კახა გოგოლაშვილი: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვერ აცნობიერებენ სანქციების სერიოზულობას“

ირინა მაკარიძე

ქართველი ხალხის დაუღალავმა პროტესტმა შედეგი გამოიღო, _ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვები დააანონსა.

როგორც ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, სავიზო შეზღუდვა მოიცავს ასევე ინდივიდებს, რომლებიც ძალადობისა და დაშინების კამპანიის გზით პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე. ამავდროულად, კონგრესში ჯო უილსონის მიერ დარეგისტრირდა „მეგობარი აქტი“, რომელიც მხარს უჭერს ქართველი ხალხის გრძელვადიან დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ითვალისწინებს იმ პირების სანქცირებას, ვინც ამ კურსს წინ ეღობება. ასევე სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა შეერთებული შტატების სენატში ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელსაც „ქართველი ხალხის აქტი“ ეწოდება. კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც, შეერთებული შტატების მოსაზრებით, ხელს უშლიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესს და ევროატლანტიკურ გზაზე სვლას. აღნიშნული კანონპროექტები ამოქმედდეება იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს და ძალაში შევა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი, რომელსაც თითქმის ორი თვეა, ქართული საზოგადოება ქუჩაში აპროტესტებს. დაანონსებული სანქციების მიუხედავად, „ქართულ ოცნებაში“ პოზიციის შეცვლას არ აპირებენ, აცხადებენ, რომ სანქციები არ აშინებთ და შტატებში გამგზავრების გარეშეც გააგრძელებენ ცხოვრებას.

არის თუ არა საქმე მხოლოდ აშშ-ში მათ მოგზაურობასა და კეთილდღეობაზე და რა საფრთხეს უქადის ქვეყანას სანქციების ამოქმედება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი, კახა გოგოლაშვილი:

_ სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები და, საერთოდ, მმართველი ძალის წარმომადგენლები ვერ აცნობიერებენ სანქციების სერიოზულობას. შესაძლოა, ისინი მართლა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, როცა ამბობენ, „მე არ წავალ ამერიკაში“. კი ბატონო, ნუ წავა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ქვეყნის პარლამენტისა და მთავრობის წევრების დიდი რაოდენობის მოხვედრა სანქციების ქვეშ იმოქმედებს ქვეყნის საგარეო იმიჯზე, საინვესტიციო გარემოზე. რა თქმა უნდა, შემცირდება ქვეყანაში შემომავალი დაფინანსება, ეკონომიკური ხასიათის პროექტები, თანამშრომლობა და ჩვენ მივიღებთ, მინიმუმ, ძალიან მძიმე ეკონომიკურ ზიანს და საერთაშორისო თანამშრომლობის დაქვეითებას. ამის გარდა, ვიზა არ არის ერთადერთი ღონისძიება, რაზედაც არის საუბარი. შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლის უფლების გაუქმება კონკრეტული პირებისთვის არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, რასაც მოჰყვება ფინანსური სანქციებიც. ამას შეიძლება ასევე მოყვეს ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტა, პროექტების შეზღუდვა, მათ შორის, გავლენა ექნება მცირე ბიზნესებზეც, რამდენადაც ამერიკული პროექტები აფინანსებს მათ. ეს იმოქმედებს მშენებლობაზე, ინფრასტრუქტურის განვითაებაზე, რადგან აშშ-ის პირდაპირი მონაწილეობა ძალიან მაღალია საქართველოში სხვადასხვა სახის მუნიციპალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ასევე აშშ დიდწილად აფინანსებს მსოფლიო ბანკისა და სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროექტებს, რომლებსაც მილიარდები შემოაქვს საქართველოში. თუ ამ სახის პროექტებში აშშ-ის დაფინანსება შეჩერდება, ეს საქართველოს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს. ამიტომ „ქართული ოცნების“ წევრებმა, თუ ისინი სერიოზული პოლიტიკოსები არიან და მარტო საკუთარ თავზე არ ფიქრობენ, უნდა იდარდონ არა მათ პირად სანქციებზე, არამედ იმ ზიანზე, რაც მათი უგუნური ქმედებების გამო საქართველოს მიადგება.

_ „მეგობარი აქტი“, რომელიც დაინიცირდა კონგრესში, იქ უფრო ვრცელ სპექტრსა და პერიოდზეა საუბარი პასუხისმგებელი პირების დასანქცირებასთან დაკავშირებით, ასევე სენატში დაინიცირდა კიდევ ერთი კანონპროექტი, „ქართველი ხალხის აქტი“, რას იტყვით მათ შესახებ?

_ „მეგობარი აქტის“ ამოქმედების შედეგად დაევალება კონკრეტულ პირებს, გამოიძიონ და გააკეთონ ანგარიში მათ შესახებ, ვინც საქართველოში მოქმედებს  დემოკრატიის წინააღმდეგ და საქართველოს დასავლური კურსის ძირის გამოსათხრელად. ამის შემდეგ მათ უნდა წარადგინონ ამ  ადამიანების დასანქცირების შესახებ წინადადებები. ხოლო თუ ეს დემარში შეწყდება და საქართველოს მთავრობა აღარ მიმართავს ანტიდასავლურ საქმიანობას,  „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო თუ სხვა სფეროებში დახმარების გაზრდას, ასევე უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას.

_ ბლინკენის განცხადებაში, ისევე როგორც ამ კანონპროექტებში, ნათქვამია, რომ გადაიხედება სტრატეგიული თანამშრომლობა, ეს რას უქადის საქართველოს?

_ საქართველო განიხილება შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორად. შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ საქართველოს დაუჭიროს მხარი სხვადასხვა საკითხში, მაგალითად, ამ სტრატეგიული პარტნიორობის შედეგია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე. წ. დამოუკიდებლობა მსოფლიოში არავინ ცნო, გარდა რამდენიმე ქვეყნისა. თუ შეერთებულმა შტატები უარს იტყვის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაზე, ეს მყისიერ უკუშედეგს გამოიღებს. სენატი და კონგრესი ორივე მუშაობს ამ კანონპროექტებზე, შეიძლება ეს აქტები მიიღოს კონგრესმა და სენატმაც, ამ შემთხვევაში, ის ღონისძიებები, რომლებზეც საუბარია ამ პროექტებში, აუცილებლად იქნება გატარებული.

_ ეს ყველაფერი ხდება ერთი, ვითომდა უწყინარი კანონპროექტის გამო, რაც, როგორც მმართველი ძალის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას გულისხმობს. რატომ არის ამ კანონის მიღება ასე მნიშვნელოვანი მმართველი ძალისთვის?

_ როგორც ვხედავთ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად მმართველმა ძალამ გადაწყვიტა ქვეყნის დემოკრატიულობის შეზღუდვა, რომ მიეცეს შესაძლებლობა, არჩევნებზე მოახდინონ ზემოქმედება და ამაში ხელი არ შეუშალონ მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ იცოდნენ, რომ ასეთი შეზღუდვები უკმაყოფილებას გამოიწვევდა დასავლეთში, მაგრამ იფიქრეს, რომ დასავლეთი თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობასა და მთავრობასთან თანამშრომლობას. მათ ვერ გაითვალისწინეს ქართველი ხალხის მძლავრი წინააღმდეგობა. სწორედ ამ წინააღმდეგობამ და პროტესტმა განაპირობა დასავლეთში, მათ შორის, მოსახლეობაში, მედიაში ძლიერი სიმპათია. ჩვენი ხალხის პროტესტის მიმართ ამ სიმპათიამ განაპირობა დასავლეთის პოლიტიკოსების ასეთი ხისტი დამოკიდებულება. მათ დაინახეს სასწრაფო რეაგირების საჭიროება ყველაზე ხისტი საშუალებებით. მათთვის საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა  მაღალია, მაგრამ კიდევ უფრო მაღალია საკუთარი მოსახლეობის აზრის გათვალისწინება, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში. ამიტომ ვხედავთ ჩვენ, რომ ასეთი ორპარტიულია ეს ინიციატივები, რომლებიც შევიდა კონგრესსა და სენატში. ორივე პარტიას სურს გამოჩნდეს საკუთარი ხალხის წინაშე საქართველოს ხალხის დამცველად. თუ ამას გააკეთებდა, ვთქვად, მხოლოდ „დემოკრატიული პარტია“, მაშინ ის ამას გააპიარებდა, რომ აი, ხომ ხედავთ, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ხალხის ინტერესებს. „რესპუბლიკელები“, რომლებიც უფრო კონიუნქტურის მომხრეები არიან, ხედავენ, რომ შეერთებული შტატების ხალხი, დიდი ნაწილი მაინც, სიმპათიით განეწყო ქართველი ხალხის პროტესტის მიმართ, ამიტომ ორივე პარტია ცდილობს ახლა თავის გამოჩენას და ჩვენებას, რომ ისინი სრულად ქართველი ხალხის მხარეს არიან და ამიტომ დაასანქცირებენ და ყოველნაირად დასჯიან საქართველოს მთავრობას ამ მოქმედებების გამო.   

_ „ოცნებაში“ მაინც აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ და დაძლევენ ვეტოს. როგორ ფიქრობთ, არის რაიმე შანსი. რომ პოზიცია შეიცვალონ?

_ ძნელი სათქმელია, მგონია, რომ თუ კიდევ რამე დარჩენიათ ჭკუის ნატამალი, უნდა მიხვდნენ, რომ კონტექსტი და სიტუაცია ძალიან შეცვლილია იმასთან შედარებით, რასაც ისინი ვარაუდობდნენ. ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ შედეგებს იქონიებს მათ მომავალზე. არ არის გამორიცხული, რომ დაძლევის დროს ვერ მოაგროვონ 76 ხმა და თვითონ ჩააგდონ ეს კანონპროექტი.

_ აშშ-ის მიერ სანქციების დაანონსების შემდეგ „ქართული ოცნების“ გაკეთებულ განცხადებაში ისევ იმაზე იყო საუბარი, რომ პრემიერ კობახიძეს ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს დაჭრის მაგალითით დაემუქრა, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ამაზე განცხადება გააკეთა და მწუხარება გამოთქვა, რომ მისი საუბარი არასწორად იყო ინტერპრეტირებული. „ოცნების“ განცხადებებში დასავლელი პარტნიორების მიმართ გამოიყენება სიტყვები „ფაშისტები“, „ბოლშევიკები“ _ ამაზე რას იტყვით?  

_ ეს არის პანიკური რეაქციები. მათ უნდათ თავისი მომხრეების მაქსიმალურად დაზაფვრა, მათში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და ამ ფორმით როგორღაც შენარჩუნება მათი მხარდაჭერის, რომელსაც, როგორც ჩანს, ყოველდღიურად კარგავენ. მგონია, რომ ეს აღარ გამოუვათ, მათი მოქმედებები უკვე ძალიან პანიკურია და არალოგიკური.

_ ვხედავთ, რომ მხოლოდ რუსეთი ჰყავთ დარჩენილი, ვინც ექომაგება და იწონებს „ქართული ოცნების“ ქმედებებსა და განცხადებებს, ამასთანავე ილუზიას ქმნიან, რომ მიაღწევენ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით რაღაც შეთანხმებას, რომ ეს თავიანთ წარმატებად გაასაღონ, რა პერსპექტივა აქვს ამ საკითს?

_ რუსეთი მათ ვეღარ უშველის ამ საკითხში. ისინი თუ დააპირებენ დასავლეთიდან აბსოლუტურად იზოლირებას და რუსეთისკენ წასვლას, დაკარგავენ თავისი მომხრეების ძალიან დიდ ნაწილს. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება არჩევნებზე. მათ უკვე დაკარგეს მხარდამჭერების საკმაო რაოდენობა და გარანტირებულად წაგებული აქვთ არჩევნები, თუ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ რესურსი, რომ უსამართლოდ ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში მოიგონ, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოქმედებები, შეიძლება, ეს რესურსიც აღარ დარჩეთ. რაც უნდა არასამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, დიდი პროცენტით მაინც ვერ ყალბდება. თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი მოვა არჩევნებზე და უარს ეტყვის „ქართულ ოცნებას“, ძნელი იქნება ამ შედეგების ფალსიფიცირება და გაყალბება.