გია ხუხაშვილი: „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოს ინტერესი ნაკლებად ადარდებს“

თამარ სანაძე

„აგენტების კანონის“ ამოქმედების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა. „აშშ ისევ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების, ბოლოდროინდელი განცხადებებისა და რიტორიკის გამო. ეს ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალსა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ისევე როგორც ქართველი ხალხის სურვილს“, _ განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები პირველად დაუწესდათ. სავიზო სანქციები შეეხოთ ასევე სამართალდამცველებს, კერძო პირებსა და სანქცირებულთა ოჯახის წევრებსაც.

როდესაც პირველი სანქციები გამოაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, თქვა, რომ „საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, შეცვალოს კურსი, რომელსაც ამჟამად მისდევს“ და „გადახედოს ქმედებებს“, მაგრამ თუკი არაფერი შეიცვლება, სანქციების პოლიტიკა გაგრძელდება.

ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ სანქციების პირველი ეტაპი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ არის გამოცხადებული „ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის“ ფარგლებში.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ მიმდინარეობს ჩვენი ურთიერთობების სრული გადახედვა საქართველოს ხელისუფლებასთან“, _ განაცხადა მეთიუ მილერმა.

_ ღიმილის მომგვრელია, უსამართლოა, არასერიოზულია, _ ასე შეაფასეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სანქციების დაწესების გადაწყვეტილება.

„არავის ეშინია ამ სანქციების. არასერიოზულია ის, რაც ხდება და ჩვენი პოლიტიკა გაცხადებული გვაქვს… არ ვნერვიულობ ამასთან დაკავშირებით. ღმერთს ვთხოვ, ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს. ჩემი თხოვნა იქნება, ნურც თქვენ ინერვიულებთ, _ განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და გაიმეორა „ქართული ოცნების“ რიტორიკა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან „უნდა გადაიტვირთოს სტრატეგიული ურთიერთობა“.

სანქციების, ხელისუფლების ქმედებებისა და ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:

_ ბატონო გია, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ „აშშ დაიწყებს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას“.

ამის შემდეგ აშშ-ის კონგრესში საქართველოს საკითხის მოსმენა შედგა. ამ ყოველივეს კი მოჰყვა პერსონალური სანქციები. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენებს, რა ვითარებაა დღეს ქვეყანაში?

_ ძალიან სახიფათო და რთული რეალობაა ჩვენს ქვეყანაში. გასაგებია, რომ ერთი მხრივ ხელისუფლების გონს მოსაყვანად გარკვეული ზომებია მისაღები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს სანქციები ვერ იქნება იზოლირებული.

საბოლოო ჯამში, როდესაც ეს სანქციები მიიღებს სისტემურ ხასიათს, სამწუხაროდ, სახელმწიფოც ძალიან დაზარალდება ამ ყველაფრისგან, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას, როგორც ჩანს ნაკლებად ადარდებს სახელმწიფო ინტერესი. „ქართული ოცნება“ ურაპატრიოტული რიტორიკით ცდილობს შეფუთოს საკუთარი პოლიტიკური ინტერესი და აგრძელებს ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზულად დამაზიანებელ პოლიტიკას. ასეთი სამწუხარო და მძიმე რეალობა გვაქვს საქართველოში. სანქციები მართალია პერსონალურია, მაგრამ ვიმეორებ, რომ არ არის იზოლირებული და ამას ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის.

_ ღიმილის მომგვრელია, უსამართლოა, არასერიოზულია, იმხელა იმპერიების შემოსევებს გავუძელით, ჰგონიათ დაგვაშინებენ, _ ასეთი შეფასებები გააკეთეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სანქციების დაწესების შემდეგ. რას ნიშნავს მათი ეს რიტორიკა და რამდენად მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი?

_ ძალიან სერიოზულ და მძიმე მდგომარეობაში არიან. ისინი ცდილობენ, რომ რაღაც ცუდი თამაშის პირობებში სახე შეინარჩუნონ. ისე დაანახონ ყველას ეს ვითარება, ვითომ არაფერი ხდება და ეს დიდად ვერ იმოქმედებს საქართველოზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, სანქციებისა და არსებული ვითარების პირობებში სიმშვიდის იმიტაცია შექმნან. სინამდვილეში ისინი აფექტის მდგომარეობაში არიან. ამაზე მეტყველებს და ღიად საუბრობს მათი კომენტარები, განცხადებები. ფაქტია, რომ ისინი არ ელოდნენ ამ სანქციებს და ვითარების ამგვარად წარმართვას. რატომ არ ელოდნენ, ჩემთვის ეს გაუგებარია, იმიტომ რომ ძალიან კონკრეტული, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი გზავნილები და განცხადებები მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ არ მგონია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმდენად ბრიყვები იყვნენ, რომ არ ესმოდეთ ამ მდგომარეობის სიმძიმე და სერიოზულობა. არა მგონია, ისინი იმდენად ბრიყვები იყვნენ, რომ ვერ გაიგონ და არ იცოდნენ, რომ ეს პაკეტი, რაც გამოცხადდა, არის მხოლოდ დასაწყისი ბევრად უფრო მძიმე შედეგებისა მათთვის.

არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საერთოდ ასე მუშაობს ეს სისტემები. ასე იწყებს და შემდეგ მუშაობს ტრანშებად, კიდევ აძლევს გონს მოგების შანსს და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი გადადის ევროპაში. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ევროპა განიხილავს ყველაზე მძიმე ზომას, რასაც დღევანდელი საქართველო შეიძლება ელოდეს, ესაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ ევროპარლამენტარებს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის. პრაქტიკულად, ყოველი მეორე ოჯახის ერთი წევრი მაინც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს და ამით არჩენს საქართველოში ოჯახს. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამ შეიძლება ძალიან მძიმე პრობლემები გააჩინოს, გამომდინარე იქედან, რომ სოციალური პრობლემატიკის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ამ ადამიანების მეშვეობით არის გადაწყვეტილი.

ასე რომ, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე დღე ელოდება, თუმცა ხელისუფლებების ამ ქმედებებით და იმ შედეგებით, რომელიც წარმოიშვა, ქვეყანას უმძიმესი ვითარება ელოდება, რაც მძიმე შედეგებს მოიტანს. ამ ყველაფრით ქართული სახელმწიფოც ძალიან იზარალებს, თუმცა იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც აქ შეიცვლება ხელისუფლება და დავუბრუნდებით კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმალური განვითარების გზას, ამ ზარალს ქვეყანა სწრაფად აღიდგენს.

რაც შეეხება მათ განცხადებებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ის ხალხია, როდესაც მართლა რეალური ხიფათი იყო ამ ქვეყანაში, ბოდიში, მაგრამ ბუჩქებში ისხდნენ ჩვენგან განსხვავებით, ახლა კიდევ ურაპატრიოტიზმსა და კონფორმიზმში არიან. ამაზე მეტი საშინელი საყურებელი არაფერია. რეალურად კი მართლა ვაჟკაცები რომ ყოფილიყვნენ, რამეს მოიმოქმედებდნენ, რომ აქამდე არ მოეყვანათ ვითარება. სისხლიან ცხრა წელზე ლაპარაკობენ და დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომლებსაც პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული, ახლა კი ვაჟკაცობაზე დებენ თავს. ეს ყველაფერი არის ყალბი და უშინაარსო რიტორიკა. ზარქუასა და მისნაირი პაროდიული ფიგურების განცხადებები კომიკურია, არასერიოზულად მიმაჩნია.

_ ვხედავთ, რომ ქვეყანა ჩიხშია შესული, ხელისუფლებამ ზურგი აქცია განვითარებისკენ მიმავალ გზას და ეს ყველასთვის, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვისაც კი აშკარაა. რა უნდა ხელისუფლებას? რატომ უღირს ასეთი ნაბიჯების გადადგმა?

_ „ქართულ ოცნებას“ უნდა ძალაუფლება. ერთადერთი ამოცანა აქვთ _ ძალაუფლება და მისი შენარჩუნება. ისინი პრორუსებიც ვერ არიან ბოლომდე. საბოლოო ჯამში, ჩვენი ხელისუფლება მიიღებს ზუსტად იმას, დასჯის იმ ზომებს, რასაც განუსაზღვრავს ქართული საზოგადოება. დანარჩენი სიტყვა მთლიან ქართველ ხალხზეა, ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. რასაც საზოგადოება მიუსჯის „ოცნებას“, ზუსტად იმას მიიღებს სასჯელად ჩვენი ხელისუფლება და რასაც მიუსჯის ხალხი, ეს გამოჩნდება ძალიან მალე. ახლა საზოგადოების აქტიურობის დროა.

_ ბატონო გია, არცთუ ისე სახარბიელოა ვითარება ოპოზიციურ ფლანგზეც, თითქოს არის საუბარი ერთობაზე, გაერთიანებებზე, მაგრამ ჯერჯერობით მოქმედებებს ვერ ვხედავთ, ამას ემატება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული ვითარება, შეიცვალა პარტიის თავმჯდომარე და ა. შ. რას უნდა ველოდოთ?

_ აქაც ვითარება, სამწუხაროდ, ძალიან რთულია. ეს ყველაფერი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. ოპოზიცია ვერ უქმნის ხალხს უკეთესი არჩევანის საშუალებას. ჯერჯერობით ეს სიტუაციაა, მინდა იმედი მქონდეს, რომ ამ მოკლე პერიოდში, რაც არჩევნებამდე დარჩა, ამ 5 თვეში, ისინი ქუჩაში გამოვლენ და ხალხს დაელაპარაკებიან. თუმცა მათი ამ ქმედებების ნიშანიც დღესდღეობით არ არის. ამ ყველაფრის ფონზე, სამწუხაროდ, არანაირი პროგნოზი არ მაქვს. ვითარება ურთულესია. ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს უკვე, როგორც შიდა ასევე გარე. უნდა გვესმოდეს, რომ ისე არ არის, საქართველოს ბედი მარტო საქართველოში რომ წყდებოდეს. ბევრი რამეა იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები, ბევრი რამ არის საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებული. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული საზოგადოება იყოს მზად იმისთვის, რომ იბრძოლოს საკუთარი თავისუფლებისთვის.