გრიგოლ გეგელია: „ეს არჩევნები იქნება მართლაც სახალხო რეფერენდუმი“

ირინა მაკარიძე

ქვეყნის ირგვლივ შექმნილი არაორდინალური ვითარების, აშშ-ის სანქციებისა და მიმდინარე პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ლელოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია:

_ გვაქვს არნახული ისტორიული რეალობა, აშშ-ს მოუხდა ისეთი ტიპის რეაგირება, რაც არის სანქცია. ეს არის პოლიტიკური კომუნიკაციის განსაკუთრებული ფორმა. რა თქმა უნდა, პარტნიორები ყოველთვის ერიდებიან მეგობრებთან პოლიტიკური კომუნიკაციის მსგავსი ფორმის გამოყენებას. ის, რომ აშშ-ს მოუხდა ამ ზომის გამოყენება, არის უტყუარი დასტური იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით ყოველთვის. _ საქართველოს მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელმაც შეგნებულად გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა ჩამოეშორებინა ევროპულ და ატლანტიკურ განვითარებას. ეს ძალიან მძიმე დარტყმას აყენებს სახელმწიფოს, რაც გამიზნულია რუსეთის მსახური ხელისუფლების მიერ იმისკენ, რომ საქართველომ ვერ განახორციელოს საკუთარი პოტენციალი საერთაშორისო თანამეგობრობის წიაღში. ამიტომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება  26 ოქტომბერს, რომ ქვეყანა დავუბრუნოთ თავის ტრადიციულ, ისტორიულ საგარეო კურსს და მართლაც დავიბრუნოთ ის პოლიტიკური შინაარსი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, რაც ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს. სანქციები იმის შეხსენებაცაა, რომ საქართველოს ამიერიდან ეყოლება სანქცირებული ხელისუფლება, რომლის პირობებშიც შეუძლებელია ევროპულ და ატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი.

_ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ურჩევნიათ, სანქცირებულები იყვნენ, ვიდრე საქართველო ომში აღმოჩნდეს. რას იტყვით მათ რეაქციებსა და განცხადებებზე, რომელიც სანქციების გამოცხადებას მოყვა?

_ მათ, რა თქმა უნდა, საპასუხო არაფერი აქვთ გარდა ამ გაცვეთილი, უაზრო, ბრიყვული „გლობალური ომის პარტიისა“ და შეთქმულების თეორიებზე საუბრისა. რა თქმა უნდა, არავითარი სარწმუნოობა და დამაჯერებლობა მათ ამ განცხადებებს არ გააჩნია. საქართველოში არცერთი გონიერი ადამიანი არ მოუსმენს ამ რიტორიკას და არ დაიჯერებს, რომ იმ პარტნიორებს, რომლებიც თავად არიან საქართველოში მშვიდობის გარანტები, ომი სურთ. სწორედ ისინი დებენ ყველაზე დიდ თანხებს საქართველოს განვითარებაში, ისინი არიან ჩვენი სუვერენულობისა და უსაფრთხოების გარანტები, სხვა გარანტები საქართველოს არ ჰყოლია, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი. ამიტომ რთულად წარმომიდგენია, რომ გონიერმა ადამიანმა, მიუხედავად მისი პარტიული და პოლიტიკური ხედვისა, დაიჯეროს ასეთი სიბრიყვე. ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არის შეშინებული. მათ იციან, რომ ეს არის მათი ბოლო თვეები, ისინი არიან დასანქცირებულები და იზოლირებულები, ახლა ცდილობენ, ფონს გავიდნენ ადამიანების დაშინებით _ თურმე, ამ უბედურების ალტერნატივა არ არსებობს, თურმე, ყველა ალტერნატიულ სიტუაციაში საქართველოში იქნებოდა რაღაც დაძაბულობა და კონფლიქტი. ეს სიცრუეა, საქართველოში იქნება მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება მაშინ, როცა გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო წავიდეს ევროპული სახელმწიფოებისკენ, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდი მშვიდობის გარანტორები არიან. ევროკავშირზე მეტი მშვიდობა არასოდეს არავის შეუქმნია, ეს ფაქტია, 70 წელზე მეტი ხანია, რაც ყველაზე ბევრ მშვიდობასა და კეთილდღეობას ქმნის ევროკავშირი, სწორედ იქ არ არის ომი, სადაც არის ნატო, მაგალითად, ლატვია, რომელიც ჩვენი ზომის, ჩვენი შესაძლებლობების სახელმწიფოა, სადაც არის სრული მშვიდობა. როგორც კი შევცვლით მთავრობას, ვიზრუნებთ, რომ აქ იყოს ისეთი საქართველო, სადაც რეალურად შეეძლება ხალხს საკუთარი პოტენციალის გახორციელება.

_ მთავარი სირთულე ეს არის, რომ მართლაც მოხდეს ცვლილება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლების შეცვლის პროცესი?

_ ხელისუფლების შეცვლას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამ სიტყვის სრული გაგებით. ჩვენ თუ გვინდა ქართული, თავისუფალი სახელმწიფო, უნდა შევცვალოთ რუსების ხელისუფლება. ეს ორი რამ არ არის ერთმანეთთან თავსებადი და არც არასდროს იქნება _ ან ქართული სახელმწიფო, ან რუსები ხელისუფლებაში, რომლებიც დღეს გვყავს, სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია. რაც შეეხება ცვლილებას, ვფიქრობ, რომ პირველი და მთავარი არის სწორი კონფიგურაციების შეთავაზება ამომრჩევლისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთი გემოვნების ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში იმის გამო, რომ მისთვის სასურველი არჩევანი არ არსებობდა. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა არსებობდეს სხვადასხვა ტიპის გაერთიანებები სხვადასხვა გემოვნების ადამიანებისთვის, რომ არც ერთი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი 26 ოქტომბერს არ დარჩეს სახლში. მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა არის, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დარჩეს ისეთი ტიპის გაერთიანების მიღმა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მათ გადალახონ ბარიერი. თუ იქნება ბევრი პარტია, რომელმაც ვერ გადალახავს ბარიერს, რა თქმა უნდა, ეს რისკს შეუქმნის, არსებული სისტემის გამო, გამარჯვებას. ეს ყველასთვის გასაგებია.

_ რაც შეეხება კონკრეტულ კონფიგურაციებს, ერთი მხრივ, უნდა იყოს ერთიანი სია, რომლისკენაც არსებობს მოწოდებები, თუ იყოს რამდენიმე ცენტრი, მათ შორის, საუბარია „ლელოს“, „ახალისა“ და სხვა რამდენიმე პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე. რას იტყვით ამის შესახებ?

_ ამ ეტაპისთვის კონკრეტულ დეტალებში ვერ შევალ. ჩვენი პოლიტიკური განაცხადი გაკეთებული გვაქვს, რომ რეალურად ჩვენ გვჭირდება რამდენიმე მსხვილი ცენტრი. „ლელო“ მიესალმება ისეთი ძალების გაერთიანებას, რომლებიც არც ერთ პოლუსს არ წარმოადგენენ და შესაბამისად, აძლევენ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი რაღაც ახლისა და განსხვავებულის სასიკეთოდ. ეს გულისხმობს, რომ არც რუსული ხელისუფლება შეინარჩუნონ და არც წარსულის ერთპარტიულ მემკვიდრეობას მისცენ ხმა. ეს გვგონია ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპისთვის.

_ რაც შეეხება პრეზიდენტის შემოთავაზებულ „ქართულ ქარტიას“, თითქმის მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მოაწერეთ ხელი. თუ ეს ასეთი ფორმით შედგა, ე. ი. მივიღებთ დროებით პარლამენტს, დროებით მთავრობას, რომელიც არ იქნება პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებული. რას იტყვით ამის შესახებ?

_ ახლა ჩვენი მიზანია, შეიცვალოს რუსეთის მსახური ხელისუფლება. შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ ქარტიის სულისკვეთებით, ისე წარვმართოთ პროცესი, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი დაპირებები, ჩვენი ხედვები შესრულდეს _ „ლელოსთვის“ ეს არის 1000-ლარიანი პენსია, ანაკლიის დასრულება, პირველი სტაჟირება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია _ ეს გახლავთ მნიშვნელოვანი თემები, რომლისთვისაც რეალურად გვინდა, გავიმარჯვოთ. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს ხელისუფლება, შემდეგ გავატაროთ ყველა ის რეფორმა, რომელიც არის ევროპული კომისიის მიერ მოცემულ 9 პუნქტში, ისევე როგორც ქარტიაში, რომელიც პრეზიდენტმა შემოგვთავაზა და რომელსაც ჩვენ შევუერთდით. ამავე დროს, რაც შეეხება ჩვენს შემდგომ პოლიტიკურ ცხოვრებას, ვიმოქმედებთ კონსტიტუციის თანახმად.

_ რაც შეეხება ანაკლიის საკითხს, ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა, რომ ჩინური კომპანია შემოიყვანოს. რა საფრთხეებს ქმნის ეს ქვეყნისთვის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით?

_ ჩინეთის ასეთი შემოსვლა ანაკლიაში არის ეროვნული უსაფრთხოებისთვის არცთუ ისე ხელსაყრელი. ამას ამბობს აბსოლუტურად ყველა პარტნიორი, ამას ამბობენ ის ძირითადი მხარეები, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ საქართველო იყოს სუვერენული, თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთს აქვს თავისი პოლიტიკა, რომელიც ყოველთვის არ არის თანხვედრაში საქართველოს მიერ გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ კურსთან, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგალითისთვის, ჩინეთი არ ემხრობა ნატოს გაფართოებას მაშინ, როცა ჩვენ არათუ ვემხრობით, არამედ კონსტიტუციურ პრინციპად გვაქვს მიღებული, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოში. ამავე დროს, ამ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ ჩინეთი არ მიემხრო გაეროს რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც საუბარია იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამდენად, ჩვენ ვხედავთ  მთელ რიგ ფუნდამენტურ აცდენებს, ერთი მხრივ, ქართულ ეროვნულ ინტერესსა და, მეორე მხრივ, ჩინეთის მიერ გატარებულ პოლიტიკას შორის. შესაბამისად, ასეთი უპირობო გადაცემა და უპირობო სტრატეგიული ურთიერთობის გამოცხადება ჩინეთთან ჩვენთვის არის მიუღებელი. მისაღებია, ბუნებრივია, ვაჭრობა, რამდენადაც ის არის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ ანაკლიის პორტის ამ პროცენტულობით გადაცემა ჩინეთისათვის არის ძალიან ბევრი კითხვის შემცველი.

_ როგორ ფიქრობთ, რა იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გათვლა, როდესაც განმეორებით შემოიტანეს რუსული კანონი? მიუხედავად იმისა, რომ იყო გაფრთხილებები, მიღების შემთხვევაში იქნებოდა სანქციები, მაინც არ შეცვალეს პოციზია. თქვენი აზრით, არ ელოდნენ, რომ დასავლეთი რეალურად გადადგამდა ამ ნაბიჯებს?

_ ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ღირებულებითი განაცხადი, რომ საქართველო არის ჩამოშორებული იმ ტრადიციულ კურსს, რომელზეც ქვეყანა ყოველთვის იდგა. ყველაფერი უნდა დავინახოთ ერთიან სურათში: რუსეთთან ურთიერთობების დათბობა, ფრენების აღდგენა, ის ყველაფერი, რაც კეთდება რუსეთთან პოლიტიკური ფლირტის, თეირანში ვიზიტების, ანტიდასავლური განცხადებებისა და რუსული კანონის მიღების სახით, ეს ყველაფერი არის არათუ იმის მანიშნებელი, მე ვიტყოდი, უტყუარი საბუთიც კი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა საბოლოო არჩევანი _ ის არ ხედავს ჩვენს ქვეყანასა და მის შემდგომ განვითარებას ევროპული სივრცის წიაღში. ის ხედავს ჩვენს ქვეყანას რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან ერთად, რაც არის ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური ოჯახი. ცხადია, დღეს ორი ტიპის ბლოკი უპირისპირდება ერთმანეთს: ერთ მხარეს არის თავისუფალი საერთაშორისო თანამეგობრობა და მეორე მხარეს _ რუსეთი, ჩინეთი და ირანი. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყანას ხედავს ავტოკრატიული ქვეყნების ბლოკში, რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ვეწინააღმდეგებით.

_ აქედან გამომდინარე, არჩევანიც ძალიან მკაფიოა, რომელიც მოსახლეობამ 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს.

_ რეალურად, ძალიან დიდი სამსახური გაუწია „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას, როდესაც მან სრულიად ჩამოიხსნა ნიღაბი, არ დატოვა არავითარი კითხვის ნიშნები. ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ თავის თავს ხედავს, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად კრემლის, „ჰესბოლასა“ და „ჰამასის“ გვერდით _ ჩვენ რეალურადაც ვიხილეთ ირანში ირაკლი კობახიძე მათ გვერდით. შესაბამისად, არჩევანი არის გამარტივებული. ის, რაც უნდა ავირჩიოთ არის ძალიან მკაფიო და ცხადი, შუაში აღარაფერი აღარ არსებობს. ეს არჩევანი უნდა გაკეთდეს. ცხადია, საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აირჩევს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და უმცირესობა აირჩევს რუსეთსა და ჩინეთს, ანუ ავტოკრატიულ განვითარებას. შესაბამისად, ეს არჩევნები იქნება მართლაც სახალხო რეფერენდუმი ამ ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რასაც ახლა ავირჩევთ, ეს არჩევანი მრავალი ათეული წლის მანძილზე განსაზღვრავს ჩვენს მომავალსა და ცხოვრებას.