ილონა დიასამიძე: „ჟურნალისტები არ არიან ამ ქვეყანაში დაცულები“
გიგა გელხვიიძე
თავისუფალი და კრიტიკული მედია, ფაქტობრივად, არცერთ ქვეყანაში არ უყვართ, თუმცა აქ, საქართველოში და იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთს ჯერ კიდევ აქვს გავლენები, ეს ყველაზე მეტად შესამჩნევია.
საქართველოში მედიის წარმომადგენლების დევნა მაშინაც კი შეიმჩნეოდა, როდესაც წინა ხელისუფლების მეთაურმა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დროშა პირველმა ასწია და განაცხადა, რომ ქვეყანას მკვეთრად ევროპული კურსი ჰქონდა და ის აუცილებლად გახდებოდა მისი წევრი. მიუხედავად ამისა, ევროპული ღირებულებების მქონე ხელისუფლებას კრიტიკული მედია საკმაოდ მძლავრ დარტყმებს აყენებდა, როდესაც მის შეცდომებზე მიუთითებდა. ზუსტად 17 წლის წინ, 2007 წლის 7 ნოემბერს, დედაქალაქში გამართული აქციის გაშუქებისას გამიზნულად უშლიდნენ ხელს მაშინდელი კრიტიკული მედიის ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობას, ხოლო დღის კულმინაციად იქცა ტელევიზიაში სპეცრაზმის შეჭრა, მაუწყებლობის გათიშვა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. იმავე დღეს ბათუმში გათიშეს ტელეკომპანია „ტვ 25-ი“ს მაუწყებლობაც, რომელიც ასევე აშუქებდა პროცესებს, რაც აჭარასა და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. ტელევიზიების გარდა, წინა ხელისუფლების დროს, პრობლემები ექმნებოდათ ონლაინ მედიებსაც, თუმცა ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი, ალბათ, ნეიტრალდება მაშინ, როდესაც ვიხსენებთ, თუ რა ხდება დღეს, როდესაც ხელისუფლებაში ღიად პრორუსული ძალა, „ქართული ოცნება“ იმყოფება. მოქმედი ხელისუფლება ტელევიზიებში სპეცრაზმით არ შევარდნილა, თუმცა ბოლომდე გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტი, ჯერ საკონსტიტუციო, შემდგომ კი უბრალო უმრავლესობა, რომელიც ამ წლების მანძილზე აქვთ პარლამენტში და განახორციელა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც მარწუხებში მოაქცია კრიტიკული ტელევიზიები, ტელევიზიების შემდგომ კი უკვე ონლაინ გამოცემების ჯერი დადგა. აქ უკვე რუსული კანონი აამოქმედა, რომელიც ყველა იმ მედიასაშუალებას შეეხება, რომლებიც სხვადასხვა საგრანტო პროექტებით საზრდოობს. ასეთი მედიები ან თავიანთი ნებით უნდა დარეგისტრირდნენ ე. წ. აგენტების რეესტრში, ან ეს, ადრე თუ გვიან, ძალით მოხდება, ხოლო მსგავსი სტატუსის თავიდან ასაცილებლად, ერთადერთი გზა, საქმიანობის გაჩერება რჩება. რეალურად კი სწორედ ეს მედიასაშუალებები აშუქებენ იმ მძიმე ვითარებას, რაც ხდება ქვეყანაში და ერთგვარ ხიდს წარმოადგენენ ხელისუფლებასა და იმ ხალხს შორის, რომელთა კეთილდღეობაზეც უნდა ზრუნავდეს ხელისუფალი და არ ახსენდებოდეთ მხოლოდ მაშინ, როცა არჩევნები მოდის.
გარდა საკანონმდებლო აქტებისა, კრიტიკული მედიების წარმომადგენლებს ღიად უსწორდებიან ქუჩაში პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს. ამის მაგალითებია 20 ივნისი, 5 ივლისი, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები, ქუჩაში სინქრონის ჩაწერის დროს კორპუსიდან გადმოსხმული წყალი, ლამის მანქანის დატაკება, გინება და რაც მთავარია, გამიზნული იერიში არჩევნების დღეს.
თუ თვალს გადავავლებთ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც ონლაინ მედიას წარმოადგენენ და ისინი მუშაობის დროს ქუჩაში ყოველგვარი ოპერატორის გარეშე, საკუთარი თავისა და კოლეგების იმედად გადაადგილდებიან, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მათ წინააღმდეგ დაგეშილ და გავეშებულ ხელისუფლების მომხრეების წინ მარტოები რჩებიან და თუ სადმე, რომელიმე მედიის ოპერატორის შემთხვევით კადრებში არ მოხვდებიან, რთულია იმის დამტკიცება, რომ მასზე იძალადეს და მან ეს ყველაფერი უბრალოდ არ მოიგონა, როგორც ამას ხშირ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე.
მედიის წარმომადგენლების უფლებებზე საქართველოში რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა ყველაზე აქტიურად ყველა ბოლო შემთხვევის დროს პროცესში „მედიაომბუდსმენი“ არის ჩართული.
სწორედ „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელ ნათია კაპანაძესა და ამავე ორგანიზაციის იურისტ ილონა დიასამიძეს ესაუბრა „ქრონიკა+“ იმის გასაგებად, თუ რა ხდება დღეს ქართულ მედიაში და რა ტიპის საქმეები არის სასამართლოში ან საგამოძიებო უწყებებში?
(„მედიაომბუდსმენი“ ასევე ჩართულია „მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმის გამოძიებაშიც).
ნათია კაპანაძე:
_ საქართველოში ყოველთვის იყო ხელისუფლებების მხრიდან თავისუფალი და კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა. რომ შევაფასოთ (წონადობით), რომელი ხელისუფლების დროს უფრო ხისტი აღმოჩნდა მიდგომები?
_ არასდროს დამდგარა მედიაორგანიზაციების გაუქმების საფრთხე ქვეყანაში ასე აშკარად და მასშტაბურად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული პირდაპირი და უხეში ხერხები სახეზეა, _ გაუფილტრავი ამბები საზოგადოებამდე რომ არ მივიდეს, ყველაფერს აკეთებენ. ვფიქრობ, დღევანდელი პერიოდი ყველაზე ხისტი და მიზანმიმართულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მედიის ამ დევნის მიზანია ადამიანების დაშინება და ვაკუუმის შექმნა. ჩვენ წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ ვნახეთ კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს კოორდინებული მუშაობა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და კრიტიკული მედიის დასასჯელად. ამას რუსული კანონის მოქმედების პირობებში მედიის დასჯის მცდელობას ვეღარ დავარქმევთ _ ეს მედიის დასჯაა.
_ საკუთარ თავზე გამოსცადეთ ის, თუ როგორ აჩუმებს „ქართული ოცნება“ დღეს იმ მედიასაც კი, რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება და, შესაბამისად, ემსახურება სწორედ ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას _ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მაგალითზე რომ ვთქვათ, რა წაართვა ხელისუფლებამ ხალხს?
_ ვერ ვიტყვი, რომ ახლა წაართვა რაიმე „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს 2019 წლის შემდეგ. უფრო ვიტყოდი, რომ ცოტა ხნით წავართვით მმართველ პარტიას საზოგადოებრივი მაუწყებელი და შემდეგ ძალმომრეობით ისევ ხელში ჩაიგდო. კვლევები ამბობს, რომ 2016-2019 წლებში აჭარაში საზოგადოებრივი მაუწყებლობა შედგა მისი საკანონმდებლო ჩანაფიქრის შესაბამისად. კანონის ცოდნის, სწორი ადამიანების შემოკრებით და სწორი პარტნიორების გამოძებნით ამ გზის გავლა ყოველთვის შესაძლებელი იქნება. კრიტიკული საზოგადოებრივი მაუწყებლის პირობებში ცუდი ხელისუფლება ვერ ეყოლება ქვეყანას. მჯერა, ერთ დღეს ასეც შევძლებთ საქართველოში.
_ მედიასთან ბრძოლა არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია და ამის მაგალითები გვაქვს საქართველოშიც _ იმ სასამართლოს პირობებში, რომელიც არის დღეს, რამდენად მართლდება ეს ცნობილი გამონათქვამი?
_ ჟურნალისტებმა ყველაზე მეტი გავლენა მოახდინეს დემოკრატიის შესახებ მოსახლეობის მოსაზრებების ფორმირებაზე. ეს ფრაზაც ნამდვილია. ვერცერთი ხელისუფლება მედიასთან ბრძოლას ვერ მოიგებს, რადგან მედია თავად არ ეგუება უფლებების დარღვევას, უკანონობას. „მედიაომბუდსმენი“ ახლა 200-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს იცავს, ჩვენ ვმუშაობთ 2023 და 2024 წლებში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას დაზარალებული მედიის საქმეებზე, ვიცავთ უკანონო მოსმენისას დაზარალებულ 48 ადამიანს, სადავოდ მივიჩნევთ ჟურნალისტების პარლამენტის შენობიდან გამოძევებისა და შევიწროების შემთხვევებს, ვეხმარებით არჩევნების გაშუქებისას ხელისუფლების მომხრეების მიერ დასჯილ 70 ჟურნალისტს და ოპერატორს. მედიის მხარდაჭერის პროცესში ზუსტად ვიცით მათი მოტივაცია _ ხელისუფლების ეს ბრძოლა უკვე წაგებულია. მედიასთან ბრძოლა ლექსო ლაშქარავას დევნის ეტაპიდანვე წააგო „ქართულმა ოცნებამ“. ამ წაგების შედეგები თანდათან შესამჩნევი გახდება.
_ თქვენ კარგად იცით რა ხდება დასავლურ მედიაში, ახლაც იმყოფებით აშშ-ში და ხედავთ, თუ როგორ მუშაობს მედია _ ამ გადმოსახედიდან სად იმყოფება დღეს ქართული მედია და რეალურად სად შეეძლო მას ყოფილიყო, რომ არა ხელის შემშლელი ფაქტორები?
_ შედარება შეუძლებელიც კია. ამერიკაში მედია განსაკუთრებულ პირობებში მუშაობს, ჟურნალისტების დევნა და სიცოცხლისთვის სახიფათო სამუშაო დღეები არ არის პროფესიის ნაწილი. განსხვავებულია ანაზღაურება და საცხოვრებელი პირობები. კვლევებსა და განათლების რესურსებზე წვდომა ბევრად განსაზღვრავს მედიის შინაარსის მრავალფეროვნებას. ქართული მედია დღეს დგას გამბედაობაზე. კვალიფიკაციის, შინაარსის, რეიტინგისა თუ მაყურებლის ინტერესის მთავარი ხაზია პერსონალური პასუხისმგებლობა. მსგავსი პირობები შექმნა ხელისუფლებამ.
ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ ქართველი ჟურნალისტების, ოპერატორებისა და მედიამენეჯერების გამბედაობით. ამიტომ ვცდილობ, ჩემი სამართლებრივი ცოდნით და მხარდაჭერით გავაძლიერო კრიტიკული მედია.
როცა საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა აღარ იქნება სიცოცხლისთვის საშიში, ქართული მედია გახდება ანალიტიკური, მრავალფეროვანი და კიდევ უფრო საინტერესო. უსაფრთხო და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა შეძლებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები პროფესიონალურად, ყოვლისმომცველად და განსხვავებული კუთხით შეისწავლოს. ეს კი შექმნის ფართო დისკუსიების ფორმატსაც, რაც დადებითად აისახება როგორც მედიის, ისე საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაზე.
26 ოქტომბრის არჩევნები, რომელიც ამ დრომდე არ უღიარებია დასავლეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს, მედიის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.
საარჩევნო უბნებზე არსებული დარღვევების გაშუქების პროცესში ძალიან დიდი აგრესია მოდიოდა მედიის წარმომადგენლების მისამართით.
საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული იყვნენ „ქართული ოცნების“ აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე. წ. ძველი ბიჭებისგან. უსაფრთხოების ზომების გამო მედიის წარმომადგენლები ტოვებდნენ გადაღების ადგილს.
„მედიაომბუდსმენმა“ 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 48 შემთხვევა დააფიქსირა.
ამ საკითხების შესახებ და იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს მედიის წარმომადგენლების საქმეების გამოძიება შესაბამისი უწყების მიერ, „ქრონიკა+“-ს ესაუბრა „მედიაომბუდსმენის“ იურისტი, ილონა დიასამიძე:
_ ილონა, რამდენადაც ცნობილია და თქვენ შესაბამისი ინფორმაციაც გქონდათ გამოქვეყნებული, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე მიმართეთ „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს“. რა ხდება ამ მიმართულებით და როგორ მიმდინარეობს გამოძიება?
_ „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა“ გამოძიება დაიწყო ჩვენი მიმართვის საფუძველზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნათია კაპანაძემ მოამზადა შესაბამისი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა“ დაიბარა ორი ჟურნალისტი. ამ ორი ჟურნალისტის გამოკითხვის შემდგომ დაიწყო გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით.
_ რამდენი ჟურნალისტი აღმოჩნდა დაზარალებული ჯამურად არჩევნების დღეს?
_ სულ 70 ჟურნალისტის შემთხვევის შესახებ მივმართეთ „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს“.
_ გარდა იმისა, რომ არ ეძლეოდათ მედიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება საარჩევნო უბნებთან, თუ იყო რაიმე სახის მუქარები მათ მიმართ?
_ აღნიშნულის შესახებ „მედიაომბუდსმენმა“ მოამზადა დასკვნა, სადაც ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ქმედებებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ. არჩევნების დღეს, მინიმუმ, 50 ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმა და ხელშეშლა ქმნის გარემოს, სადაც მოქალაქეები ვერ იღებენ საჭირო ინფორმაციას და მოაკლდებიან შესაძლებლობას, სრულად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში.
ეს რეალობა ხელს უწყობს საზოგადოებაში თვითცენზურის გაძლიერებას და ჟურნალისტებზე, ოპერატორებსა და მედიამენეჯერებზე მორალურ და პროფესიულ ზეწოლას, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიული პროცესების კეთილსინდისიერებას.
_ „მედიაომბუდსმენი“ დიდი ხანია აკვირდება იმ პროცესებს, რაც ხდება არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ რუსული კანონის აქციების საქმეებსაც სწავლობს. 2023 წლიდან რა დარღვევები დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს და მივიდა თუ არა ეს საქმეები „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურამდე“?
_ 2023-24 წლებში, რუსული კანონის მიღების პროცესსა და მიღების განმავლობაში, დაახლოებით ვიცავთ 40-ზე მეტი ჟურნალისტის უფლებას, მათ შორის, ხართ თქვენც („მედიაჰოლდინგ „ქრონკა+“-ის ჟურნალისტ გიგა გელხვიიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქუთაისის #2-ე საარჩევნო უბანზე, _ რედ.). მთავარი ამბავი, რასაც წავაწყდით, იყო ის, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი ეშლებოდა თითოეულ მათგანს და ეს იყო მიზანმიმართულად. მაგალითად, მათ მიმართ იყენებდნენ წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლს, ართმევდნენ კამერებს, უმტვრევდნენ ტელეფონებს, ანუ ეს იყო მიზანმიმართული ხელშეშლა ჟურნალისტის საქმიანობაში და გამოიხატებოდა იმ ფორმებით, რაც ჩამოვთვალე. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება არის დაწყებული, მას არ აქვს მსვლელობა და არის გაყინულ მდგომარეობაში. ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, გამოძიება არ იძვრის. ერთადერთი, რაც კეთდება, არის ის, რომ ჩვენ თუ მივმართავთ ვინმეს, გამოჰკითხავენ. თუმცა არსებითად ამ ორი წლის განმავლობაში 40-ზე მეტი ჟურნალისტის საქმე არ დაძრულა და არ დადგენილა პასუხისმგებელი პირი. 2023 წლის 18 შემთხვევასთან დაკავშირებით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვეთ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება.
_ იმ საქმეების ძირითადი ნაწილი, რომლებიც შესულია „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში“, არის შემხებლობაში სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებთან. როგორ იძიებენ „სპეციალურ საგამოძიებოში“ იმ საქმეებს, სადაც სამართალდამცველები ფიგურირებენ და როგორ იძიებენ სხვა დანარჩენ საქმეებს?
_ თითქმის ყველა შემთხვევაში საქმეები შეეხება სახელმწიფო უწყებებისგან მიყენებულ ზიანს. უნდა გამოიძიონ, მაგრამ არ იძიებენ. ფაქტი არის ის, რომ სისტემა არ მუშაობს, სისტემა არ იძიებს საქმეებს. რატომ არ იძიებს, ეს არის სხვა კითხვის საგანი და აქაც „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა“ უნდა გასცეს პასუხი, თუმცა ფაქტი არის ძალიან მარტივი, _ სისტემა არ მუშაობს: მთლად იმასაც ვერ ამბობს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს, იწყებს გამოძიებას, თუმცა არცერთ შემთხვევაში გამოძიება ამ ორი წლის განმავლობაში არ მიუყვანიათ ბოლომდე.
_ თუ მიგიმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის?
_ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ჯერ არ მიგვიმართავს, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ მივმართოთ. სპეციალური საგამოძიებო სამსახური რომ წელავს გამოძიებას, გვაქვს უკვე მიმართვის საფუძველი.
_ თქვენი გადმოსახედიდან, როგორია სამართლებრივი მიდგომა მედიის წარმომადგენლების მიმართ, იურიდიულად რომ შეფასდეს?
_ კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ წინასაარჩევნო პერიოდებმაც გვაჩვენა, რომ ზოგადად სისტემა ცდილობს, როგორღაც დასაჯოს ეს ჟურნალისტები. ეს ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს გამოხატული, ცალკეული მედიასაშუალებების მიმართ შეტანილი სარჩელებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ. მაგალითად ის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ასეთ შემთხვევებში საერთოდ არ უნდა დგებოდეს ჟურნალისტის პასუხისმგებლობა, მაგრამ გადაწყვეტილებები მიდის იქამდე, რომ ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება მედიაორგანიზაციებთან ერთად. მეორე შემთხვევა არის ის, რომ კომუნიკაციების კომისია რომ მუშაობდა, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა კრიტიკული მედიები ყოფილიყვნენ დასჯილი, რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, თითქმის ყველა შემთხვევაში გამოწერილია ადმინისტრაციული ჯარიმები. აქციების გაშუქებისას როგორც კი იდენტიფიცირდება, რომ კონკრეტული ჟურნალისტი წარმოადგენს კრიტიკულ პროცენტს, ვისაც ჩვენ ვიცავთ, ყველა შემთხვევაში დაზარალებულები არიან კრიტიკული მედიის ჟურნალისტები. იდენტიფიცირება ხდება ლოგოების ან ვიზუალური მონაცემების მიხედვით. ეს აგრესია გამოიხატება მიკროფონის წართმევაში, ტელეფონის წართმევაში და ა. შ. ყველანაირად უშლიან ხელს ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. კრიტიკული მედიიდან კიდევ ერთი, ვინც შეგვიძლია გამოვყოთ, არიან ონლაინ მედიის წარმომადგენლები. ისინი დაუცველები და მოწყვლადები არიან ყველაზე მეტად იმიტომ, რომ გაშუქების დროს იმყოფებიან მარტო. თუ ტელევიზიები წარმოდგენილები არიან ჟურნალისტებით და ოპერატორებით, ესენი იმყოფებიან მარტო, საკუთარი ტელეფონების იმედად. რაც შეეხება არჩევნებს, ზუსტად იგივე მოცემულობა იყო აგრესია, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელშეშლა კანონის არასწორი განმარტებით. ჟურნალისტები არ არიან ამ ქვეყანაში დაცულები. ჟურნალისტებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ თავისი საქმე გააკეთონ ყოველგვარი ზეწოლისა თუ ძალადობის გარეშე.
_ ბოლოს, მინდა გკითხოთ, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენთვის მოემართათ სახელისუფლებო მედიების წარმომადგენლებს?
_ არ მოუმართავთ.
მასალის ბოლოს, მკითხველს გვინდა მივაწოდოთ იმ ტელევიზიებისა და ონლაინ მედიების შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც არ მიეცათ თანაბარ რეჟიმში მუშაობის საშუალება 26 ოქტომბრის არჩევნებზე:
ტელევიზიები:
1. მარიამ გაფრინდაშვილი _ ტელეკომპანია „პირველი“, ჟურნალისტი;
2. პაპუნა ხაჩიძე _ ტელეკომპანია „პირველი“, ოპერატორი;
3. მარიამ მაკასარაშვილი _ ტელეკომპანია „პირველი“, ჟურნალისტი;
4. ნუკრი ქაფიაშვილი _ ტელეკომპანია „პირველი“, ოპერატორი;
5. თამთა დოლენჯაშვილი _ ტელეკომპანია „პირველი“, ჟურნალისტი;
6. ნიკო კოკაია _ ტელეკომპანია „პირველი“, ოპერატორი;
7. ნინი ელიკაშვილი _ ტელეკომპანია „პირველი“, ჟურნალისტი;
8. ირაკლი მურმანიშვილი _ ტელეკომპანია „პირველი“, ოპერატორი;
9. გვანცა ჩხიკვაძე _ ტელეკომპანია „პირველი“, ჟურნალისტი;
10. გიორგი კიკვაძე _ ტელეკომპანია „პირველი“, ოპერატორი;
11.სოფო ნიაური _ ტელეკომპანია „პირველი“, ჟურნალისტი;
12. დავით ბერაძე _ ტელეკომპანია „პირველი“, ოპერატორი;
13. მაკა ანდრონიკაშვილი _ ტელეკომპანია „პირველი“, ჟურნალისტი;
14. გიორგი შეწირული _ ტელეკომპანია „პირველი“, ოპერატორი;
15. გიორგი დვალიშვილი _ ტელეკომპანია „პირველი“, ჟურნალისტი;
16. ლაშა ჯიოშვილი _ ტელეკომპანია „პირველი“, ოპერატორი;
17. ია გულიაშვილი _ „მთავარი არხი“, ჟურნალისტი;
18. ლევან დვალი _ „მთავარი არხი“, ოპერატორი;
19. ქეთა ციცქიშვილი _ „მთავარი არხი“, ჟურნალისტი;
20. დავით ბადაგაძე _ „მთავარი არხი“, ოპერატორი;
21. თეა ვაშალომიძე _ „მთავარი არხი“, ჟურნალისტი;
22. ბაჩანა ოქროპირიძე _ „მთავარი არხი“, ოპერატორი;
23. თენგო გოგოტიშვილი _ „მთავარი არხი“, ჟურნალისტი;
24. იაგო გოგელაშვილი _ „მთავარი არხი“, ოპერატორი;
25. ნინა მაჩაბელი _ „მთავარი არხი“, ჟურნალისტი;
26. გიორგი ჩანტლაძე _ „მთავარი არხი“, ოპერატორი;
27. თიკო ერაძე _ „ფორმულა“, ჟურნალისტი;
28. შალვა ჯოხაძე _ “ფორმულა”, ოპერატორი;
29. ნუცა ბახუტაშვილი _ “ფორმულა”, ჟურნალისტი;
30. გიგა აღდგომელაშვილი _ “ფორმულა”, ოპერატორი;
31. თამარ თედიაშვილი _ “ფორმულა”, ჟურნალისტი;
32. ლერი როგავა _ “ფორმულა”, ოპერატორი;
33. დავით ჭაბაშვილი _ “ფორმულა”, ჟურნალისტი;
34. აგილ რუსტამოვი _ “ფორმულა”, ოპერატორი;
35. დავით მანია _ “ფორმულა”, ჟურნალისტი;
36. ირაკლი შენგელია _ “ფორმულა”, ოპერატორი;
37. მარი წაქაძე _ “ფორმულა”, ჟურნალისტი;
38. ბექა ქორჩილავა _ “ფორმულა”, ოპერატორი;
39. ნიკა ბურჭულაძე _ „ლაგოდეხის ტელევიზია“, ჟურნალისტი.
ონლაინ მედიები:
40. ვლადიმერ ჩხიტუნიძე _ “რადიო მარნეული”, ჟურნალისტი;
41. თიკო დავაძე _ “რადიო მარნეული”, ჟურნალისტი;
42. გიგა გელხვიიძე _ „მედია ჰოლდინგი „ქრონიკა+“, „სინიუსი“ (Cnews), ჟურნალისტი;
43. დავით მჭედლიძე _ „რადიო თავისუფლება“, ჟურნალისტი;
44. თამუნა ჩქარეული _ „რადიო თავისუფლება“, ჟურნალისტი;
45. მინდია გაბაძე _ ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ რეპორტიორი;
46. შაკო ბრეგაძე _ ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ რეპორტიორი;
47. დიტო ბელქანია _ “მრავალკუთხედი”, რეპორტიორი;
48. გელა მთივლიშვილი _ „საქართველოს ამბები“, ჟურნალისტი;
49. ლადო ქუთათელაძე _ „საქართველოს ამბები“, ჟურნალისტი;
50. ჰერმინე ვირაბიანი _ OC მედია, ჟურნალისტი;
51. რაფიგ შაბაზოვი _ OC მედია, ჟურნალისტი;
52. თეკლა ჩხაიძე _ OC მედია, ჟურნალისტი;
53. ზეინაბ ისგანდაროვა _ OC მედია, ჟურნალისტი;
54. ქრისტინა კვაჭანტირაძე _ OC მედია, ჟურნალისტი;
55. აითან ფარადოვა _ OC მედია, ჟურნალისტი;
56. თედო ჯორბენაძე _ “გაზეთი ბათუმელები”, რედაქტორი;
57. ცაგო კახაბერიძე _ “გაზეთი ბათუმელები”, ჟურნალისტი;
58. ლელა დუმბაძე _ “გაზეთი ბათუმელები”, ჟურნალისტი;
59.მანანა ქველიაშვილი _ “გაზეთი ბათუმელები”, ჟურნალისტი;
60. ეთერ თურაძე _ “გაზეთი ბათუმელები”, ჟურნალისტი;
61. ევა ართმელაძე _ “გაზეთი ბათუმელები”, ჟურნალისტი;
62. არჩილ კახაძე _ “გაზეთი ბათუმელები”, ჟურნალისტი;
63. თეო ქავთარაძე _ “სტუდია მონიტორი”, ჟურნალისტი;
64. ქეთი თუთბერიძე _ “სტუდია მონიტორი”, ჟურნალისტი;
65. „ალიქ მედია“ _ ვინაობას არ ასაჯაროებს საფრთხის გამო;
66. „ალიქ მედია“ _ ვინაობას არ ასაჯაროებს საფრთხის გამო;
67. „ალიქ მედია“ _ ვინაობას არ ასაჯაროებს საფრთხის გამო;
68. „ალიქ მედია“ _ ვინაობას არ ასაჯაროებს საფრთხის გამო;
69. საბა წიწიკაშვილი _ ქართლი.გე-ს რედაქტორი;
70. რაფო მესხიძე _ “ნეტგაზეთი”, ჟურნალისტი.