ავთო ვარსიმაშვილი: „წინ რთული პროცესები გველოდება“
კოვიდ 19-მა XXI საუკუნის ცხოვრება შეცვალა: გაჩერდა მსოფლიო, საჰაერო სივრცე, ყველა სავაჭრო ობიექტი; დაიხურა სკოლები, ბაღები; ზიანი მიადგა ეკონომიკას; გაუქმდა ყველა მნიშვნელოვანი მსოფლიო დონის ღინისძიება, სპორტული თამაშები, კონცერტები, კინოფესტივალები, შეწყდა პოპულარული სერიალებისა თუ ფილმების გადაღებები, გაუქმდა სპექტაკლები და დაიხურა თეატრის კარიც. სცენა კი მსახიობების ნაცვლად ექიმებმა დაიკავეს, აპლოდისმენტებიც მათ ერგოთ წილად. მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა კულტურას.
როგორ გაგრძელდება თეატრალური ცხოვრება? რას აკეთებდა თვითიზოლაციაში მყოფი რეჟისორი და რა ენატრებოდა ყველაზე მეტად მას? ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ავთო ვარსიმაშვილი ესაუბრება:
_ ბატონო ავთო, პირველ რიგში, როგორ ბრძანდებით?
_ ისე ვარ, როგორც ჩვენი პლანეტის ყველა მოქალაქე. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე მქონდა და სახლში ვმუშაობდი. ზოგჯერ დრო ისე სწრაფად გადიოდა, რომ ვხუმრობდი, არ მყოფნის კარანტინის პერიოდი-მეთქი. კარანტინი აღარ არის, მაგრამ წინ გველის საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზები.
_ რას გულისხმობთ?
_ ახალ რეალობაში ცხოვრებას. კიდევ უფრო რთული იქნება პოსტპანდემიური პერიოდი ყველა თეატრისთვის.
_ ბევრი ადამიანისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნა, თქვენთვის?
_ სიმართლე გითხრათ, არ გამჭირვებია. არასდროს მესმოდა, თუ რა არის მოწყენა. როცა არსებობს წიგნი, საწერი კალამი, რვეული და ახლა, მით უმეტეს, კომპიუტერი, არ მესმის, როგორ შეიძლება მოიწყინოს ადამიანმა? ეს პერიოდი ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენე. ბევრს ვმუშაობდი. კერძოდ, დავწერე წიგნი და სხვა უამრავ ახალ პროექტს ვახორციელებ.
_ წიგნზე მოგვიყევით. რის შესახებაა და რა სახელწოდების იქნება?
_ წიგნს ერქმევა „კომედიანტის ნაჯღაპნი“. ეს არის ჩემზე და იმ საინტერესო ადამიანებზე, ვისაც კი ცხოვრების მანძილზე შევხვედრივარ. აღწერილია ყველა ის ფაქტი და მოვლენა, რაც მინახავს და განმიცდია. ავტობიოგრაფიული წიგნია, სადაც ასევე იქნება გამოგონილი ნოველები და სხვადასხვა ისტორია. ვისაც გაინტერესებთ ქართული თეატრის ბოლო 30 წლის პერიოდი, ამ წიგნში ნახავთ.
_ რა ეტაპზე ხართ და როდის იხილავს წიგნი დღის სინათლეს?
_ ამჟამად ბატონი ნოდარ გურაბანიძე აკეთებს რედაქტირებას და ძალიან მალე იხილავს მზის სინათლესაც.
_ მართლაც სასიამოვნო სიახლე გქონიათ და კარგია, როდესაც თვითიზოლაციის პერიოდი ასე მსუყედ გამოიყენეთ. ისევ პანდემიას რომ დავუბრუნდეთ, რა გასწავლათ ამ მოვლენებმა, რაზე დაგაფიქრათ?
_ ვერ გეტყვით, რომ რამე ახალზე დამაფიქრა. ხშირად უთქვამთ, პანდემიის დროს ბევრი რაღაცის გადაფასება მომიწიაო. ვფიქრობ, ადამიანები თუ პანდემიამდეც არ კითხულობდნენ ან არ წერდნენ, არც ახლა დაწერდნენ. რაც შეეხება გადაფასებას, არანაირი გადაფასება არ დამჭირვებია, რადგან ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო. მხოლოდ გამიძლიერდა შეგრძნებები, თუ რა უსუსურია ადამიანი ბუნების წინაშე და როგორ არაფერია შენი ცხოვრება. ეს აზრი დიდი ხანია, გაცნობიერებული მქონდა, მაგრამ ახლა გამიმძაფრდა. მეტი დრო უნდა დავუთმოთ ერთმანეთს და მოვეფეროთ.
_ პანდემიამ შეცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი, ჩვენი ყოველდღიურობა. ბევრი მსახიობი საუბრობს იმაზე, თუ როგორი დიდი ზიანი მიადგა, ზოგადად, კულტურას და არა მარტო. თქვენი აზრით, როგორ გაგრძელდება თეატრალური ცხოვრება?
_ ძალიან რთულად. არ არის მარტივი დღეს მაყურებელი მოიყვანო თეატრში. თუ ადრე ამ ყველაფერს კარგად ვუმკლავდებოდით, დღეს გარკვეული პერიოდი მაყურებელი მოერიდება თეატრში მოსვლას. ფსიქოლოგიური მომენტია, ამ ყველაფერს დაემატება სოციალური ფაქტორი, რადგან ხალხს ძალიან გაუჭირდა. ვფიქრობ, თეატრებსაც მოუწევთ გადახედონ როგორც ფინანსურ პოლიტიკას, ასევე _ რეპერტუარსაც.
_ დიდი ცვლილებები იქნება?
_ ცვლილებები თავისთავად მოხდება. ვფიქრობ, ბილეთებზე ფასები დაიწევა და სარეპერტუარო პოლიტიკაში აუცილებლად გაჩნდება პოზიტიური სპექტაკლები. თეატრები მოერიდებიან დეპრესიული, ფსიქოლოგიური, დამთრგუნველი სპექტაკლების ჩვენებას. საკმაოდ რთული პროცესები გველოდება წინ. ვფიქრობ, სექტემბრიდან მიიღებენ თეატრები მაყურებლებს.
_ თქვენ როდის აპირებთ სეზონის გახსნას?
_ 6 ივლისიდან დავიწყებ რეპეტიციებს. ვმუშაობ რამდენიმე ახალ პროექტზე, რადგან თეატრის სეზონს პრემიერებით გავხსნი.
_ წინასწარ იცით, რომელი სპექტაკლით აპირებთ თეატრის სეზონის გახსნას?
_ რამდენიმე პროექტი მექნება, ოღონდ წინასწარ არ დავიწყებ მათ დასახელებას. ველოდები იმ რეგულაციებს, რასაც სახელმწიფო და კულტურის სამინისტრო შემოგვთავაზებს. სწორედ ეს რეგულაციები განსაზღვრავს ჩვენს რეპერტუარს.
_ დამეთანხმებით, რომ გამკაცრებული რეგულაციები კიდევ უფრო გაართულებს და დიდ პრობლემებს შეუქმნის თეატრს. რამდენად გაგიჭირდებათ ამ პირობებში მუშაობა?
_ ამიტომ ვთქვი, რომ ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ რას ითვალისწინებს ეს რეგულაციები და იმას უნდა მოვერგოთ, რაც დაწესდება. ამ ეტაპზე არ არის არაფერი ჩამოყალიბებული, შესაბამისად, შეზღუდვების მიხედვით გავითვალისწინებთ ყველაფერს.
_ რაც შეეხება ძველ რეპერტუარს, გააუქმებთ მას?
_ ესეც რეგულაციებზეა დამოკიდებული და ამის მიხედვით გვეცოდინება, ვითამაშებთ თუ არა ძველი რეპერტუარიდან ან _ რა ფორმით. ბევრი სპექტაკლი შესაძლოა, გადაკეთდეს, ბევრიც _ იქამდე გაჩერდეს, სანამ ეს ყველაფერი დალაგდება და მწყობრში ჩადგება.
_ ამ პერიოდის განმავლობაში რა აღმოჩენები გააკეთეთ საკუთარ თავში?
_ არ ვიქნები გულწრფელი, რომ რაღაცის მოგონებები დავიწყო. იყო დრო, როცა რაღაცები გენატრებოდა.
_ რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად?
_ ადამიანებთან ურთიერთობა. რატომ არის თეატრი ყველაზე ცუდ მდგომარეობაში? იმიტომ, რომ მას უშუალო მაყურებელი სჭირდება. ეს არ არის კინო, რომელსაც ინტერნეტში დადებ და ნახავ. მსოფლიო პრაქტიკამ და ისტორიამ დაამტკიცა, რომ მაყურებლის გარეშე თეატრი არ არსებობს. როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა, მაყურებლის გარეშე სპექტაკლის განხილვა იგივეა, როგორც სექსი ტელეფონით. მონატრება არის სწორედ ეს ურთიერთობა, _ მაყურებლის, ჩემი კოლეგებისა და, ზოგადად, ადამიანების.
_ დაბოლოს, როგორია თქვენი მოლოდინი?
_ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ასე ვუყურებ მომავალს. გაასმაგებულად გვიყვარდეს ერთმანეთი, მეტად მოვეფეროთ ადამიანებს და უფრო პოზიტიური გავხადოთ ჩვენი ცხოვრება. ვფიქრობ, ასეც იქნება.
გიორგი საკარული