ვინ არის ფრანგი ექსპერტი ერიკ ჰიუბრეხტი, რომელმაც თბილისის გენგეგმა „დაბრაკა“?
თბილისის მერად კახი კალაძის მოსვლის შემდეგ გენგეგმის ბედი კარდინალურად შეიცვალა. „ქრონიკა+“-მა საკმაოდ ვრცელი პუბლიკაციები მიუძღვნა აღნიშნულ პროექტს, კერძოდ, თუ როგორ გამოავლინა ორი წლის წინ კონკურსის წესით გენგეგმაზე მომუშავე ფირმა მერიამ და როგორ ჩაურიცხა რამდენიმე მილიონი ლარი. მოვიდა მერად კალაძე და ეგრევე რომ არ მოესრიალებინა აღნიშნული პროექტი, გენგეგმაში, უბრალოდ, ხარვეზები აღმოაჩინა. ხარვეზები კარგი განმარტებაა _ არც ეტიკეტს აწყენინებ და არც _ დემოკრატიას.
ჰო, მართლა, „სითი ინსტიტუტი“ 145 ათასი ლარითაც დააჯარიმეს და ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვეს. კულუარებში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ არ არის გამორიცხული, მერიამ დედაქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან საერთოდ გაწყვიტოს ხელშეკრულება. სვარაუდოდ(ვე) ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი დასაბუთებული იქნება და ყველაზე ცუდ ვარიანტში საქმე პროკურატურას გადაეცემა, ყველაზე კარგში _ მონახავენ მექანიზმს მერიისთვის 3 მილიონი ლარის დასაბრუნებლად.
არადა, გენგეგმის 70% უკვე ჩაბარებულია თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის, რომელიც პირდაპირი დამკვეთი იყო.
„სითი ინსტიტუტის“ პოზიცია ასეთია: თუ ნარმანიასა და მის არქიტექტურის სამსახურს არანაირი შენიშვნა არ ჰქონია გენგეგმასთან დაკავშირებით, რა ხდება ახლა? რა ბზიკმა უკბინა მერიის ახალ ხელმძღვანელობას?
„სითი ინსტიტუტის“ მიერ შესრულებული გენგეგმის შესაფასებლად მერიამ თხოვნით მიმართა აზიის განვითარების ბანკს. ამ უკანასკნელმა დაიქირავა Institut d’aménagement et d’urbanisme d’Ile-deFrance, პარიზში დაფუძნებული კომპანია, რომელმაც შეფასება ერიკ ჰიუბრეხტს დაავალა, უფროს არქიტექტორსა და ქალაქმგეგმარებელს. ერიკ ჰიუბრეხტი საქართველოში ჩამოვიდა და „სითი ინსტიტუტის“ გენგეგმას ისეთი შეფასება მისცა, რომ „ქვა ქვაზე“ არ დატოვა.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ „სითი ინსტიტუტის“ პასუხს ექსპერტის ამ შეფასებაზე. პასუხში თავად ერიკ ჰიუბრეხტის შეფასებებიც არის მოყვანილი და სწორედ ამ კუთხით გახლავთ საინტერესო:
„გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი ყურადღებით გაეცნო თბილისის მუნიციპალიტეტის თხოვნით, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაქირავებული ექსპერტ ერიკ ჰიუბრეხტის მიერ შესრულებულ თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასების საექსპერტო დასკვნას.
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პატივცემული ექსპერტი გაეცნო მხოლოდ მე-6 ეტაპის მასალებს (რომლის თარგმნაც უზრუნველყო დამკვეთმა) და მისი ყურადღების მიღმა დარჩა წინასაპროექტო კვლევის, საყრდენი გეგმისა და კონცეფციის შემუშავებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (როგორც ტექსტური, ისე გრაფიკული). ეს ფაქტორი მეტად მნიშვნელოვანია, რამდენადაც საბოლოო ეტაპზე წარდგენილი ყველა გადაწყვეტა ეფუძნება წინა ეტაპებზე მომზადებული კვლევებისა და ანალიზის შედეგებს.
საინტერესოა, რომ პატივცემულ ექსპერტს დამკვეთმა (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური) ერთ-ერთ დავალებად, როგორც ირკვევა, განუსაზღვრა თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის საექსპერტო დასკვნისა და შესაბამისი რეკომედაციების მომზადება. გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის შემუშავება თავად დამკვეთის მიერ იყო განსაზღვრული საპროექტო მომსახურების მე-4 ეტაპზე და შესაბამისი სამუშაო მის მიერვე იქნა მიღებული 2017 წლის 27 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ამდენად, სარევიზიო ხასიათის დაკვეთა მხოლოდ შიდა ორგანიზაციული მოხმარების მიზნებს უნდა ატარებდეს და არ უნდა ვრცელდებოდეს მიმწოდებელზე. მიუხედავად აღნიშნულისა, თქვენი 2017 წლის 19 ოქტომბრის 60-01172922268 წერილის გათვალისწინებით, „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და მის ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებს საჭიროდ მიაჩნიათ, პასუხი გაეცეს ექსპერტის შეფასებებს კონცეფციის ნაწილშიც.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ექსპერტი მართებულად მიანიშნებს იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რამაც მგგ-ს განახლებაზე მომუშავე გუნდს გაურთულა პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობა (იხ. დასკვნის მე-6 გვერდი – მუნიციპალიტეტის სტრატეგიებთან, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავების მასშტაბთან, ტექნიკურ დავალებაში არსებულ რიგ შეუსაბამობებთან, ინსპექტირებისა და ვალიდაციის პროცესთან, შემსრულებლისთვის არასაკმარისი კვლევითი მასალების, ხოლო რიგ შემთხვევაში, მოძველებული მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით),
ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განხილვების ორგანიზება, ძირითადად, დამკვეთის ფუნქციაა (სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაგეგმვის დოკუმენტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყება“). ვერ დავეთანხმებით ექსპერტს, როდესაც იგი აღნიშნავს: „ფაქტობრივად, არ ყოფილა რეალური მონაწილეობითი პროცესი, რომელიც გაითვალისწინებდა კერძო სექტორისა და მოსახლეობის მოთხოვნებს და საჭიროებებს. თუმცა ჩატარდა რამდენიმე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა. შესაბამისად, ეს პროცესი, ძირითადად, ტექნიკური და ბიუროკრატიული იყო და არ მოიცავდა ეკონომიკურ და სოციალურ განზომილებებს“ (იხ. დასკვნის მე-6 გვერდი). სამწუხაროა, რომ დამკვეთმა არ ან ვერ მიაწოდა ექსპერტს სათანადო ინფორმაცია მგგ-ს შემუშავების მთელი პროცესის განმავლობაში გამართული შეხვედრებისა და საჯარო განხილვების შესახებ, რაც თავად ექსპერტს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რამეთუ იგი დამკვეთი მხარის მიერ, მგგ-ზე მუშაობის ფინალურ ფაზაში ჩაერთო. რეალურად, მრავალი შეხვედრა შედგა სხვადასხვა ინტერესჯგუფთან. შედგა შეხვედრები როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების მოსახლეობასთან, ისე ქალაქის სამშენებლო და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან. 12 შეხვედრა და განხილვა შედგა საქართველოს არქიტექტორთა კავშირში საპროექტო დარგის სპეციალისტებთან, მათ შორის, მგგ-ს განახლებაზე მონაწილე უცხოელი პარტნიორების ჩართულობით. დამოუკიდებლად მიმდინარეობდა კონსულტაციები და შეხვედრები სპეციალურად მგგ-ს პროცესის მონიტორინგის მიზნით შექმნილ საზოგადოებრივ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსთან. რამდენიმედღიანი განხილვა გაიმართა გუდაურსა და ბორჯომში მედიისა და მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან. გაიმართა საჯარო განხილვები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, თბილისის ტექნოპარკში (ბიზნესის წარმომადგენლებთან და დეველოპერებთან). სამი ეტაპობრივი განხილვა შედგა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სხვადასხვა პარტიისა და ფრაქციის წარმომადგენლებთან და სხვ.
ერიკ ჰიუბრეხტის ექსპერტიზის დასკვნის მე-3 თავის (ძირითადი შედეგები) საპასუხოდ, უნდა აღინიშნოს:
ექსპერტი მიუთითებს: „მგგ-ს ხედვები არ შეესაბამება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ მხარდაჭერილ სატრანსპორტო დერეფნებს. ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს ძირითადი დერეფანი, ამ დერეფნებთან დაკავშირებული ურბანული ქსოვილის მოდიფიკაციისთვის, რაც სტრატეგიულ საკითხს წარმოადგენს“[1]. აღნიშნულის საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ გენერალურ გეგმაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე მგგ-ზე მომუშავე ტრანსპორტის ჯგუფის წევრებს, მათ შორის, BRENNER INGENIEURGESELLSCHAFT MBH-ს სპეციალისტებსა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდა კონსულტაციები, რა დროსაც სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებულ საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები არ დაფიქსირებულა. მეტიც: ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 24 ივლისის 16-01172052252 წერილით მოთხოვნილია მხოლოდ რკინიგზის სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებული ურთიერთშეთანხმების ასახვა საბოლოო დოკუმენტში, რაც უკვე გათვალისწინებულია.
ექსპერტის შენიშვნა ეხება რკინიგზის, როგორც საქალაქთაშორისო მგზავრობისა და ქალაქის შიდა ურბანული საზოგადოებრივი ტრანსპორტირების მიზნებისთვის შენარჩუნების აუცილებლობას. მისი და მგგ-ს ჯგუფის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, იდენტურია.[2]
ექსპერტის მოსაზრება სარკინიგზო ხაზის გასწვრივ გამჭოლი ახალი მაგისტრალის მშენებლობის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ, ვფიქრობთ, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ იგი ვერ გაეცნო მგგ-ს განახლებაზე მომუშავე გუნდის კონცეფციას მდინარე მტკვრის ქალაქისთვის დაბრუნების თაობაზე. მგგ-ს ჯგუფის შეთავაზება, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (I ეტაპი – გალაკტიონის ხიდიდან ზაარბრუკენის მოედნამდე არსებულ სანაპიროზე, მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატოვებით) მდინარის მნიშვნელოვან არეალში საქალაქო სარეკრეაციო სივრცის გრძივი განვითარება სასეირნო-დასასვენებელი ბულვარის მოწყობით, შესაძლებელი იქნება სწორედ დამატებითი გრძივი უწყვეტი კავშირის შექმნით, რკინიგზის ტერიტორიის არეალში. ამდენად, ზემოთ ხსენებული საკითხი ჩვენთვის მეტად პრინციპული და მნიშვნელოვანია. იგი გამოწვეულია ობიექტური ფაქტორებით და არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ავტომობილების წილის ზრდის ხელშეწყობის მცდელობა.
ექსპერტი, სამწუხაროდ, არ იცნობს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ და მისი პარტნიორების მიერ მომზადებულ „თბილისის საველოსიპედო ქსელების განვითარების კონცეფციას“, რომლის მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს თბილისში არსებული სატრანსპორტო ქსელის ტრანსფორმაციას, რაც მოსახლეობას შესთავაზებს, გამოიყენოს ქალაქში გადაადგილების ალტერნატიული საშუალება. ყოველივე ეს არა მარტო ხელს შეუწყობს ქალაქში გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ დადებითად აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე.
ვერ მივიღებთ ექსპერტის შენიშვნას ჯენტრიფიკაციის გზით ძველი უბნების განახლებასთან დაკავშირებულ საშიშროებებზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო – აღნიშნული ტერმინი, არც მისი შინაარსობრივი შესატყვისი, არც ამგვარი მიდგომის აუცილებლობის დასაბუთება, მგგ-ს დოკუმენტის შემუშავების არც ერთ ეტაპზე არ გამოყენებულა და ამდენად, იგი არ ასახავს რეალობას.
ექსპერტი თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ ურბანული გაფართოების შეჩერება არასწორია, რადგანაც შეიძლება დიდი წინააღმდეგობა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ინვესტორებისა და ქალაქის მოსახლეობის მხრიდან, ასევე შეამციროს თბილისის მიმზიდველობა ინვესტირების თვალსაზრისით. ნათელია, რომ ექსპერტს არ გააცნეს მგგ-ს განახლების ფარგლებში განხორციელებული წინასაპროექტო კვლევები, ფართების მოთხოვნის ანალიზი, დემოგრაფიული პროგნოზები, ნებართვაგაცემული მშენებლობები და პროექტები, 7000 000 კვ.მ-ზე მეტი ნებართვაგაცემული აგდ-ეები და არსებული ტერიტორიული რესურსი განაშენიანების კონტურის შიგნით „ბრაუნფილდების“ სახით (849 ჰა-ზე მეტი). ვფიქრობთ, ამ ინფორმაციის გაცნობის შემდგომ, ექსპერტის დასკვნა თვისობრივად სხვა შინაარსს შეიძენდა.
ამავე დროს, მგგ-ს განახლების ფარგლებში ჩამოყალიბებულია გადაწყვეტილება ახალი საზღვრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე, რომლებიც ინარჩუნებს გეგმარებით და სივრცით-მოცულობით თვითმყოფადობას, განაშენიანების საკუთარ პარამეტრებს. აქ არ უნდა შეიცვალოს განაშენიანების ხასიათი, გარემოში დისონანსი მშენებლობებმა არ უნდა შეიტანონ, განვითარება უნდა დაისახოს თბილისის საგარეუბნო ზონის სასოფლო და სააგარაკე დასახლებების გენსქემით. დაკონკრეტება უნდა მოხდეს დასახლებების მგგ-ით ან გრგ-ით (წინუბანი, ნასაგური, დიდი ლილო, თელოვანი და ა.შ.)
ექსპერტს, დამკვეთის მხრიდან, სამწუხაროდ, არ მიეწოდა ის უმნიშვნელოვანესი მასალები, რომლებიც მომზადდა მგგ-ს განახლებაზე მომუშავე სპეციალისტების მიერ, სხვადასხვა ეტაპზე. სწორედ ამითაა განპირობებული მისი შენიშვნა, თითქოს: „მგგ არ განიხილავს დასაქმებასა და ინვესტიციებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს“. ჯერ კიდევ წინასაპროექტო მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზე (მე-2 ეტაპი), მგგ-ზე მომუშავე ეკონომისტთა ჯგუფის მიერ, რომელსაც ჰოლანდიელი ეკონომისტი მარტინ კანტერსი ხელმძღვანელობდა, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველოსა და თბილისის სოციალურ-ეკონომიკური მიმოხილვა, საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური განვითარების პროგნოზი.[4] მგგ-ს მე-4 ეტაპის სამუშაოებში წარმოდგენილია მთელი თავი „ახალ სამშენებლო ტერიტორიებზე მოთხოვნების ანგარიში (დასაბუთება)-არასაცხოვრებელი ფართები“, რომელსაც ახლავს მგგ-ზე მომუშავე ურბანულ ეკონომისტთა და უძრავი ქონების გუნდის მიერ შემუშავებული მოხსენება თბილისის ეკონომიკური განვითარების პრინციპებთან, უძრავი ქონების სხვადასხვა გამოყენებითი ფუნქციის ჯგუფებისთვის მოთხოვნის გრძელვადიან ანალიზთან, თბილისის განვითარების სივრცით-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ პრინციპებთან, მიწათსარგებლობით გეგმარების პრიორიტეტული ჩარევის არეალებთან დაკავშირებით.[5]
ექსპერტმა შენიშვნის სახით, თბილისის ზღვის თემატიკასთან დაკავშირებით, დააფიქსირა იმ წინადადების გათვალისწინების აუცილებლობა, რაც თავად მგგ-ზე მომუშავე გუნდის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია ქალაქის ხელისუფლებისთვის. მგგ-ს ყველა ეტაპის დოკუმენტში, დამკვეთისადმი მიწერილ არაერთ წერილში, მგგ-ს მომუშავე გუნდის წევრების საჯარო პუბლიკაციებსა და განცხადებებში მუდმივად ხაზგასმულია, რომ დაუშვებელია თბილისის ზღვის სანიტარიულ-დამცავი ზონის ფარგლებში ყოველგვარი მშენებლობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მგგ-ს ძირითადი მოთხოვნაა: ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე თითოეული პროექტი დამუშავდეს წყლის შესახებ კანონისა და კომპანია „GWP“-ის მოთხოვნების შესაბამისად.
სამწუხაროდ, კვლავ გვიწევს გამეორება, რომ ფრანგი ექსპერტი არ იცნობს მგგ-ზე მომუშავე გუნდის ექსპერტების მიერ შემუშავებულ, წინა ეტაპების დოკუმენტურ მასალებს. ასე მაგალითად, მე-2 ეტაპის დოკუმენტში, მგგ-ს ჯგუფის სპეციალისტების მიერ მოყვანილია თბილისის ქვაბულის გეოლოგიური და ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების ზოგადი მიმოხილვა, სადაც, მათ შორის, საუბარია წყალდიდობების საფრთხეებსა და მათი პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციებზე. მე-4 ეტაპის დოკუმენტში წარმოდგენილია თბილისის ქვაბულის ფერდობებზე და ქ. თბილისის განაშენიანებულ ნაწილში გეოლოგიური და ფიზიკურ-გეოგრაფიული პროცესების განვითარების თავისებურებების აღწერა ანთროპოგენული ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედების გათვალისწინებით. მგგ-ს განახლებაზე მომუშავე პარტნიორი ორგანიზაცია „CENN“-ის მიერ, დამუშავებულია შესაბამისი გრაფიკული მასალა – „საშიში გეოდინამიკური პროცესების მიხედვით ქალაქ თბილისის დარაიონების (ზონირების) რუკა. ამავე დროს, ექსპერტს თავისი დასკვნის მე-3 თავში (პუნქტი 9, 10,13), მოყვანილი აქვს გარკვეული გრაფიკული მასალა, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, მგგ-ზე მომუშავე ჯგუფისთვის მომზადებული ალბომიდან „უფლებრივი ზონირების ხარვეზებისა და რეკომენდაციების ალბომი“, რომელიც ჩვენ მიერ განხილულ და რიგ შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა, გრაფიკული მასალის კორექტირებისთვის.
ექსპერტი თავის დასკვნაში ამტკიცებს, რომ მგგ-ს განხორციელების ხარჯები ძალიან მაღალია მუნიციპალურ შესაძლებლობებთან მიმართებით, თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი გათვლა და მონაცემი არ მოჰყავს. მეტიც: იგი თითქოს თავად ეწინააღმდეგება თავისივე კონცეფტუალურ ხედვას, რომელიც ურბანული გაფართოების აუცილებლობას გულისხმობს. ექსპერტს კარგად მოეხსენება, ალბათ, რომ ქალაქის განაშენიანებული საზღვრებიდან გასვლა და ახალი ტერიტორიების ათვისება ინვესტორების მხრიდან, ქალაქს უდიდეს საზრუნავს გაუჩენს დამატებითი უზარმაზარი ფინანსური სახსრების მოსაძიებლად საინჟინრო კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის. ამ დროს, მგგ-ს გუნდის მიერ შემოთავაზებული კომპაქტური ქალაქი, სწორედაც რომ, გამორიცხავს აღნიშნულ პრობლემას ქალაქისთვის, ისევე როგორც, მგგ-ს განახლებაზე მომუშავე სპეციალისტების მხრიდან, უარის თქმა რთულ სატრანსპორტო-საინჟინრო ნაგებობების მშენებლობაზე, რაც აუცილებლად იქნება განსახორციელებელი ქალაქის ნაწილების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, თუ საქალაქო ტიპის სარკინიგზო ტრანსპორტის ნაცვლად, ქალაქში მომავალშიც იმოძრავებს რკინიგზის შემადგენლობები არსებული ფორმით. რაც შეეხება მგგ-ს განხორციელების არარეალიზმს, ხარჯების მკაფიო ანალიზისა და ფინანსურ შესაძლებლობებთან მათი მიბმის გარეშე, ექსპერტმა, სავარაუდოდ, იცის, რომ ამგვარი მოთხოვნა არ დევს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ გეგმარებით დავალებაში, რომელიც სახელმძღვანელოა მგგ-ს განახლებაზე მომუშავე გუნდისთვის და რომელსაც თავადაც იწონებს.
ვერ გავიზიარებთ ფრანგი ექსპერტის შენიშვნას იმასთან დაკავშირებით, რომ: „სქემები და სტრატეგია არ არის წარმოდგენილი. ამდენად, დოკუმენტი, ძირითადად, წარმოადგენს არადეტალიზებულ მიწათსარგებლობის გეგმას, რომელიც არ განსაზღვრავს სივრცითი განვითარების სტრატეგიას. შესაბამისად, ძნელი გასაგებია, თუ რა სტატუსი აქვს დოკუმენტს“.
ფრანგმა ექსპერტმა, როდესაც იგი გამოთქვამს შენიშვნას, რომ მგგ-ს დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი იმპლემენტაციის დეტალები, არ არის წარმოდგენილი ფართომასშტაბიანი ურბანული პროექტების განხორციელების ინსტრუმენტები და მიიჩნევს, რომ კონკრეტული პროექტების შესახებ ინფორმაცია ბუნდოვანია, როგორც ჩანს, არ მიაქცია ჯეროვანი ყურადღება შემაჯამებელი დოკუმენტის ერთ-ერთი ტომის შესაბამის თავს „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეფექტიანობის შეფასება“.[8] აღნიშნულ თავში საკმაოდ გასაგებადაა ჩამოყალიბებული მგგ-ს იმპლემენტაციის დეტალები და საუბარია იმ ინსტრუმენტებზე, რომლებიც განაპირობებენ ფართომასშტაბიანი ურბანული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, იგივე განაშენიანების რეგულირების გეგმების აუცილებელი დამუშავების გზით ქალაქმშენებლობით, ლანდშაფტის, სატრანსპორტო და საინჟინრო უზრუნველყოფის ნაწილებში. არსებული მდგომარეობის ანალიზისა და კვლევის შედეგად, მგგ-ს მასალებში ასახულია კონკრეტული კვლევების ჩატარებისა და სტრატეგიების შემუშავების აუცილებლობა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფართომასშტაბიანი ურბანული პროექტების სწორად განხორციელებას და გაზრდის განახლებული მგგ-ს იმპლემენტაციის შესაძლებლობებს. ამავე ტომში წარმოდგენილია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისა და შესაბამისი პროცესების მონიტორინგის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით შემუშავებული აქტივობების ნუსხა, რომელიც დაყოფილია აქტუალობის/პრიორიტეტულობისა და განხორციელებისთვის აუცილებელი დროის მიხედვით 3 ჯგუფად: მოკლევადიან (მ), საშუალოვადიან (ს) და გრძელვადიან (გ) აქტივობებად. მოცემულ დოკუმენტში აქტივობები განხილულია დარგების მიხედვით და წარმოდგენილია ცხრილების სახით, რაც ხელს შეუწყობს მათ ადმინისტრირებას მუნიციპალური ორგანოების მხრიდან. ასევე, განმარტებულია პროექტის მნიშვნელობა და ადმინისტრაციული დონე (ქვეყანა, ქალაქი, აგლომერაცია).[9] საგულისხმოა, რომ ყოველი კონკრეტული პროექტისა თუ კვლევის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია მგგ-ზე მომუშავე ჯგუფს ჩამოყალიბებული აქვს დამკვეთისთვის წარდგენილ, მგგ-ს შემუშავების სხვადასხვა ეტაპის მასალებში.
ამავე დროს, ექსპერტის მხრიდან, სამწუხაროდ, არ გამახვილდა ყურადღება მგგ-ს გუნდის მიერ შემუშავებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებზე“, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე განსაზღვრავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების მომზადებისა და დამტკიცების წესსა და პირობებს და სხვა სამართლებრივ საკითხებს, რაც აგრეთვე მეტად მნიშვნელოვანია განახლებული მგგ-ს ადაპტაციის კუთხით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ, მგგ-ზე მუშაობის მთელი პროცესის განმავლობაში, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს ეგზავნებოდა წერილობითი ფორმით ინფორმაცია განახლებული მგგ-თი განსაზღვრული ზონის ცვლილებების, შეზღუდვებისა და ა. შ. შესახებ, მსხვილი საპროექტო წინადადებების განხილვის შემთხვევებში.
ობიექტური მიზეზის გამო, ექსპერტი ვერ გაეცნო მგგ-ს ჯგუფის მიერ შემუშავებულ „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განმარტებით ბარათს“, რომელიც ასახავს მგგ-ს დოკუმენტებში ასახულ ძირითად ცვლილებებსა და მესიჯებს.
ერიკ ჰიუბრეხტის ექსპერტიზის დასკვნის მე-4 თავის (ძირითადი შედეგები) საპასუხოდ უნდა აღინიშნოს:
სამწუხაროდ, მოკლევადიანი ჩართულობის შედეგად, ექსპერტი სრულყოფილად ვერ გაეცნო ქართულ კანონმდებლობას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შენიშვნა, რომ დოკუმენტი არ არის საკმარისად დეტალური, რათა იგი გამოყენებულ იქნეს მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვების გასაცემად, არ აღმოჩნდებოდა საექსპერტო დასკვნის ფურცლებზე. საქართველოს მოქმედი კანონით „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს განაშენიანების რეგულირების გეგმა.[10]
გვინდა, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმ გარემოებას, რომ თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის შემუშავება თავად დამკვეთის მიერ იყო განსაზღვრული საპროექტო მომსახურების მე-4 ეტაპზე და შესაბამისი სამუშაო მანვე მიიღო 2017 წლის 27 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტის რეალურობასა და მართებულობაში, მგგ-ზე მომუშავე გუნდს, მათ შორის, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ უცხოელ პარტნიორებსაც ეჭვი არ ეპარებათ და მისი რევიზია (გარდა შიდა ორგანიზაციული მოხმარების მიზნებისა), პროექტის ბოლო სტადიაზე არაეფექტიანად მიგვაჩნია.
ექსპერტს გვინდა შევახსენოთ ის უმნიშვნელოვანესი გარემოებაც, რომ სწორედ მიწათსარგებლობის კონცეფციაში განხილული ძირითადი პრინციპები იყო იმ ხედვის განუყოფელი ნაწილი, რომლის გამოც „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და მის ქართველ და უცხოელ პარტნიორებს მიანიჭეს გამარჯვება 2015 წელს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ დიდ საერთაშორისო კონკურსში, რომლის საფუძველზეც სწორედ ამ ჯგუფების მიერ განახლდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.
ექსპერტი მიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტისთვის წარსადგენი საბოლოო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგს: 1. სრულყოფილი (მდგრადი) ხედვა ინვესტორებისა და მოქალაქეებისთვის საკვანძო მესიჯებით; 2. მკაფიო სივრცითი მოდელი ერთიანი სივრცითი მოწყობის საკითხებთან მიმართებით სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის კოორდინაციის მიზნით; 3. მარეგულირებელი ინსტრუმენტი, რომელიც განმარტავს თითოეული ზონის რეგულირებას (მიწათსარგებლობა, ურბანული დიზაინი, კომუნალური ობიექტების დაკავშირება და ა. შ.); 4. მონიტორინგის სისტემა ინდიკატორებით; 5. პროგრამა და ინსტრუმენტები (ფინანსები და ინსტიტუციები) მგგ-ს 2030 წლამდე იმპლიმენტაციისთვის.
აქ აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ექსპერტიზის პერიოდში ექსპერტს არ ჰქონდა ნანახი მგგ-ს ჯგუფის მიერ შემუშავებული „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განმარტებითი ბარათი“, დამოუკიდებელი და კორექტირებული სახით, სადაც ჩამოყალიბებულია სრულყოფილი ხედვა ინვესტორებისა და მოქალაქეებისთვის საკვანძო მესიჯებით.
ექსპერტს, დამკვეთის მხრიდან, სამწუხაროდ, არ მიეწოდა აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მგგ-ზე მომუშავე სპეციალისტთა მიერ, გენგეგმაზე მუშაობის მე-2 და მე-3 ეტაპებზე, დამუშავდა და დამკვეთს წარედგინა, ურბანული განვითარების შეფასების, პროგრესის მონიტორინგის მიზნით, საქალაქო ინდიკატორების კვლევითი მეთოდოლოგია, რომელშიც განხილულია ურბანული ინდიკატორების ძირითადი, აპრობირებული სისტემები და მათი შესაბამისობა „ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ განახლებული ვერსიის მიზნებთან და ამოცანებთან. აღნიშნულ დოკუმენტში მგგ-ზე მომუშავე სპეციალისტების მიერ შემუშავებულია ქ. თბილისის ურბანული ინდიკატორების სისტემა (წინადადება), რომელიც ეფუძნება რამდენიმე წყაროს: „ჰაბიტატის“ ურბანული ინდიკატორები; ISO-ს ინდიკატორები – „თემთა მდგრადი განვითარება. საქალაქო სერვისებისა და ცხოვრების ხარისხის ინდიკატორები“ (ISO 37120); ორიგინალური, „ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების“ პროექტზე მუშაობის პროცესში საპროექტო ჯგუფის მიერ შემუშავებული ინდიკატორები.
რაც შეეხება პროგრამასა და ინსტრუმენტებს მგგ-ს 2030 წლამდე იმპლიმენტაციისთვის, ამის თაობაზე, როგორც ზემოთ აღინიშნა, მგგ-ს განახლებაზე მომუშავე სპეციალისტთა მიერ მომზადდა შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც მე-6 ეტაპის მე-6 ტომში „შემაჯამებელი დებულებები“ არის წარმოდგენილი.
დოკუმენტის ფარგლებში, მგგ-ზე მომუშავე გუნდმა ნათლად და პრინციპულად ასახა ურბანული დაგეგმარების სამი ძირითადი საკითხის გადაწყვეტის გზები, რომელიც ეხება ქალაქის გამჭოლი რკინიგზასა და მის მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე, ურბანული გაფართოების შეზღუდვას და ურბანული განახლების პრინციპებს, როგორც საცხოვრებელი, ასევე ყოფილი საწარმოო ტერიტორიებისთვის.
რაც შეეხება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად მესიჯებს და ექსპერტის მოსაზრებას, რომ შეკავშირებული ქალაქის, მწვანე ქალაქისა და კომპაქტური ქალაქის კომპონენტები არ წყვეტს ორ მთავარ – დასაქმებისა და საცხოვრისის პრობლემას, გვინდა ვუპასუხოთ შემდეგი:
მივიჩნევთ, რომ ამ შემთხვევაში ექსპერტის მოსაზრება დეკლარაციულია და არანაირი, მეტ-ნაკლებად, რეალური საფუძვლით არ არის გამყარებული. დასაქმების პრობლემას მგგ-ს განახლებული პროექტი ნამდვილად წყვეტს, გამომდინარე იქიდან, რომ მიწათსარგებლობის კონცეფციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი პოლიცენტრული (მრავალცენტრული) განვითარებაა, რომელიც ახალი დასაქმების კერების გაჩენას გულისხმობს. პოლიცენტრული არეალის სივრცეები უნდა იყოს სტრუქტურულად სწორად დაგეგმილი, მრავალფუნქციური, მათ შორის, საზოგადოებრივ-საქმიანი ფუნქციის მატარებელი. რაც შეეხება კონკრეტულ წარმოებების საკითხს, ეს, ბუნებრივია, ვერ იქნება მგგ-ს დეტალური განხილვის თემა, მაგრამ ახალი საზოგადოებრივ-საქმიანი სფეროების გაჩენა ნამდვილად არის დაკავშირებული სამუშაო ადგილებთან. მხედველობაში აუცილებლად მისაღებია, რომ მიწათსარგებლობის გეგმის კონცეფციის კიდევ ერთი ძირითადი საკითხი, ყოფილი საწარმო ტერიტორიები – „ბრაუნფილდების“ განვითარებაა. ამჟამინდელი მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საერთო ქალაქგეგმარებითი მოსაზრებებიდან გამომდინარე, (მაშინ როცა ჩვენს რეალობაში, ძირითადად, მხოლოდ საცხოვრებელი ფუნქციით ხდება ქალაქის განაშენიანება) განვითარებულ ქვეყნებში სამუშაო ადგილების შექმნით აქცენტირებული პროექტები ხორციელდება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოო ტერიტორიები თბილისში შეადგენს განაშენიანებული ნაწილის მეოთხედს. აქედან ტერიტორიები, რომელთაც სჭირდებათ კონვერსია (რეორიენტაცია) ძალიან ბევრია – 800 ჰა-ზე მეტი. თბილისს აქვს არამიმზიდველი გაჩერებული წარმოებები მიმზიდველ ტერიტორიებზე. ამდენად, ეს არის შესანიშნავი რესურსი ქალაქისთვის, რათა მათი ტერიტორიები გამოყენებულ იქნას ან ახალი ფუნქციით, ან ამავე ტერიტორიებზე შეიძლება განთავსდეს ახალი, ეკოლოგიურად არამავნე საწარმოები (მათ შორის, საზოგადოებრივი საწარმოები). ისევე როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობისა და განვითარების საკითხი არის დასაქმებასთან კავშირში, ისე მგგ-ს მიერ შეთავაზებული უამრავი აქტივობაც, რომელიც კონკრეტული ღონისძიებების სახით არის წარმოდგენილი მგგ-ს დოკუმენტში. ამდენად, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არ არის კავშირში დასაქმების საკითხთან, უნდა მოიყვანოს მყარი არგუმენტები ზემოთ ხსენებულის გასაბათილებლად, რაც ექსპერტის დასკვნაში არ არის მოცემული.
ერიკ ჰიუბრეხტის ექსპერტიზის დასკვნის მე-6 თავის (წარმოდგენილ რუკებთან დაკავშირებული კომენტარები) საპასუხოდ უნდა აღინიშნოს:
საქართველოში არ არსებობს მგგ-ს გრაფიკული ნაწილის (რუკები) დამტკიცებული სტანდარტი. მგგ-ზე მომუშავე ჯგუფს თავად მოუწია, საწყის ეტაპზევე შეემუშავებინა ერთიანი საბაზისო რუკა, განესაზღვრა ფერები და მიენიჭებინა ისინი ძირითადი თემატური ფენებისთვის. აღნიშნული ფერები უნიკალურია თითოეული ამგვარი ფენისთვის და მეორდება მგგ-ს გეგმარებითი დავალებით განსაზღვრულ, ყველა შესაბამის რუკაზე.
ამასთანავე, უნდა ითქვას ისიც, რომ განახლებული მგგ-სთვის საყრდენი მოდელი შეირჩა ევროპული მაგალითებიდან. განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად და თემატურ რუკებში გამოყენებულია ბერლინის, კიოლნისა და ტირანას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების კარტოგრაფიული მოდელები და ელემენტები“.
აი, ასეთია „სითი ინსტიტუტის“ პოზიცია, რომელიც ბოლომდე თავს იმართლებს. რას ფიქრობს ამაზე მერია, უფრო სწორად, მერიის ახალი ხელმძღვანელობა?
„ქრონიკა+“ მერიის არქიტექტურის სამსახურის პრეს-სამსახურის უფროსს – ქართლოს თეთრაულს დაუკავშირდა:
_ რა ხდება დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით? აგრძელებთ „სითი ინსტიტუტთან“ თანამშრომლობას, თუ ახალ კონკურსს გამოაცხადებთ?
_ „სითი ინსტიტუტს“ მიეცა 45-დღიანი ვადა, რათა წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები არსებულ შენიშვნებთან დაკავშირებით. ასევე ახალი კონცეფცია, თუ იგი აქვს. ამ ეტაპზე, ამაზე მეტს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ვადა აქვს მიცემული კომპანიას და მის ამოწურვას დაველოდოთ.
თამარ როსტიაშვილი