ზარალდება თუ არა „საქართველოს ფოსტა” მენეჯმენტის არაკვალიფიციური ქმედებების გამო?!

რა პრეტენზიები აქვს კავშირგაბმულობის პროფკავშირს შპს „საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელობასთან? რატომ მოინდომა ახალმა დირექტორმა (2012 წლის არჩევნების შემდეგ დანიშნული), ლევან ჩიკვაიძემ, თანამშრომლების უმეტესობის სამუშაოდან გაშვება? სისტემიდან 150 კაცის დათხოვნით რა ოდენობის ზარალი განიცადა ბიუჯეტმა? რატომ ამბობს დირექტორი, რომ სასამართლოს მიერ აღდგენილ თანამშრომელს ფოსტაში მაინც არ დააბრუნებს? კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით რა პოზიცია დაიკავა მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქუმსიშვილმა? რატომ არის ლევან ჩიკვაიძე, ერთდროულად, „საქართველოს ფოსტის“, ლატარიის კომპანიისა და შპს „ექსპრესის“ დირექტორი? რატომ იღებენ ფოსტის დირექტორატის წარმომადგენლები ხელფასზე ოთხჯერ აღმატებულ პრემიას?

ამ და სხვა კითხვებით „ქრონიკა+“-მა „კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს“, სულიკო მაშიას მიმართა:

_ „საქართველოს ფოსტასთან“ დაკავშირებით ჩვენ, პროფესიულ კავშირსა და იქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს, სამართლიანობს დაცვის კუთხით სერიოზული პრეტენზიები გვაქვს. ძირითადი დარღვევები 2012 წლის 19 ნოემბრიდან დაიწყო, როცა ფოსტის გენერალურ დირექტორად ლევან ჩიკვაიძე დაინიშნა. ამ დღიდან მოყოლებული მან იქ მომუშავეთა უმრავლესობის სამუშაოდან განთავისუფლება მოინდომა.

პროფკავშირებთან გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ფოსტაში დასაქმებულ ყველა ადამიანს უვადო და გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა.

ჩიკვაიძემ თვითნებურად, კანონდარღვევით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ამ ადამიანებს უვადო შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა და ერთთვიან, დამამცირებელ შრომით ხელშეკრულებაზე გადაიყვანა. ნათელი იყო, რომ ამ ერთი თვის გასვლის შემდეგ მათ სამუშაოდან გაათავისუფლებდნენ. იმ ერთთვიან ფულად კომპენსაციასაც არ მისცემდნენ (ხელფასის კომპენსაცია), რაც იმ დროს მოქმედი შრომითი კოდექსით იყო გათვალისწინებული.

არც მალავდა, ეს იმიტომ უნდოდა, რომ აღნიშნული ფულადი კომპენსაცია არ მიეცა. ჩვენ ვუთხარით, _ თქვენ დაზოგავთ რაღაც გარკვეულ თანხას, მაგრამ ამაზე ბევრად მეტს გადაიხდით, რადგან ადამიანების ასეთი სახით სამუშაოდან განთავისუფლება კანონის დარღვევა იქნებაო.

გვიპასუხა, _ მე ამერიკაში მაქვს დამთავრებული, თვითონ იურისტი ვარო და ა. შ. მაინც გაათავისუფლა. პირველ ტალღაზე 50 ადამიანი, მერე _ 50 და სულ ექვასასამდე ადამიანის გაშვება უნდოდა. 150 გაუშვა, რადგან ჩვენ წინააღმდეგობა გავუწიეთ. ფოსტის შენობის წინ საპროტესტო აქციები გაიმართა, მერე ნახეს, რომ ხალხის სამუშაოდან გაშვება ცოტა რთულდებოდა და, მოდი, ყველას ტესტირება ჩავუტაროთო.

წინა დღით უთხრეს, რომ ხვალ აგრარულ უნივერსიტეტში უნდა მოხვიდეთ და იქ ტესტირება ჩატარდესო. არც იცოდნენ, საერთოდ რაზე უნდა ჩაეტარებინათ გამოცდა. იქაც მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა, მედიით გაშუქდა, მაგრამ ახალი დირექტორი თავისას აგრძელებდა.

თანამშრომლების ნაწილი, 150 ადამიანი, სამუშაოდან რომ გაუშვეს, ჩვენი წევრები არიან. მათ ვუხსნიდით, რომ დათხოვნა არაკანონიერია. რა თქმა უნდა, მათ მაგივრად სარჩელის შეტანის უფლება არ გვქონდა. ავუხსენით, _ თუ თქვენ მოინდომებთ, რომ სასამართლოში სარჩელი შეიტანოთ, ჩვენი მოვალეობაცაა, რომ ამის შედგენასა და შემდგომ დაცვაში მოგეხმაროთო.

თავისთავად, ეს გავაკეთეთ კიდეც. ამ ადამიანებმა სასამართლოს მიმართეს. 150 კაცი იყო განთავისუფლებული, მაგრამ სასამართლოს 65-მა მიმართა. იმ პერიოდში ნაწილს ნდობა საერთოდ არ ჰქონდა, რომ პროცესის მოგება შეიძლებოდა. რეალურად, ეს მარტო საქართველოს ფოსტის კი არა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, რადგან ეს კომპანია სახელმწიფოს მმართველობაში იყო.

მოკლედ, ვინც მოინდომა, მათი სასამართლო პროცესები დაიწყო. ისიც მართალია, რომ განხილვები ძალიან ჭიანურდება და დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. ზოგი სამ წელს უნდება, სანამ სამივე ინსტანციას გაივლის. აქედან 38-მა ადამიანმა პროცესი მოიგო, ვისთანაც საქმე დასრულებულია და სასამართლო გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული. ამ 38 ადამიანზე საქართველოს ფოსტამ უკვე 900 ათას ლარზე მეტი გადაიხადა. იმ 25 სარჩელის მოგების შემთხვევაში, დამატებით, ალბათ, 200-300 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ.

როგორც სასამართლო, ასევე ჩვენ მოპასუხეს ვეუბნებოდით, რომ ამ ადამიანებს მოურიგდითო. მოსამართლე ყველა სხდომაზე ვალდებულია, ამ მოწოდებით მიმართოს. თან პრეცედენტი არსებობს, ამაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებია და იქნებ, მოურიგდეთ, რომ ნაკლები გახდეს საჭროო. არა და არა! არც ერთ შემთხვევაში ამაზე არ წამოვიდნენ!

ფოსტის დირექტორმა განაცხადა კიდეც, რომ სასამართლო თუ აღადგენს ამ ადამიანებს სამსახურში, საქართველოს ფოსტაში მე მაინც არ ვამუშავებო. მართლაც ასე მოხდა: აქედან 18-მა ადამიანმა ხელმეორედ მიმართა სასამართლოს და მათი ნაწილი უკვე ხელმეორედ დაკმაყოფილებულია. სასამართლომ მათზე ისევ სამსახურში აღდგენა გამოიტანა, რადგან სრულიად აშკარაა, რომ სამსახურიდან დარღვევებით გაუშვეს.

_ ამ 18-დან ხელმეორედ აღდგენილი რამდენია?

_ მათთან დაკავშირებით საქმეები სასამართლო ინსტანციებში გრძელდება. ორზე უკვე გამოტანილია გადაწყვეტილება ხელმეორედ სამსახურში აღდგენაზე და ამას იძულებითი გაცდენის ანაზღაურებაც მოჰყვება, ეს აუცილებელი პირობაა.

აქ ყველაზე საინტერესო და შემაშფოთებელია ის, რომ პროცესი უკვე მეოთხე წელია, გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ სამივე პრემიერ-მინისტრს არაერთხელ მივმართეთ, ასევე ეკონომიკის მინისტრებს, სახელმწიფო ქონების პრივატიზების სამსახურის უფროს ეკა სისაურს და ყველა დანარჩენ სახელისუფლებო ორგანოს.

ვეუბნებით, რომ მენეჯმენტის ასეთი არაკვალიფიციური, თვითნებური, გაუმართლებელი ქმედებების გამო „საქართველოს ფოსტა“ ზარალდება და რაღაც ზომები მიიღეთო.

_ რას გპასუხობენ?

_ ახლანდელ ფინანსთა მინისტრ ქუმსიშვილთან ეკონომიკის სამინისტროში პროფკავშირების ხელმძღვანელობა ვიყავით მასთან შეხვედრაზე, მაშინ კვირიკაშვილის პირველი მოადგილე იყო. ფოსტის დირექტორსაც დაუძახეს. ვკითხეთ, თუ რატომ გაათავისუფლეს ეს ადამიანები?

_ მენეჯმენტი სწორად მოიქცა, რომ მათზე კომპენსაცია არ გადაიხადაო, _ გვიპასუხა.

წარმოდგენა რომ გვქონდეს, აღნიშნული კომპენსაცია იმ დროს რომ გადაეხადათ, სულ, შეიძლება, 50 ათასი ლარის ყოფილიყო. ეს მთლიანად განთავისუფლებულ ადამიანებზე რომ გაეშვათ. ახლა უკვე მილიონზე მეტი უნდა გადაუხადონ, როცა 900 ათასზე მეტი უკვე გადახდილია.

თავისთავად, ეს წაქეზება აუცილებელი ზომების მიუღებლობაა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ვალდებული არიან, რომ რაღაც ზომები მიიღოთ. ან მორიგებაზე ეთქვათ რამე, რომ ამდენით ზარალდება ფოსტა, შეუთანხმდით ამ ადამიანებს და ა. შ. ამით გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯებოდა, მაგრამ არა, ასე არ მოქცეულან.

თვითონ ჩიკვაიძეც გვეუბნებოდა, _ ქუმსიშვილს, ეკონომიკის მინისტრს, თუ პრემიერს რომ მიმართავთ, ამით რას ელოდებით, მე დამსჯიან თუ რას იზამენ? ეს თქვენი ილუზიააო.

ჩვენ ვცდილობთ, რომ, პირველ რიგში, ადამიანის უფლებები დავიცვათ. მეორეც (რაც მთავარია), იქ დასაქმებული ადამიანები ამას რომ ხედავენ, პირდაპირ გვეუბნებიან, _ რა სამართლიანობის აღდგენა, ყველაფერი პირიქით ხდებაო.

ზოგი ჩვენი ქმედების გამო უკმაყოფილოა, რომ ამით ვზარალდებით და რაც გვაქვს, ამ სამუშაოსაც დავკარგავთო. ასე დაშინებული არიან და ეს მიუღებელი პროცესი დღემდე გრძელდება.

_ კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას რას უკავშირებთ?

_ ეს არის თვითნებობა, მართვაში არაკომპეტენტურობა და არაკვალიფიციურობა. სხვა ახსნა აქ როგორ შეიძლება?! აშკარაა, რომ ზარალია და როცა ეს 50 ათასისაა, გაჩერდი მაინც და რეალური გამოსავალი ეძებე. არა, პირიქით, ამ ადამიანებთან დაპირისპირების რეჟიმში შედიოდნენ. ჯერ ერთი, რა უფლება აქვს, დირექტორია თუ სხვა ვინმე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულოს?! ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.

კიდევ იცოდა, რომ ხელისუფლებიდან მთელ ამ პროცესს არავითარი რეაგირება არ მოჰყვებოდა. მართლაც ასეა, ხომ გეუბნებით, მეოთხე წელია, საქართველოში სახელისუფლებო ორგანო არ არსებობს, რომელსაც ამ საკითხების გადაწყვეტა ხელეწიფება. ისმის კითხვა, რატომ?

ისიც ცხადია, რომ ყველა ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგიდან“ არის. მადლიერების ნიშნად, ხელისუფლებამ გუნცაძე რკინიგზაში და ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტაში დანიშნა. ორივე ამ ლიგის წარმომადგენელია და 2012 წლის არჩევნებამდე აქტიურობდნენ. რომ გადახედოთ, გინდა რკინიგზაში და გინდა საქართველოს ფოსტაში, უამრავი იმდროინდელი „ამომრჩეველთა ლიგის“ წევრი მუშაობს.

რა თქმა უნდა, ჩვენ დასაქმების წინააღმდეგი არ ვართ, რაც შეიძლება მეტი აიყვანონ სამსახურში, გინდ „ამომრჩეველთა ლიგიდან“ იყოს, გინდაც სხვა ორგანიზაციიდან. მაგრამ იქ ვინც მუშაობს, რატომ უნდა დავჩაგროთ, გავათავისუფლოთ, არსებობის წყარო შევუწყვიტოთ და ა. შ.?!

_ ფოსტიდან ძალიან ბევრი ადამიანი იმიტომ უნდა გავათავისუფლოთ, რომ ესენი ზონდერები არიანო, _ ამბობდნენ.

ვეუბნებოდით, _ კი მაგრამ, ვინ არის აქედან ზონდერი? კი ბატონო, შეიძლება, არ უარვყოფთ, რომ იქ ვინმე შეიძლება ზონდერი ყოფილიყო, მაგრამ უბრალო ფოსტალიონი, კურიერი ან ოპერატორია ზონდერი? ის რა ზონდერია და სამსახურიდან რატომ ათავისუფლებ? თუ ვინმე გასაშვებია, ჯერ გამოიძიე და მერე გაათავისუფლე.

აგერ უკვე სამსახურში აღდგენილი და თანხაგადახდილი თანამშრომლების სია გვაქვს. 25 სარჩელი კიდევ იხილება, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება. ეს ერთი ასპექტია, რაც ამ არაკანონიერ განთავისუფლებასა და ზარალს ეხება.

ახლა მეორე თემაზე გეტყვით: ადრე ამ სფეროს მხოლოდ საქართველოს ფოსტა ემსახურებოდა. 2011 წლიდან საქართველოს ფოსტას საქართველოს ლატარიის კომპანია (70%-იანი სახელმწიფო წილი ფოსტას გადასცეს) და ასევე გადაზიდვების კომპანია შპს „ექსპრესი“ შეუერთეს. ძალიან საინტერესოა, რომ ეს კომპანიები ფინანსურად შპს საქართველოს ფოსტის დაქვემდებარებაში შედიან და მასთან ანგარიშვალდებული არიან.

ამ სამივე კომპანიაში დირექტორი ერთი ადამიანი, ლევან ჩიკვაიძეა. ჩვენ ვამბობთ, რომ ასე არ შეიძლება იყოს და რატომ არ შეიძლება, _ ეს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტია. ვთქვათ, რომელიმე ამ შპს-ში რაღაც დარღვევა რომ მოხდეს, საქართველოს ფოსტის დირექტორმა რეაგირება უნდა მოახდინოს, აღკვეთოს და ა. შ., მაგრამ ამას როგორ გააკეთებს, როცა იქაც დირექტორი თვითონაა?

ჩვენ ეს არაერთხელ ვუთხარით როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე პირად შეხვედრაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკა სისაურს. ჯერ გაიკვირვა, ეს მართალიაო? მერე კი თქვეს, რომ ეგრეა, ეს ხომ სახელმწიფო სამსახური არაა და ინტერესთა კონფლიქტიც არ არისო.

ამ ფონზე არაერთი დარღვევა იყო ლატარიის კომპანიში, სკანდალი ჯეკპოტის გათამაშებაში, საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი. ყველაზე დიდი შემთხვევა საგადასახადო კუთხითაა, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 200 მილიონის დავალიანება აქვთ, რაც ღია მედიაწყაროებით ვიცით.

ჩვენ ერთხელ გადავაცილეთ დეკლარაციის წარდგენა და უცბად დაგვაჯარიმეს, პროფკავშირების ანგარიში დააყადაღეს. იქ ამხელა თანხებზეა საუბარი, გადასახადელია და არავითარ ზომებს არ იღებენ.

ჩიკვაიძე ამბობს, რომ ეს მთლიანად ჩვენი დავალიანება არ არის, მე რომ მოვედი, 50 მილიონის დავალიანება იყოო. მაგრამ ამას კიდევ 200 მილიონი დაემატა.

თანამდებობების შეთავსებას რაც შეეხება, ჩვენ მაკონტროლებელ ორგანოებს პირდაპირ ვუთხარით, რომ თქვენ ამ უმოქმედობით შექმნილ სიტუაციას ხელს უწყობთო. ყურებსაც არ იბერტყავენ.

ახლა მესამე საკითხი: მოსვლის დღიდან დირექტორატს (ოთხი თუ ხუთი დირექტორი ჰყავდა) ხელფასებზე ყოველთვიური პრემიები დაუნიშნეს. არ გინდათ, იმ პრემიების ოდენობა იცოდეთ? ე. ი. მათ ხელფასს ოთხჯერ აღემატება. ამას თვითონ დირექტორებზე გეუბნებით და არა ჩიკვაიძეზე. მისი ანაზღაურება ცნობილია, _ 141 ათასი ლარის შემოსავალი აქვს წელიწადში! თვითონ ფოსტიდან პრემიას არ იღებდა, მაგრამ თავის დირექტორატში ყველას დაუნიშნა პრემიები, რომელიც მათ დიდ ხელფასს ოთხჯერ აღემატებოდა.

ამაზე არაერთი პუბლიკაცია, სატელევიზიო გადაცემა გვქონდა. სტუდია „მონიტორმა“ ფილმი გააკეთა. უჩივლეს, არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნეთო. ინტერვიუში ვამბობ, რომ ყოველთვიურად 12 ათასი ლარი აიღეს. ერთ-ერთმა ფინანსურმა დირექტორმა იჩივლა. ჩვენთან მოვიდნენ, დავაზუსტეთ და 12 ათასი არა, 11 ათას შვიდასი ყოფილა. ამ პრემიებს ორი წლის განმავლობაში იღებდნენ. ახლა მას ხელფასზე დანამატი დაარქვეს და მიღებას აგრძელებენ.

უშუალოდ მათი უფროსი სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოა. სისაურს ვეუბნებით, _ ქალბატონო ეკატერინე, დასაქმებულებს, საზოგადოებას გვაინტერსებს, რატომ იღებენ ეს დირექტორები ამხელა პრემიებს, თან სისტემატურად?

_ ალბათ, კარგად რომ მუშაობენ, პრემიას ამის გამო იღებენო.

ეს ხომ აბსურდია?

ყველა ამ ქმედების გამო არავითარი პროფესიული დიალოგი არ არის, პროფკომიტეტის თავმჯდომარე ფოსტის შენობიდან გამოაძევეს, ყველანაირი წყარო შეუწყვიტეს. მუშაკებზე ზეწოლას ახდენენ და თვითონ ყვითელი პროფკავშირი ჩამოაყალიბეს. შრომის კოდექსს უხეშად არღვევენ.

ამ ყველაფრის გამო, ბოლო დროს, საქართველოს ფოსტა ორჯერ მოხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში, როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევი კომპანია;

ასევე სახალხო დამცველის ანგარიშში.

_ გამოსავალს სად ხედავთ?

_ ეკონომიკის სამინისტრომ ლევან ჩიკვაიძის საკითხი უნდა განიხილოს, შეესაბამება თუ არა დაკავებულ თანამდებობას და აზარალებს თუ არა კომპანიას.

მეორე: სასწრაფო წესით უნდა განიხილონ მისი სამი დირექტორობის საკითხი. ერთი მეორეზე ანგარიშვალდებული და დაქვემდებარებული კომპანიების დირექტორად შეიძლება მისი მუშაობა, თუ არ შეიძლება.

და მესამე: უნდა განიხილონ გაცემული თანხები პრემირებაზე, დანამატებზე და ა. შ. რამდენად კანონიერია. ვიცით, რომ ხელისუფლების სტრუქტურებში, მერიაში პრემიებსაც იღებენ, დანამატებსაც, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ეს პროცესი მუდმივად ასე გაგრძელდეს? ეს რაღაც ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

ჩვენი ქმედებების გამო საქმე ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურში განსახილველად გადაცემულია. უკვე ნახევარი წელია, არავითარ ზომებს არ იღებენ. დუმილი გრძელდება. როდემდე? რა დამსახურების გამო პატიობენ ამ დირექტორს აღნიშნულ არაკანონიერ ქმედებებს?!

 

გელა მამულაშვილი