ანა ნაცვლიშვილი: „ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაავლო მკაფიო ზღვარი საკუთარ თავსა და ქართველ ხალხს შორის“
თამუნა მჭედლიშვილი
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის მონაცემებით საარჩევნო უბნების თითქმის 100% დათვალა. მონაცემები შეიცვალა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, ხოლო „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „გახარია _ საქართველოსთვის“ _ საზიანოდ.
პროცენტულად, ხმები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ _ 54,09%; კოალიცია ცვლილებისთვის _ 10,92%; ენმნ _ 10,12%; ძლიერი საქართველო _ 8,78% და გახარია-საქართველოსთვის _ 7,76%. ოპოზიციური სპექტრი ცესკო-ს მიერ გაფორმებულ შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობდა ტოტალური გაყალბების, დამკვირვებლების გამოძევების, უბნებზე ძველი ბიჭების მიერ ამომრჩევლის დაშინებისა და ხმის მიცემისთვის მინიჭებული უფლებების მასობრივი დარღვევების ფონზე.
როგორია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოლოდინები, ამომრჩეველთა აქტივობის პირველადი შედეგები, პროგნოზები და შეფასებები?..
„ქრონიკა+“ მკითხველს 26 ოქტომბრის რეპორტაჟს ქრონოლოგიურად სთავაზობს:
დავით უსუფაშვილი _ ყოფილი პარლამენტარი:
12:00
_ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოდან ბევრი ჩვენი თანამოქალაქეა გასული, აქტივობა ნორმალურია. დარღვევები არის, ჯერჯერობით, ხელისუფლებას კიდევ აქვს იმედი გამარჯვების, ამიტომ ყველა ინსტრუმენტს არ ააქტიურებს. ჩემი აზრით, უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ დღის მეორე ნახევარში და უბნებზე _ ბოლო ორი-სამი საათის განმავლობაში, როდესაც ისინი შეეცდებიან სხვადასხვა ინსტრუმენტების მეშვეობით სურათის ცვლილებას. ამას ჩვენი დამკვირვებლები ადგილზე ამოწმებენ. გვექნება ალტერნატიული დათვლა ელექტრონული მონაცემების. ასე რომ, „ძლიერი საქართველო“ ძლიერი წვლილის შეტანას აპირებს დღევანდელ გამარჯვებაში. სხვათა შორის, ეს ჩემთვის 25-ე არჩევნებია 1990 წლის არჩევნებიდან მოყოლებული. პროცენტების შესახებ არასოდეს მისაუბრია წინასწარ… ვიცი, რომ დღეს ხელისუფლების შეცვლა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ თავად ხელისუფლების მომხრეთათვისაც, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილნი და იმ კურსით, რასაც „ოცნება“ ადგას, საკუთარ მომავალსაც უზარმაზარი რისკის ქვეშ აყენებენ. ეს არის საერთო ეროვნული ამოცანა, რომლის შესრულება ოპოზიციურ პარტიებსა და ამომრჩეველს მოგვიწევს.
ბაკურ კვაშილავა _ „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი:
15:00
_ ჩვენ საარჩევნო კამპანია გვქონდა ძალიან კარგი და მრავალფეროვანი. შემოვიტანეთ სიახლე ქართულ საარჩევნო ურთიერთობაში ამომრჩეველთან, როგორიც იყო „თაუნ ჰოლები“ _ სადაც ქართველ ამომრჩეველს, მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, პირდაპირ დაესვათ ლიდერებისთვის შეკითხვები. მინდა გითხრათ, რომ ეს „სტილი“ ძალიან მოეწონა ამომრჩეველს, ამიტომაც ამდაგვარი გასვლითი შეხვედრები პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობაში. ძალიან ბევრ ადამიანს სურდა საკუთარი აზრის გამოთქმა და ძალინ ხშირად გრძელდებოდა საუბარი უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო. პრაქტიკულად, ყველა რაიონსა და მუნიციპალურ ცენტრში ვიყავით ლიდერებთან ერთად. ვცდილობდით გვეჩვენებინა რეალური ალტერნატივა ამომრჩევლისთვის, რომ არ ეთქვა მას, _ ჩემი მოსაწონი პარტია ვერ ვნახე და ვრჩები სახლშიო, _ რაც არის „ოცნების“ მთავარი ამოცანა. მათ უკვე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული. ახლა კი იციან, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმას არ მისცემენ იმიტომ, რომ ეს პარტია მოსწონთ… მაგრამ მათი პროპაგანდა მიმართული იყო იქითკენ, რომ ეჩვენებინათ _ ყველა ერთნაირად ცუდია, ამიტომ აზრი არ აქვს ცვლილებას და საუკეთესო გამოსავალია, არ წახვიდე არჩევნებზე, ხმა არ მისცე არავის! სოციალურ ქსელებშიც „ოცნების“ ტროლები და ტროლთა უფროსები მუშაობენ იმაზე, რომ ამომრჩეველმა თქვას, _ ოპოზიციიდან არცერთი გაერთიანება არ ვარგოდა. ამომრჩეველი ყველას გადახაზავდა ბიულეტენში, რისი წახალისებაც ხდებოდა რეალურად. ვფიქრობ, აქტივობამ, რომელიც ახლა, ამ საათისთვის არის დაფიქსირებული, გვაჩვენა, რომ უპრეცენდენტოდ მაღალია. 2012 წლიდან მოყოლებლი დღმედე, დაახლოებით, 100 000 ადამიანით მეტი მოვიდა უკვე, ვიდრე ნებისმიერ არჩევნებზე 2024 წლამდე. ეს უკვე ძალიან დიდი ცვლილებაა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ საზღვარგარეთ მიცემული ხმები ჯერ არ არის გათვალისწინებული მონაცემებში და ძალიან დიდი რაოდენობაა იმ ემიგრანტების, რომლებიც დარეგისტრირდნენ უცხოეთში. ჩვენ, სამწუხაროდ, გვხვდება დარღვევები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე იცის _ ეს არჩევნები წააგო და ახლა ცდილობს შეამციროს წაგების დონე, ხარისხი. სწორედ ახლა გვმართებს ყველას, ვიყოთ ფხიზლად და დავიცვათ ჩვენი არჩევანი, რათა არ მოახდინონ საერთო შედეგებზე გავლენა. მჯერა, „ოცნება“ ვერ მოახერხებს ქართველი ერის ნების შეცვლას თაღლითობის საშუალებით.
მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა კობახიძის განცხადების შესახებ, თითქოს მათ გარანტირებული 62 პროცენტი აქვთ _ ეს არის აბსოლუტური ბოდვა, აბსურდი, რაც არაერთხელ უთქვამს ირაკლი კობახიძეს. მას არაერთი სიტყვა და პირობა გაუტეხავს, რომელიც დადებული აქვს, აქედან გამომდინარე, მისთვის უკვე ჩვეულებრივია სიცრუეზე აგებული კამპანიის წარმოება. ეს არის უბადრუკი მცდელობა, მსმენელს, საკუთარ მომხრეებს ჩაუნერგოს რწმნა, რომ თითქოს ისინი მაინც გააყალბებენ და მიაღწევენ მათთვის სასურველ 60%-ს, რადგან „ოცნებას“ არასოდეს აუღია რეალურად 48%-ზე მეტი წინა წლებში. და ახლა, ამ კატასტროფული კამპანიის ფონზე, კატასტროფული ბოლო 4 წლის ფონზე, ბუნებრივია, ასეთი შედეგის იმედი ვერ ექნებოდათ.
ამიტომაც არის კობახიძის განცხადება ბოდვა.
ნინი შენგელია _ საერთაშორისო მიმართულების ექსპერტი:
16:00
_ აქტივობა ამ საათისთვის არის მაღალი, თუმცა უფრო მეტ აქტივობას ველით… რომ შევადაროთ 2020 წელს, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ ამინდი არ დაგვემთხვა კარგი რეგიონებში, ამომრჩეველი მაინც აქტიურად მიდის საარჩევნო უბნებზე. ახალგაზრდებისგან, ჯენზისგან დღის მეორე ნახევარში ველოდებით გააქტიურებას, შესაბამისად, აქტივობის მომატებას ველით დღის ბოლოს. დარღვევის ცალსახა ფაქტები ვნახეთ მარნეულში, სადაც საარჩევნო უბანზე ბღუჯა ბიულეტენები ჩაყარეს ყუთში. მოგეხსენებათ, ამ რეგიონში ელექტრონული მეთოდით არ მიმდინარეობდა ხმის მიცემა… დაფიქსირდა ბიულეტენების გაფუჭების ფაქტები სატესტო გაფერადებისას და ერთ ამომრჩეველზე ორ-ორი ახალი ბიულეტენის გაცემა. სამწუხაროდ, მოსყიდვა-დაშინებისა და უბნის პერიმეტრზე ამომრჩევლის დაბლოკვის, შეურაცხყოფისა და თავდასხმის ფაქტებიც დაფიქსირდა. მიუხედავდ ამ ყველაფრისა, ჩვენ მოსახლეობის დიდი აქტივობის იმედი მაინც გვაქვს და თუ ოპოზიციური ამომრჩეველი იქნება დღის ბოლომდე ასეთი აქტიური, ჩვენ შევძლებთ გადავარჩინოთ ეს არჩევნები და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა გარუსებას. ეს არჩვენები ჩემთვის არის რეფერენდუმი _ ან ევროპა ან რუსეთი. ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა არჩევანის გაკეება. თუ დააკვირდით, „ოცნების“ კამპანიას დაპირებებიც კი არ ჰქონდათ წინასაარჩევნოდ. ისინი ორი ტიპის დაშინებაზე მუშაობდნენ რეალურად: ერთი „ნაციონალების“ შიში, რომ მობრუნდებიან და აპელირებდნენ 9-წლიანი რეჟიმის მსხვერპლ ამომრჩეველზე და მეორე, თუ ბიძინა ივანიშვილი დაკარგავს ხელისუფლებას, დაიწყება ომი რუსეთთან, რაც აბსოლუტური აბსურდია.
წლევანდელ არჩევნებზე 3-ჯერ მეტი ემიგრანტია დარეგისტრირებული საარჩევნო უბნებზე, ვიდრე წინა წლებში, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნეს და არასაკმარისი უბნები გახსნეს, მაგალითად, საფრანგეთში მხოლოდ ერთი უბანია ხმის მისაცემად პარიზში გახსნილი, ქართული ემიგრაცია არნახული აქტივობით გამოირჩევა. ემიგრაციის თითქმის ყველა ამომრჩეველი არის ოპოზიციური ხმები და ამიტომაც განსაკუთრებული გულისყურით ველოდებით შედეგებს საქართველოს გარედან.
მე ვარ „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩეველი, ჩემი პროგნოზია, მინდა, ყოველ შემთხვევაში, რომ გავიმარჯვოთ დღესვე! და არ გაგრძელდეს ბრძოლა მოგებისთვის. მივხვდი, რომ ეს გუნდი ის აღარ იყო, რომელიც 2012 წელს ავირჩიე და ხმა მივეცი. მათი საგარეო კურსის არჩევანი გახდა ჩემთვის ბოლო წვეთი, რომ გადავსულიყავი ოპოზიციაში. მივიღეთ ტიპური ავტოკრატიული მმართველობა _ რუსული დიქტატურა, რომელიც წლიდან წლამდე უარესდება, არაფერს გიკეთებს და ცდილობს, ყველაფერი წაგართვას! აი, ამ წართმევის უფლებას აღარ მივცემთ!
საბა ბუაძე _ თბილისის საკრებულოს წევრი:
17:00
_ ჩვენ დილიდანვე ვნახეთ ძალიან საინტერესო პროცესი _ ადამიანები მობილიზებულები იყვნენ უბნების გახსნისთანავე, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი საქართველო მომართულია ცვლილებებისთვის. ყველას აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია ამ ისტორიული მნიშვნელობის არჩევნებში. ჩვენ ველოდებით, რომ აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება. ძალინ ბევრია საქართველოშიც და ემიგრაციაშიც იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი რუსული რეჟიმისგან და რუსული სპეცოპერაციისგან, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ეს ძალისხმევა აუცილებლად დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. დღეს უნდა გააკეოს თითოეულმა მოქალაქემ სწორი არჩევანი, რათა უფრო ღრმად არ ჩავეფლოთ იმ ჭაობში, რომელიც ივანიშვილმა შეგვიქმნა.
არის გაურკვეველი ელემენტების მობილიზება საარჩევნო უბნების გარეთ, რათა დათრგუნონ საზეიმო განწყობა, რომლითაც ხალხი მიდის არჩევნებზე. შესაბამისად, უკვე კარგად გამოჩნდა. რისი იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“. მათი პანიკური მდგომარეობაც კარგად ჩანს, რადგან ის, ვინც ელოდება გამარჯვებას, არ ცდილობს უბნებზე კრიმინალური გაურკვეველი ელემენტების მობილიზებას. შესაბამისად, მათი მხრიდან ასეთი მცდელობები იქნება ფუჭი, ვინაიდან არ არსებობს ძალა, რომელიც ქართველ ხალხს დააბრკოლებს ამ სინდისის სასიკეთოდ არჩევანის გაკეთებაში.
არჩევნების შედეგები ძალიან მალე გახდება ცნობილი, ამიტომ დაველოდოთ დღის ბოლოს. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა დაინახავს იმ ტყუილების კასკადს, რასაც კობახიძე მათ წლების განმავლობაში უამბობდა. საზოგადოება მომართულია ცვლილებებისთვის _ ეს ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც ხალხი რეგიონებისკენ დაიძრა ხმის მისაცემად. ძალიან ამაღელვებელ და საინტერესო პროცესს ვუყურებთ და შედეგი, რომელიც დადგება, იქნება სრულიად საპირისპირო იმისგან, რის დახატვასაც ცდილობს ირაკლი კობახიძე საზოგადოებისთვის.
ანა ნაცვლიშვილი _ პარლამენტის წევრი:
18:00
_ მიხარია, რომ მოქალაქეთა აქტივობა არის ძალიან მაღალი. როგორც საქართველოს უახლესი ისტორია გვაჩვენებს, ეს არის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი იმისა, რომ ხელისუფლება იცვლება. თავად დავდიოდი არაერთ ქალაქსა თუ სოფელში, ყველგან ვხედავდი საზოგადოების განწყობას _ მათ არ სურთ ხელისუფლებაში „ოცნება“. მოსახლეობის აქტივობა არის ძალიან ლოგიკური, მათ შორის, ემიგრაციაშიც. დარღვევები ფიქსირდებოდა დილიდან: ფართოდ გავრცელებული იყო ორი ბიულეტენის მიცემა ერთი ამომრჩევლისთვის, რც კარუსელის ეჭვებსა და რისკებს აჩენს. როგორც კი დაინახეს დილის სურათით, რომ „ოცნება“ მძიმედ გამოიყურებოდა, დაიწყეს ძალადობრივი რესურსის ჩართვა პროცესში. ჩავატარე ბრიფინგი და მოვუწოდე შს მინისტრს რეაგირებისკენ, რადგან ჩვენ ვხედავთ თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, უბნების მიმდებარედ, „ოცნების“ ზონდერების მხრიდან დაშინების ძალადობრივ ფაქტებს _ მათ სურთ საარჩევნო პროცესი გადავიდეს ძალადობრივ ველზე. ეს არის თავდახმა საარჩევნო პროცესზე და მისი ძირის გამოთხრა! როდესაც პოლიცია დანაშაულებრივად ახორციელებს უმოქმედობას, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ვახტანგ გომელაურს, როგორც სისტემის ხელმძღვანელს! მნიშვნელოვანია გამოვიდეს ცესკოს თავმჯდომარე და მოითხოვოს შესაბამისი რეაგირება.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შტაბი ყველა დარღვევას აღრიცხვავს _ ვწერთ საჩივრებს, აუცილებლად მოვახდენთ სამართლებრივ რეაგირებას.
ჩემი პროგნოზით, დღეს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ის დაასრულებს რუს ოლიგარქს! ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორ მისცა ხმა უბანზე თავად ივანიშვილმა, როდესაც მთელი ქუჩა გადააკეტინა თავის დაცვას და უბანი ჩააკეტინა მოქალაქეებისთვის, ანუ დაარღვია კანონი და ვერ გაიხსენებს ვერავინ ვერავის თანამედროვე მსოფლიოს დემოკრატ ლიდერს, ვერც ევროპაში და ვერც ევროპის მიღმა, ვინც ასე იქცევა ყველაზე სახალხო პროცესზე! ივანიშვილი მონაწილეობს, როგორც ანტიხალხი. ეს არის ის სურათი, რომელიც თითონვე შექმნა, ანუ დღეს მან დაასტურა, რომ არაფერი საერთო არ აქვს ივანიშვილს ხალხთან, არც სურვილი არ აქვს, რომ საერთო ჰქონდეს… ასეთი ლიდერის, თუ მას შეიძლება ეწოდოს ლიდერი, პირობებში, ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება არათუ ევროკავშირის წევრი, არამედ ცივილიზებული დემოკრატიული სახელმწიფოების რიგშიც კი ვერ ჩადგება!
ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაავლო მკაფიო ზღვარი საკუთარ თავსა და ქართველ ხალხს შორის. ამიტომაც ქართველი ხალხი ბიულეტენის მეშვეობით გაავლებს ხაზს თავისსა და ივანიშვილს შორის და მას სამუდამოდ დატოვებს წარსულში.