ინახებოდა…

_ საბედნიეროდ, ნახატი არ დაკარგულა, სიუჟეტის გასვლის შემდეგ ყველაფერი მალევე გაირკვა.

_ ხომ არ იცით, სად ინახება გუდიაშვილის ,,ქალი მტრედით“?

_ ნამუშევარი გამოჩნდა. როგორც მითხრეს, მუზეუმშიაო. სხვა დეტალებზე პასუხს ვერ გაგცემთ. ალბათ, უმჯობესია, გიორგის დაურეკოთ.

_ შეგიძლიათ ამ ტილოს შესახებ რაიმე ისტორია გვიამბოთ?

_ ,,ქალი მტრედით“ ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ნატო ვაჩნაძეს სიცოცხლეშივე მიუძღვნა. ძვირფასი საჩუქარი ნატოს გარდაცვალების შემდეგ ელდარს დარჩა.

_ ეს საინტერესო დეტალია. ანუ ,,ქალი მტრედით“ ელდარ შენგელაიას პირადი საკუთრება იყო?

_ თავის დროზე, ნახატები ძმებმა გაიყვეს, ეს სურათი კი ელდარს შეხვდა. სიმართლე გითხრათ, რატომ იყო გაფორმებული მუზეუმის სახელით, ზუსტად არ ვიცი.

_ ამ თემის ირგვლივ არსებულ ხმაურს პირადად თქვენ რას უკავშირებთ?

_ რას ვუკავშირებ და ქართულ უპასუხისმგებლობას. რამდენი ცნობილი ნამუშევარი გაბნეულა, დაკარგულა. ჩვენს შემთხვევაში ასე არ დასრულდა, თუმცა მუზეუმის თანამშრომლებს მეტი ყურადღება ჰმართებთ. სხვას ვერაფერს გეტყვით.

 

,,ქრონიკა+“ გიორგი შენგელაიას დაუკავშირდა:

_ ბატონო გიორგი, გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრის შესახებ მინდა გკითხოთ.

_ კი ბატონო, სიამოვნებით, მაგრამ სანამ საუბარს დავიწყებთ, იქნებ, მითხრათ, საიდან გაიგეთ ეს ამბავი?

_ მედიის წარმომადგენლებს არ გვაქვს ვალდებულება, რომ წყაროები დავასახელოთ, ისე კი მოკლედ გეტყვით: ინფორმაცია გურჯაანის რაიონიდან მივიღეთ.

_ გასაგებია, რაღაც უცნაურად მოხდა ყველაფერი…

_ თავიდან მივყვეთ მოვლენებს და ერთად გავარკვიოთ, რა როგორ მოხდა, _ როდის დაფუძნდა სახლ-მუზეუმი და როდის გადაეცით აღნიშნული ტილო მათ?

_ 80-იან წლებში, ვაჩნაძეების საგვარეულო სახლში, დედას სახლ-მუზეუმი გაიხსნა. იქ ინახება: ფოტომასალა, ნატას შესახებ გამოცემული წიგნები, დოკუმენტები და ოჯახის ნივთებიც. ჩვენ ეს ნახატი დროებითი სარგებლობის პირობით გამოვართვით ხელოვნების მუზეუმს _ სხვა ნამუშევრებთან ერთად. ქეთევან მაღალაშვილის, ელენე ახვლედიანისა და სხვათა ნახატები, რომლებიც დედაჩემთან კავშირში იყო, 80-იანი წლების დასაწყისში წავიღეთ გურჯაანში.

_ ვინ გამოიტანა ტილო მუზეუმიდან? ვის გამო მოხდა ეს გაუგებრობა?

_ თუ გინდათ დაწერეთ, რომ ჩემ გამო, შეგიძლიათ, მე დამადანაშაულოთ _ თქვენ, ჟურნალისტები, სენსაციას ეძებთ…

მაშინ დაწერეთ, რომ სურათი გიორგი შენგელაიამ დააბრუნა ხელოვნების მუზეუმში, საიდანაც დროებით სარგებლობაში ჰქონდა წამოღებული. არც მანქანა ჰყავთ მანდ და არც ადმინისტრატორი, ამიტომ გაჩნდა ვერსია, რომ ნახატი მოიპარეს. ვინაიდან გურჯაანის მუზეუმში არ ჩანდა, აღმოჩნდა, რომ ხელოვნების მუზეუმში ყოფილა.

_ თუ ტილო თბილისში ინახებოდა, ამის შესახებ გურჯაანში რატომ არ იცოდნენ?

_ გულწრფელად გეტყვით, აღნიშნულ მუზეუმს იქაურები პატრონობენ, რომლებიც პროფესიონალები არ არიან. ვაჩნაძეების საგვარეულო კარ-მიდამოს წლების განმავლობაში ადგილობრივი გლეხები იცავდნენ… შესაბამისად, ამ ხალხს იმაზე მეტს ვერ მოსთხოვ, რაც შეძლეს. ალბათ, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი…

_ როგორ ფიქრობთ, გაუგებრობის შესახებ რატომ არ აცნობეს შესაბამის უწყებებს?

_ როცა აღმოაჩინეს, რომ ნახატი იქ არ იყო, უნდა გადაემოწმებინათ, ჩვენთან უნდა დაერეკათ, ან ხელოვნების მუზეუმში. მათ თანმიმდევრულად არ იმოქმედეს, რაც ხმაურის მიზეზი გახდა. ისე კი მახსოვს, სამი წლის წინათ ვიკითხე და არც მაშინ იყო მანდ. ეტყობა, რაღაც მოხდა.

_ ამ რამდენიმე დღის წინათ ,,რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში თქვენი ტონალობა უფრო კატეგორიული იყო. კურიერთან საუბრისას ამტკიცებდით, რომ ნამუშევარი სამი წლის წინათ გაქრა.

_ მაგრამ ახლა ხომ გაირკვა ყველაფერი. მშვიდობაა და არ გვაქვს წუხილის მიზეზი. შეგიძლიათ, თქვენც დაწყნარდეთ და დაამშვიდოთ საზოგადოებაც. საერთოდ, ასეთი ფაქტები ყველგან ხდება _ მთელ მსოფლიოში. ჩვენნაირ ქვეყანაში კი დაზღვეული ნამდვილად არ ვართ, რომ ძვირადღირებული ნივთები საეჭვო ვითარებაში არ დაიკარგება. ახლა მთავარია, რომ ტილო მუზეუმშია უსაფრთხო ადგილას.

_ თავად რატომ არ მიმართეთ შესაბამის უწყებებს, თუ ტილო მოიძიეთ და ადგილზე არ იყო? მაპატიეთ, მაგრამ მგონია, რომ ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს მაძლევთ.

_ მუზეუმის დაარსებიდან 35 წელი გავიდა, მეტი თუ არა, დრო მირბის, მე ასაკში ვარ, რაღაცები პერიოდულად მავიწყდება, რაღაცებს ვერ ვიხსენებ ხოლმე. გურჯაანში დიდი ხანია, არ ვყოფილვარ, სანამდეც შემეძლო, თვალს ვავლებდი იქაურობას, ბოლო პერიოდში კი სიარულიც მიჭირს. შეიძლება, ამ ამბავში ჩემი დანაშაულიცაა ნაწილობრივ.

_ გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ბატონო გიორგი. წინა წლებში, როდესაც უფრო მხნედ იყავით, თუ აკონტროლებდით მუზეუმს? ინვენტარიზაციის შესახებ თუ გაწვდიდნენ ცნობებს?

_ იმ უბედურ დროს, 90-იან წლებში, განუკითხაობა რომ იყო, გაგვქურდეს, ფარდაგები მოიპარეს, მერე ცოტა რომ ჩაწყნარდა სიტუაცია, გადამალული ნივთების უკან ჩატანა დავიწყეთ. რაღაცები დავამატეთ კიდეც, სახლიდან წავიღეთ ხალიჩები და ყოფითი მოხმარებისთვის აუცილებელი ნივთები. თუმცა მას შემდეგაც, მშვიდობიან დროშიც, გაბნეულა სამუზეუმო ექსპონატები. იმავე რაიონში ნონეშვილის სახლ-მუზეუმიდან ბევრი რამე წაიღეს. მესმოდა, რომ სხვა მუზეუმებიდანაც იკარგებოდა ბევრი რამ.

_ შევაჯამოთ: რატომ აქამდე არ მოხერხდა ნახატის ადგილსამყოფელის დადგენა? ეს ხომ დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა?

_ მუზეუმში რაღაც ცვლილებებია. ბუღალტერი პროფესიონალი არ არის, დოკუმენტაციას ახლებურად ადგენენ. თავად ხელოვნების მუზეუმში დოკუმენტი დევს, რომ მიიღეს და მათთანაა. ესაა მთავარი. ვინ მიიტანა ნამუშევარი მათთან, არც ესაა მნიშვნელოვანი. მთავარია, არ დაკარგულა.

 

,,ქრონიკა+“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული გრაფიკის ფონდის კურატორს _ ნინო ხუნდაძეს დაუკავშირდა:

_ ორი წელი იქნება, რაც ამ ფონდის კურატორი ვარ. ჩემამდე ფონდს ხელმძღვანელობდა ძალიან ენერგიული ქალბატონი, რომელიც გარდაიცვალა. დღეს აქ მე ვარ პასუხისმგებელი.

შევეცდები, ყველა კითხვაზე გიპასუხოთ…

_ ქალბატონო ნინო, გუდიაშვილის ,,ქალი მტრედით“ ამჟამად სად იმყოფება?

_ გაბნეული არ არის, ზუსტად შემიძლია გითხრათ, ,,ქალი მტრედით“ ფონდში ინახება. 1980 წელს სურათი მუზეუმს თენგიზ ვაჩნაძემ გადმოსცა. ამის შემდეგ სურათი ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ეკიდა. ეთერ შელიას მეცადინეობით, საკმაოდ აქტიური ქალბატონი იყო და მისთვის ჩაბარებულ ქონებას უვლიდა, ეს ტილო ამირანაშვილის სახელობის მუზეუმს დაუბრუნდა და მას შემდეგ ფონდის საცავში ინახება.

_ თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ხმაური აღნიშნული ნახატის ირგვლივ?

_ ამ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებთ, არ ვარ უფლებამოსილი პირი, ერთი, რაც შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, _ ნახატი ინახება სტანდარტების დაცვით, ამ სურათს პრობლემა არ გააჩნია. 2006 წელს ფოტოები გადაუღეს, როგორც ვიცი, ჩვენგან არც გასულა. საერთოდაც, ასე ვერავინ ვერაფერს გაიტანს მუზეუმიდან. ვფიქრობ, რომ ცრუ განგაში ატყდა გუდიაშვილის ამ გრაფიკულ ტილოსთან დაკავშირებით.

გრაფიკის ფონდში 9000-მდე ექსპონატია, როდესაც გამოფენებზე მიაქვთ, დოკუმენტაცია ფორმდება, ყველა დეტალს ექცევა ყურადღება, შემდეგ როდესაც ექსპონატი ბრუნდება, დეტალურად მოწმდება _ რა მდგომარეობაშიც გავატანეთ, ისე უნდა ჩავიბაროთ.

_ რამდენად შეიძლება შეფასდეს ეს სურათი?

_ რაც შეეხება ამა თუ იმ ექსპონატის საბაზრო ღირებულებას, ამას ჩვენ არ ვაფასებთ.

 

ლადო გუდიაშვილის მიერ 1947 წელს დახატული გრაფიკული ტილო ,,ქალი მტრედით“ დღეს ნაპოვნია და, რაც მთავარია, ყველა მხარე მშვიდადაა: ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები, ძმები შენგელაიები, გურჯაანის გამგებელი, მუზეუმების გაერთიანება, ეროვნული მუზეუმი. მშვიდადაა პროკურატურაც, სადაც ერთი გამოსაძიებელი საქმე გამოაკლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კითხვაზე პასუხი მაინც ვერ მივიღეთ, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ასეთი ძვირფასი გრაფიკული ნამუშევარი ნაპოვნია, სწორედაც რომ აღნიშნული საკითხით ,,ქრონიკა+“-ის დაინტერესების შემდეგ. დასასრულისკენ კი გეტყვით: ბევრი ვიფიქრე სათაურზე: ,,ქალი მტრედით“ გაიტანეს თუ დააბრუნეს? იქნებ, საერთოდაც ორივე ვერსია დავტოვო? თუმცა, რა საჭიროა ეს ორი სათაური? ალბათ, ერთს დავტოვებ…

გასატანი ნახატები კი ელდარ შენგელაიას ცნობილი ფილმიდან, ,,ცისფერი მთებიდან“ გვახსოვს ყველას. ძნელი წარმოსადგენია, დაბრუნდება თუ არა გრენლანდია თავის ადგილზე, ,,ქალი მტრედით“ კი დაბრუნდა…

 

                                                                                                                         ზაზა სვანაძე

t1